10.02.12

როგორ გრძნობთ თავს საკუთარ "ტყავში"?

ისტორია I: Facebook-ზე ვიღაცამ უღმერთოდ ლამაზი (ნუ განმიკითხავთ, ვგიჟდები ამ ფრაზაზე) მამრობითი სქესის მოდელის ფოტო დადო, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთებით, ზომაზე ნავარჯიშები, საკმაოდ გამხდარიც იყო, მახსოვს.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა კომენტარი დატოვა, ეს რა მოსაწონია, გრძელი თმებიღა აკლია და ქალი იქნებაო.

ისტორია II: მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით და მიუხედავად იმისა, რომ თავს ლოიალურად მოიაზრებს და დარწმუნებული ვარ, რაღაც ეტაპამდე არის კიდეც, მაინც თქვა, რომ გეი მამაკაცი მისთვის "ნაკლებად" მამაკაცია.

ისტორია III: უფრო სწორად, საკმაოდ კარგი ფილმი ტრანსსექსუალიზმის თემასთან დაკავშირებით- Transamerica.

ჰოდა, თავს ვეკითხები მთელი კვირაა: სად იწყება და სად სრულდება ჩვენს შეგნებაში ნამდვილი ქალი/კაცი?

მთელი განსხვავება გრძელსა და მოკლე თმას შორისაა?- გრძელ თმასაც ვატარებდი და მოკლეც მაქვს მორგებული აგერ უკვე 1 წელია და ჩემი თავის, როგორც ქალის აღქმაში არანაირი ცვლილება არ შემიმჩნევია, სულ რომ თავი დავანებოთ ძალიან ბევრ, აღიარებულ მოკლე თმიან ქალსა და გრძელ თმიან კაცს მედიაში. (საერთოდ, ამ მთელ ისტერიაზე თმასთან დაკავშირებით, რელიგიური იქნება ეს, თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული, აუცილებლად დავპოსტავ ახლო მომავალში).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რელიგიურ ასპექტს უნდა გადავწვდე, რამეთუ კომენტარის ავტორი დღეში რამდენჯერმე თუ არა, ერთხელ მაინც ლოცულობს ხატზე, რომელზეც გრძელთმიანი მამაკაცია აღბეჭდილი. I mean, come on!

ან ნამდვილი ქალი მხოლოდ ისეთი ქალია, რომელსაც ერთი ან მეტი ადამიანი დედას ეძახის? ანუ, თუკი არ გეყოლება შვილი, სურვილის მიუხედავად, ან ზუსტად სურვილის არ ქონის გამო, ნაკლებად ქალი ხარ?

ან თუკი "ტრადიციულ" ვაგინალურ სექსს არ აქვს ადგილი, რაა მამული?! (გამოტყდით, რომელმა გადამდეთ ეს ფრაზა, გალაკტიონი რომ გადავდოთ გვერდზე :D)

სად ვიწყებთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების რომელიმე სქესს მიკუთვნებას? ყველაზე "უსაფრთხო" იქნება, თუკი ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი ნორმები, როგორიცაა თმის სიგრძე, კაბის/შარვლის ტარება და მისთანანი გვერდზე რომ გადავდოთ, ბოლოს და ბოლოს სასქესო ორგანოების და ზოგადად, ანატომიის მიხედვით?

აი, მაგალითად მე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ უფრო დიდ მკერდს, გრძელ ფეხებს, პატარა ცხვირს მივსალმებოდი (ვიცი, ვიცი, რომ არ უნდა ვწერდე ფემინისტი ქალი ამ წინადადებას, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი ერთბაშად არ მოდის :D ), თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ქალის "ტყავში", ჩემი მოკლე თმითაც კი და იმის ცოდნის გარეშე, ოდესმე საშვილოსნოს რეპროდუქციისთვის გამოვიყენებ, თუ არა (It's my uterus, I get to decide, period!).

მაგრამ რა ხდება, თუკი ადამიანი საკუთარ ბიოლოგიურ და აღქმულ სქესს ერთმანეთს ვერ უკავშირებს? "უსაფრთხოდ" მივაკუთვნებთ ყველა სასქესო ორგანოს განკუთვნილ სქესს და სირაქლემასაც კი შეშურდებოდა ჩვენი?


ვიცი, რომ არც ისე პოპულარულ თემაზე ვწერ.
ვიცი, ბევრი მომაწებებს პოპულისტის იარლიყს.
ვიცი,ბევრი მეტყვის, ფაქტის წინაშე რომ დადგები, სხვანაირად ისაუბრებო. (O0)
ბევრი შინაგანად აბობოქრდება და უკომენტაროდ, მაგრამ დემონსტრაციულად დატოვებს ბლოგს (ამაზე სულ "you're really gonna fight me over the internet? What's the worst you can do, caps-lock my ass?" მახსენდება), იმიტომ რომ კონსტრუქციული მსჯელობის კულტურა "ვაი, შენს პატრონს"-ს ვერ გასცდა, სამწუხაროდ.
არადა, ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე....

ადამიანი, ზოგადად, საკმაოდ მაგარი "გამოგონებაა" (ეს ფრაზაც მაპატიეთ, ბარემ). ბევრ სხვა სიკეთესთან და სასწალულთან ერთად, ბევრ ჰორმონთან და მათ ჩემთვის საკმაოდ რთულად ასახსნელ მოქმედებასთან ერთად, we (all) do that thing called "Thinking" და მეც ვფიქრობ, რომ ჩემთვის ქალი/კაცი იქ იწყება და მთავრდება, სადაც იგი აღიქვამს თავს ქალად/კაცად, ან ეს სქესთა პოლარიზაცია რომ გვერდით გადავდოთ, "სადაც დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ" იქ გხედავთ, ხოლო, რამდენად კარგი, თუ "ნაკლებად" კარგი პიროვნება ხართ, ეს საერთოდ სხვა თემაა და სქესთან არანაირ კავშირში არ არის, მე თუ მკითხავთ.

Love,
Chaotic

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates