სიტყვა, მათთვის, ვინც კითხულობს ბიბლიას.
ბაქტერია, მათთვის, ვინც მეცნიერებას მიაგებს უმეტეს პატივს.
მაგრამ, როდესაც საქმე ადამიანებზე მიდგება, ორივე მხარე ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ "დასაბამითგან იყო კაცი", მიუხედავად უახლესი მეცნიერული აღმოჩენისა, რომ ყველაფერი დაიწყეს X ქრომოსომებმა.
ამ დროს მოვიდა დორის ლესინგი და იკითხა: რატომ?!
რატომ არ შეიძლება დავწერო რომანი სულ პირველ ადამიანებზე, რომლებიც იწვნენ ზღვის ნაპირას, შიგადაშიგ ლაღად ცურავდნენ წყალში, სავსე მთვარისგან და ტალღებისგან ფეხმძიმდებოდნენ და ულამაზეს გოგონებს აჩენდნენ?!
და ყველაფერი ისე მშვიდი და იდეალური იყო მანამ, სანამ არ გაჩნდნენ უცნაური "ურჩხულები", რომლებიც შეშინებულებმა არწივებს მიუგდეს საძიძგნად...
ყველაფერი სრულყოფილად მშვენიერი იყო, მანამ სანამ, ეს "ურჩხულები" არ გაიზარდნენ და გამრავლების ერთადერთი გზა მათთან "თამაში" გახდა....
მთელი იდეის დაწვრილებით გადმოცემა დორის ლესინგს მივანდოთ. მე კი ვიტყვი, რომ ნაწილობრივ იმედი გამიცრუა წერის სტილმა. ძალიან მშრალი და უემოციო იყო ადგილ-ადგილ. ნაწილობრივ გავღიზიანდი: თავიდან იმით, რომ ქალმა, რომელიც ფემინიზმის იდეებს ქადაგებდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ქალებს "არ მისცა უფლება" ეფიქრათ... ისინი მხოლოდ სადღაც, სანაპიროზე იწვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. არ ფიქრობდნენ არაფერზე, არ ინტერესდებოდნენ არაფრით. შემდეგ დაიბადა პირველი კაცი და ჰოპლა, პირველივე თაობამ ზედმიწევნით გამოიკვლია თავიანთი სანაპიროს შემოგარენი, ისწავლა ქოხების აგება, ნადირობა...
იქნებ, ეს იყო მორიგი მცდელობა ქალის მსხვერპლად გამოჩენისა? ასეთ შემთხვევაში ეს მცდელობა ფრიად დაუჯერებლად იყო დახატული...
შეიძლება ეს იყო უკვე მხცოვან ასაკს მიღწეული დაღლილი ქალის მიერ ფარ-ხმლის დაყრა და ბედთან შეგუება, რომ მის ფანტაზიაშიც კი, მთელი იმ ბრძოლების შემდეგ, რაც მას გადახდა, ის არაა იმდენად თავისუფალი კლიშეებისგან, რომ დაწეროს რომანი, სადაც ქალს არ ჩაგრავენ (რაც ფრიად დამაჯერებელი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ბევრ კულტურაში მატრიარქატი სუფევდა.)
იქნებ, ეს იყო მცდელობა, გაეგო სად იღებს სათავეს ყველა ის კლიშე ქალსა და კაცზე, ან დარწმუნებულიყო იმაში, რომ არაფერი შეცვლილა: თაობიდან თაობამდე იარსებებენ წუწუნა ქალები, თავგადასავლებს მოყვარული კაცები, ქალების საყვედურებით თავმობეზრებული კაცები, ქალები, რომლებიც პატარა ბავშვივით უნდა ჩაიხუტო და კაცები, რომლებსაც პატარა ბავშვივით უნდა აპატიო თავზეხელაღებული საქციელი...
მოდით, მე ვიტყვი, რომ ეს იყო მისი მორიგი "გათვლილი" ნაბიჯი, მოენახა "აქილევსის ქუსლი" ქალებში და ეთქვა: "არ მოგწონთ ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო? არ მოგწონთ ის, რაც ახლა ხდება, თუნდაც თქვენს თავს? მაშინ შეცვალეთ ხედვა, იბრძოლეთ იმისთვის, რაც თქვენია, იმიტომ რომ სხვა არ გააკეთებს ამას თქვენს ნაცვლად და არც იქნება ვალდებული"...
თქვენ რას იტყვით?! :)