25.02.17

ერთკვირიანი დღიურის მეოთხე და მეხუთე დღეები

ამ ბლოგზე წერა რომ დავიწყე, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი.
პრინციპში, ყველაზე აქტიურად გამოცდების წინ ვწერდი და არც უარვყოფდი პროკრასტინაციას.
მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. 3 წელზე მეტია ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ახლა ვდგავარ არჩევანის წინაშე, ჰორიზონტალურად განვაგრძო განვითარება, ანუ  სპეციალობაში გავიღრმავო ცოდნა, თუ ვერტიკალურზე გადავინაცვლო, რაც საერთოდ სხვა როლში ყოფნას ნიშნავს....
ორივეში ვხედავ საინტერესო გამოწვევას:
სენიორ დეველოპერობაც მაინტერესებს და ამ შემთხვევაში კარიერულ კიბეზე არც თუ იმდენი საფეხურის არსებობასაც ვაცნობიერებ.
ამავე  დროს, უფრო სხვა კუთხით განვითარება, სადაც გაცილებით მეტი შანსია "სულ ზევით, ზევით" იარო, ძალიან მხიბლავს.
თან ძალიან მეშინია, რომ ეს "new shiny thing" ბოლოს მარტო ცხრილების და პროექტის ბიუჯეტის ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა არ აღმოჩნდეს.

როგორ იღებენ ადამიანები ასეთ დროს გადაწყვეტილებას? როცა მომავალში ფაქტიურად ბრმად აბიჯებ...
სასაცილოა, რომ ბოლო წინადადების წერისას ისევ ჩემი თავი გამახსენდა მაგალითად: როგორ დავკარი ფეხი და 19 წლის ასაკში წამოვედი ბრმად სხვა ქვეყანაში.

იმიტომ, რომ შინაგანი კომფორტის შეგრძნება მქონდა ამ ნაბიჯის გადადგმისას. კი, ვნერვიულობდი ცოტას, მაგრამ სადღაც შიგნით ვიცოდი, რომ საკუთარი თავისთვის კარგ გადაწყვეტილებას ვიღებდი.:)

იგივე მიზეზით ვთქვი დღეს ბინის შემოთავაზებაზე უარი, თან იმ დროს, როცა ეს პირველი გამქირავებელი იყო, რომელმაც საერთოდ დამიბარა ბინის დასათვალიერებლად და არ ვიცი, შემდეგი შანსი რამდენ თვეში გამოჩნდება.... მაგრამ ბინაში რომ შევდგი ფეხი, ვიცოდი, რომ ეს არ იყო "ჩემი სახლი". არ იყო ადგილი, სადაც ცხოვრებით საკუთარ თავს კარგ რამეს გავუკეთებდი....

სამწუხაროა, რომ ყველგან ასე მარტივად არაა საქმე და ადამიანებს მარტო იმით ვერ მოანდომებ თავს, რომ შენი სადღაც გულის სიღრმეში მჯდომი პატარა მე გიჩურჩულებს შეტოპო ბრმად, იმიტომ რომ ის, რაც ბოლოს გამოვა, ორივესთვის კარგი რამეა.... :)


23.02.17

ერთკვირიანი დღიურის მესამე დღე

ქეთის ვიცნობ წლებია.
ბლოგიდან, facebook-იდან, ტვიტერიდან...
ერთხელ თითქმის შევხვდით, მაგრამ მე ვერ მოვახერხე.
... და აი, დღეს რომ ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეა ამ ადამიანს ვიცნობ.
რა საოცარია, არა?! ვირტუალურად ვიცით, ვინ სად მუშაობდა, ვის რა უჭირდა, ვის ვინ უყვარდა (დღემდე სიტყვებზე "ჩემი შეყვარებული" ქეთის პოსტების ეგ სერია მახსენდება და კიდევ, თუ არ ვცდები, კოშკას ლექსი, რომელიც უფრო მუქად გრძელდებოდა...), ვინ რამდენს მიაღწია და ამისთვის რამდენი იშრომა. გვიხარია ერთმანეთის წარმატება... არადა, ჩვეულებრივი ბლოგერები ვიყავით ყველანი. ოღონდ ისეთ დროს, როცა ბლოგერობა ახალი ხილი იყო... იმ ბლოგერებს დღემდე ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებში, დღემდე მაინტერესებს მათი ყოველდღიურობა. თითქმის ისევე, როგორც ჩემი სხვა მეგობრების.

და ახლა, ამ ადამიანს საკუთარი ხმაც აქვს (მე ცოტა უფრო ბოხ ხმიანი წარმომედგინა :D) და საკუთარი მიმიკა, საკუთარი ხასიათის შტრიხები, რომლებსაც მხოლოდ საუბრისას ამჩნევ.

:)

საოცარი რამაა ინტერნეტი, ჭეშმარიტად.

21.02.17

ერთკვირიანი დღიურის მეორე დღე

აი, თავი როგორ მტკივა, იცი?!
ეს ეკრანიც კი ძალიან კაშკაშაა.
თვალებს უკან პატარა ჯუჯები სხედან და ნემსებს მირჭობენ ტვინში.

და კიდევ, მთელი დღე თავს ვგრძნობ, როგორც მითიური ევა (ათეიზმის ამბავში. ვისაც გჯერათ, გაგატარებთ :)). რა ტირანი უნდა იყო ღმერთი, რომ წინ დაუდგა ადამიანს ხე, რომელსაც ყოველდღე უნდა უყუროს და თან აუკრძალო ამ ხის ნაყოფის ჭამა.... ოღონდ ჩემს შემთხვევაში ის plot twist ემატება, რომ დასაწყისში ტირან ღმერთს დაავიწყდა მაგ აკრძალვის ზემოდან გადმოძახება და ადამი და ევა და მთელი ინცესტ-ნათესაობა ჭამდა რაღაც პერიოდი მაგ ვაშლს...

ხოდა, ძალიან ტირანია ღმერთი :D  კიდევ კარგი, არ არსებობს.

არადა, წარმოიდგინეთ ახლა ადამი და ევა. ჩაივლიან, ჩამოივლიან ამ ბაღში და სულ ხედავენ ამ ხეს... სულ.... მუდამ... და სულ ახსოვთ, რომ არ შეიძლება! 

და თუ ტირანი არაა, მაშინ ნამდვილად სულელია ღმერთი. სხვა შემთხვევაში ხომ იტყოდა, მომცლია ერთიო და თქვენ კიდევ მოგ*** პატრონიო...  სიმართლე და თუ არ მოგწონთ, - აი, კარიო და ოდნავ ადამიანურობა რომ შევმატოთ, დაამატებდა: უკეთესი სამყარო თქვენ შექმენით, ძმაოო. წამოჯდებოდა მერე და გააბოლებდა....

მაგრამ მაშინ მთელი ძველი აღთქმა 2 გვერდი იქნებოდა...

თუმცა, ჩემგან განსხვავებით, ევას იმაში მაინც გაუმართლა, რომ მის ადამს საკუთარი აზრი არ გააჩნდა და არ გაუჩნდა სურვილი, ეთქვა: "ტეხავს ღმერთთან და მე კი ძალიან მიყვარხარ და ამბავი, მაგრამ ... მაინც ტეხავსო"....

ან ვინ იცის, შეიძლება ადამმა უთხრა ევას: "ვჭამოთ, ერთი, ფეხებიც არ მოგვჭამოსო" და მერე შეეშინდა და პასუხისმგებლობას გაექცა და მოიგონა ამბავი იმისა, თუ როგორ ბოროტად მოახდინა ევამ მასზე ზეგავლენა....

გინდა გენეზისი დაგიწერია და გინდა, ყველა ჩვენგანის  ყოველდღიური ცხოვრება... ბოლოს ყველა მოვკვდებით.




ერთკვირიანი დღიურის პირველი დღე

რამდენი ხანია, ცარიელი პოსტის ფანჯარას არ შემოუხედავს მოლოდინის თვალებით. ჟანგიანი კარის გაღებასავით მიდის. :)
მაგრამ მაინც ვეცდები:
მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს დავწერე, ბევრმა წყალმა და შიგადაშიგ წყალდიდობამაც ჩაიარა და დღეს რომ იქ ვარ, სადაც ვარ, მეტწილად  იმ ამბების "ბრალია".

დღეს მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ჩვეულებრივი ორშაბათია და ვის რაში დააინტერესებს, თუნდაც ის, რომ წლების შემდეგ ძლივს მოვახერხე yoga-ზე მისვლა ისევ, რომ ამ წამს აბსოლუტურად გასავათებული ვარ და მიხარია, რომ საწოლი 2 ნაბიჯშია... 

ახლა მივხვდი, რომ მთელ დღეს ერთადერთი რამე გასდევს ლაიტმოტივად: კომფორტის ზონიდან გასვლა ხომ გადასარევია, ცხვირიც რომ წაიმტვრიო, მაგრამ არაფერია იმაზე დამღლელი, ვიდრე მუდმივად იმ ზონის გარეთ ყოფნა. მითუმეტეს, თუკი ამ ყველაფერს დღეში რვა  საათი უყურებ.... :D

იყო დრო, ამ ყველაფერზე ყოველ პოსტში ვირტუალურად ვიტირებდი... :D
მე ვარ ადამიანი გენიალური თვისებით, იგლოვოს ამბების დასრულება, რომლებიც სინამდვილეში არც არასდროს  დაწყებულა. მედალი მეკუთვნის.

მაგრამ, სამწუხაროდ, I never learn.....









03.04.16

უძღები ბლოგერის დაბრუნება მიზეზთა და მიზეზთა გამო :D

საუკუნის მერე რომ შემოხვალ ბლოგზე და წერის სურვილი გაგიჩნდება,  ესე იგი, რაღაც დიდი გაწერინებს.
რაღაც, რაზეც ჩემნაირი ექსტროვერტი 1700 ადამიანს მოუყვება, მაგრამ მაინც ვერ ამოწურავს.
წინა წლის შეჯამება არ დამიწერია, მგონი და ახლა უკვე რაღა დროსია, მაგრამ გადასარევი წელი იყო. აი, ისეთი, რომ გადახედავ და იცი, რომ ყოველთვის გემახსოვრება. დაბალანსებული იმდენად, რომ მარტო კარგი ამბები გახსოვს (ცუდიც იყო, მთლად ეგრეც არაა :)).
და უცებ მოვიდა 2016 და სახე მოიტ***ნა. არადა,  ჯერ მხოლოდ მეოთხე თვეა, რაც მოვიდა და რატომ აიწყვიტა ასე, არ ვიცი.

31 წლის რომ ხარ და რომ გგონია, რომ დალაგდი; ის ადამიანები შემოიტოვე შენს ირგვლივ, ვინც დადებითად გმუხტავს; შენი თავისთვისაც მოიცალე და ისეთი მიიღე, როგორიც არის და გადასარევად გრძნობ შენს კანში თავს და Baaam... რომ დაგეცემა თავზე მეხი....
თურმე არ უნდა გიკვირდეს.
თურმე საშინელებები მხოლოდ სხვის, შორეული ადამიანების ცხოვრებაში არ ხდება.
თურმე აქვე არის ჩასაფრებული და გადაივლის შენს თავზე....


მაგრამ, რომ გადაივლის (რაც ამ ასაკში უკვე ყოველთვის იცი), შენი უკეთესი "მე" უნდა გახდე.... ალბათ, ეს არის ცხოვრების გაკვეთილი... (ან კიდევ, ცხოვრებას სულ ჰკიდია შენი გაკვეთილები და უბრალოდ, რაღაცეებს გახლის თავში :D)

ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი მყავს, რომელიც ყოველთვის, როცა ვეტყვი ხოლმე: "ძალიან ცუდი ამბები მოხდა"-მეთქი, სულ მპასუხობს, რომ ცუდი კი არა, ძალიან კარგი ამბები მოხდა და ყოველთვის მანახებს იმ მხარეს, საითკენაც უნდა ვიყურო... საითაც უკეთესი, 10000-ჯერ უკეთესი ამბები გადამხდება თავს, ვიდრე ისინი, რომლებსაც მივტირი...

ხანდახან დავფიქრდები ხოლმე და ვეუბნები ჩემს თავს: კარგი ახლა, ქალმა ამხელა ომი გადაიტანე საკუთარ თავზე, აბსოლუტურად განადგურებულ საზოგადოებაში გაიზარდე. ხალხში, რომელმაც ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში ყველა დაკარგა და ამაზე როგორ იტკიებ გულს-მეთქი....
მაგრამ, თურმე, მაინც ყოველთვის ერთნაირად გტკივა....
ჩემნაირებსაც...  :)

ჰოდა, ამ ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანთან საუბრისას ვთქვი: 2016 არის ცუდად დაწყებების და კარგად დასრულებების წელი, ასე გადავწყვიტე მე-მეთქი და ასეა... იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე.




04.02.16

წელს წავიკითხე- 2015

  • John Edward Williams- Stoner - აქ შეიძლებოდა, თქვენი ცხოვრება ყოფილიყო აღწერილი. ყველას უნდა და ჩუმადაც სჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალიდან მისი ცხოვრება იქნება დიდი მიღწევების, გამარჯვებების, წარმატებების და ცნობილობის ერთი უწყვეტი ჯაჭვი. არადა, უმრავლესობა ჩვენგანის ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის. ძალიან უღიმღამოდაც. შეიძლება შენს მერე დატოვო რაღაც, მაგრამ ეს რაღაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება.

    რომანი ჩვეულებრივ ნარატივზე. ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაშიც დიდი ტრაგედია, ან დიდი გმირობით მიღწეული გამარჯვება, რომელსაც ასე ვართ მიჩვეულები და რომელსაც ვითხოვთ ლიტერატურული "გმირებისგან", ადგილს ვერ პოულობს... თუ, სწორედ ასეთი არაპომპეზურ ტრაგედიებსა და გამარჯვებებში არის ამ რომანის მნიშვნელობა? იშვიათად შემხვედრია წიგნი, რომელიც წესით, ძალიან დამღლელი და მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ რომელსაც თავს ვერ ანებებ, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავ.
  • T. C. Boyle - The Inner Circle -  რომანი ფიქტიურია, მაგრამ მისი გმირი, სულაც არა. ალფრედ კინზი გახლდათ ადამიანი, რომელმაც დააარსა სექსოლოგიის ინსტიტუტი ინდიანას უნივერსიტეტში. იგი იწერდა ადამიანების სექსუალური ცხოვრების დეტალების ამსახველ ინტერვიუებს და მათზე დაყრდნობით გამოსცა ნაშრომები ქალისა და მამაკაცის სექსუალური ქცევის შესახებ, რომელთაც ფაქტიურად რევოლუცია მოახდინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში .
    რომანიც იმ წლების ირგვლივ ტრიალებს, როდესაც კინზი და მისი "ვიწრო წრე" თანამშრომლებისა ინტერვიუებს აგროვებდა. მე ავტორის სხვა ნამუშევრებს არ ვიცნობ, თუმცა, წავიკითხე, რომ ეს მის ნაკლებად ძლიერ რომანად ითვლება. მზესუმზირასავით საკნატუნო წიგნი იყო, მსუბუქი რამის წაკითხვა თუ გინდათ. თუმცა, მე ნამდვილმა კინზიმ და მისმა ნაშრომებმა უფრო დამაინტერესა.
  • ფრანსუაზ საგანი - მფარველი ანგელოზი -  თებერვალში საქართველოში ყოფნისას ვიყიდე. თან თარგმანის ხარისხიც მაინტერესებდა. ჰოდა, ჯერ თარგმანი იყო "ღარიბი"- მოძველებული ფრაზებით, მწირი ლექსიკით და მერე მოთხრობამაც თავად დიდად ვერ გადამრია. სულ ეს არის საგანი?! ისეთი ქება და დიდება მესმოდა და რავი, ბრიჯეტ ჯონსის დღიურივით წავიდა. მათთვის, ვისაც კიდევ დაგრჩათ წაკითხვის ოდნავი სურვილი მაინც, რომანი არის ჰოლივუდში არც თუ ისე წარმატებულ, 40 წელს გადაცილებულ სცენარისტ ქალსა და მობიტნიკო, უცნაურ, მოშეშლილო ახალგაზრდა ტიპზე. დიდს არაფერს შეგმატებთ, თუმცა, აგერ ქეთი სხვა აზრისაა ამ მოთხრობაზე.
  • გენდერის წახნაგები -  კონფერენციის მასალები- ძალიან საინტერესო მოხსენებები პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებისგან გენდერის თემაზე. თუმცა, ამ ნაშრომებზე უფრო გრძელი პოსტის დაწერას ვაპირებ და ახლა აღარ დავწვრილმანდები. 
  • ჩაკ პალანიკი -  მებრძოლთა კლუბი - მათ, ვინც დიდი ხანია ჩემს ბლოგს კითხულობს, მოეხსენება, რომ ჩაკი ძალიან მიყვარს. ასევე მებრძოლთა კლუბიც და არაერთხელ მაქვს უკვე წაკითხული გერმანულ/ინგლისურ ენებზე. თარგმანი მაინტერესებდა ძალიან და სიმართლე გითხრათ, გამიცრუვდა მოლოდინი. თუმცა, მერე ვფიქრობდი, როგორ გინდა კარგად თარგმნო ჩაკი?! ძალიან რთულია. მე არასოდეს მითარგმნია რამე, მაგრამ ეს დიადი ქართული ლიტერატურული სტილისგან გათავისფლებასა და ბინძური ყოველდღიური ენის ათვისებას შორის გაჭედილი თანამედროვე თარგმანები მკლავს. მოკრძალებულად რომ თარგმნიან, მაგ.: dick= ასო..... :/ არ დამიწყოთ ახლა, სწორი თარგმანიაო :D 
  • Elisabeth Wurtzel - Prozac Nation  - ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებული თაობის ერთ-ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი გოგოს მემუარი. სიმართლე გითხრათ, მომბეზრდა მისი ნარცისიზმი უკვე. რამე სრულიად არაავტობიოგრაფიულს თუ დაწერს ოდესმე, წავიკითხავ. 
  • კენ კიზი- გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა-  ჯერ სათაურისთვის სახის აძრობა რა იყო? კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, ჯობს ახალი ქართული თარგმანები ცოტა ხანს არ წავიკითხო.... ან საერთოდ non-fiction-ს მივეძალო ცოტა ხნით, თორემ არაფერი მიდის გემრიელად ამ ბოლო დროს.
  • გიორგი კეკელიძე -  გურული დღიურები - საქართველოდან მოვდიოდი და ფრენისას წავიკითხე. ერთგან ცრემლი ვაფრქვიე, მახსოვს :D დანარჩენი არაფერი მახსოვს, სიმართლე გითხრათ.
ძალიან მწირი და არაფრის მომცემი კრიტიკა გამომივიდა წელს. თავიდან კარგად დავიწყე, ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ მოკლედ ვწერდი და დრაფტად ვინახავდი ამ პოსტს. თუმცა, 3 წიგნის შემდეგ ხელი თავზე ხელი ავიღე :D .... ეტყობა კიდეც. მაგრამ ტრადიციებს გაგრძელება უნდათ ხანდახან და ამ ბლოგსაც გამოცოცხლება.... ამიტომ გავკადნიერდები და დავდებ. მომავალ წელს ბევრად მომზადებული დავბრუნდები მსავსი პოსტით, პირობას ვდებ :D

19.07.15

როგორ არ უნდა იყიდოთ ბილეთი სადმე გასამგზავრებლად

ასე იყო ეს ამბავი:
ტობაგოში მივდიოდით სამნი. მე ვიზა მჭირდებოდა, იმათ- არა.
საელჩოში მეუბნებოდნენ, ბილეთები წინასწარ რომ აიღო, ვიზას უფრო იოლად მოგცემენო. ბილეთი მაშინ 850 ევრო ღირდა.
დაზღვევა მეუბნებოდა, ისეთი პროდუქტი არ გვაქვს, რომელიც ვიზის არ გაცემის შემთხვევაში ბილეთის ფასს დაგიბრუნებსო. მარტო ისეთ ფაქტებს ვფარავთ, როდესაც გამგზავრება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებაო.... ბიჭო, აბა, სუბიექტურად საკუთარ თავს ყველა ქვეყანაში მივცემდი ვიზას, რა პრობლემაა?! :D
გავაგზავნე აპლიკაცია უბილეთოდ და წამოვედი საქართველოში. ვიზის პასუხი იგვიანებდა. ამასობაში ბილეთის ფასი გახდა 1000 ევრო, ისიც ფრანკფურტიდან.
დავბრუნდი საქართველოდან და იმ დღეს მოვიდა ვიზაც... ოღონდ ძველ მისამართზე.... კიდევ კარგი, მანდ ისევ ქართველები ცხოვრობენ. :D
ამასობაში ბილეთის ფასმა აიწია 1100 ევრომდე. სამიდან ერთმა ვეღარ მოახერხა ბილეთის ყიდვა და გავემართეთ ჩვენ ორნი ბილეთების საყიდლად.
ტიპი იყო, აი, ძალიან დიდ ეჭვს რომ შეიტან მის პროფესიონალიზმში.
გამოითვალა და ფრანკფურტამდე მატარებლით მგზავრობა + ფრენა 1093 ევრო...
სხვა რა გზა გვაქვს, ვთანხმდებით.
შეჰყავს მონაცემები. მე მასტერკარდით მინდა გადახდა. 1,5% გეხევა სრული თანხისო....
ვახ, რა ვქნათ?!
მეორემ, მე გადავიხდიო....
გააგრძელა ამ ტიპმა საბუთების შევსება.
ამობეჭდა.
ჩემი ბილეთი კი არის ჩემს სახელსა და გვარზე, მაგრამ სადღაც შეშლია და დამარქვა ახალი სახელი: Georgia :D
ვეუბნები, ვერაა ეს კარგი ამბავი-მეთქი. ისაო, ახლა ვერ შევცვლიო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობაო. ეს მარტო შიდა ჯავშანიაო... (იმედია).
მივედით გადახდამდე. ის ონლაინ ფორმა, რომელიც აქვს ამ ბიუროს, არ აღმოაჩნდა ბანკს....
გადახდის ფორმის შეცვლა არ შეუძლია პროგრამას (დეველოპერს თავს ლაფი!).
გადარეკა ამ ადამიანმა და მოაგვარა როგორღაც, რომ პირდაპირ გადაიხადოს ბარათით ჩემმა მეგობარმა ორივეს თანხა.
ოკ.... დაეკიდა სისტემა.... უკვე გვკიდია :D გადაჯდა ის ტიპი სხვა კომპზე და იქ წაიღო სისტემამ ცვლილებები.
აღმოჩნდა, რომ ბარათზე ლიმიტია და ამხელა თანხას ვერ გადავიხდით.
გავვარდით მოპირდაპირედ მდებარე ბანკში. თითოეულს აღმოგვაჩნდა 1000 ევროიანი ლიმიტი.
გვაკლდება 200 ევრო. გავვარდით ჩემს ბანკში. მეორე ბარათით ვიღებ 200 ევროს და იმედი მაქვს, რომ მაქვს მაგდენი იმ ანგარიშზე :D

მქონია.

გამოვვარდით ისევ უკან. ამასობაში მე თავი ამტკივდა, წვიმა წამოვიდა.
მოვედით. ჩავუთვალეთ ამხელა ფული. :D
ბოლოს მეკითხება: თქვენს პასპორტს ვადა უნდა ჰქონდეს კიდევ 6 თვეო. მე ვიცი, რომ აქვს.
ჩემი გერმანელი მეგობარი დაფიქრდა. აზრზე არა ვარ, სადამდე აქვს ჩემს პასპორტს ვადაო. ვიზა მაგას არ სჭირდება  და არც ჩაუხედავს.
დავიშალეთ,  მოვედით სახლში. მეგობარი მწერს: დაგვერხაო. პასპორტს ვადა აქვს გასულიო. 7 დღეში 70 ევროდ გაუკეთებენ სწრაფად.

იმედია, მოესწრება.
იმედია, მეც გამიშვებენ და იქაც შემიშვებენ ჩემი A4 ფორმატის ფურცელზე ამობეჭდილი ელექტრონული ვიზით და ბილეთზე სწორი სახელით.

თუ გადავრჩით, დავპოსტავ :D


18.01.15

წელს წავიკითხე 2014

  • Heinrich Böll - Die verlorene Ehre der Katharina Blum oder Wie Gewalt entsteht und wohin sie führen kann მოთხრობა იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა ენიჭება პრესას მოვლენების გაშუქებისას; რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყვითელი პრესის "სენსაციურ" ჟურნალისტიკას. მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვინც ჟურნალისტობას აპირებს, უნდა გადაიკითხოს ეს 60-მდე ფურცელი. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც ვერანაირი ქარტია ვერ გვშველის ჯერ-ჯერობოთ.
  • Albert Camus - Der Fremde - რისი ღირსია საერთოდ ადამიანი, რომელიც საკუთარი დედის კუბოს წინ ერთ ცრემლსაც არ დაღვრის. უფრო ამაზრზენიც, ისიც არ ახსოვს, დედამისი რამდენი წლისაა. ასეთი ადამიანი ხომ ყველაფერზე წავა. ასეთ ადამიანს გამართლება არ აქვს და ასეთი ადამიანი არ იმსახურებს სიცოცხლეს. ასეც შეიძლება გმირის "გასამართლება". აბსურდის ფილოსოფია დიდი დოზით და ყველაფრის მიმართ გულგრილობის გამართლება. დიდი ექსპერტი ვერ ვარ ეგზისტენციალიზმისა და იგივე აბსურდის ფილოსოფიის, ამიტომ მელნად ვერ დავიღვრები, სამწუხაროდ.
  • Sylvia Plath - The Bell Jar - ბუნდოვნად მახსოვდა, რომ ღრმა მოზარდობისას მქონდა წაკითხული და ახლა, გადაკითხვისას დავრწმუნდი, რომ საქართველოში ასაკისთვის შესაფერისი წიგნების არჩევის კულტურა არ არსებობს. "ბიძია თომას ქოხი"-თ გამოწვეული პოსტ-ტრავმატული სტრესი ჩვენი თაობის მკითხველებისთის ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი იქნება (მეოთხე კლასში წამაკითხეს და საბოლოოდ მომიღეს ბოლო :D). რომანი წინა საუკუნის 50-იანი წლების ამერიკელ ქალზე, რომელსაც არ ხიბლავდა მისთვის "გამოწერილი" როლი- ქალისა, რომელსაც ერთი რამ მოეთხოვება: სარფიანად გათხოვება. სანამ ამ მიზანს მიაღწევს, დიპლომის აღებასაც თუ მოასწრებს, ძალიანაც არ მოიწყენს. მას უფრო დიდი მიზნები აქვს... (მეტს არ დავასპოილერებ). იმდროინდელი ფსიქიატრიული ინსტიტუციების პრაქტიკების ზუსტი აღწერა იმანაც განაპირობა, ალბათ, რომ პლატი თავად იყო პაციენტი. რომ ვთქვა, ჩემი სამაგიდო წიგნი გახდება, წელიწადში ორჯერ გადავიკითხავ-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მეორედ გადაკითხვა და გახსენება, კარგი იყო. 
  • Eve Ensler - The Vagina Monologues -  მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ორი დღის წინ გავიგე ერთ-ერთი ამერიკული კოლეჯის გადაწყვეტილების შესახებ, აღარ დადგას ეს უკვე ისტორიულად ქცეული სპექტაკლი, ინკლუზიურობისა და ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გამოტოვების გამო, ეს არის აბსოლუტური Must Read. წინა წინადადებაში მოყვანილ კრიტიკასთან დაკავშირებით ჯერ ვფიქრობ და აუცილებლად დავწერ ამ წიგნსა და მის კრიტიკაზე ცალკე პოსტს, პირობას ვდებ. ახლა 2 წინადადებით არ მინდა შემოვიფარგლო. 
  • Zora Neale HurstonTheir Eyes Were Watching God- ზორა არის მნიშვნელოვანი აფრიკელ-ამერიკელ ფემინისტი მწერალი ქალი. ამ რომანში მან ორივე ზემოთ ხსენებული უნიკალურად აალაპარაკა: აფრიკელ-ამერიკელის ბედი და  ორმაგად მარგინალიზებული ქალის ბედი, ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად მომეწონა მისი გადაწყვეტილება (და რამდენადაც ვიცი, ძალიან პრინციპული), მის გმირებს არ ესაუბრათ გამართული გრამატიკული ინგლისურით, არამედ სამხრეთელი აფრიკელ-ამერიკელების დიალექტით. < 3
  • Elizabeth Wurtzel - More, now, Again: A Memoir of Addiction- ეს არის ძალიან ღია და შიშველი დოკუმენტაცია (მართლაც რომ) ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისა, მთელი თავისი ფაზებით: პრობლემის უარყოფიდან დაწყებული, პორბლემის მოგვარებისას დამარცხებით და ბრძოლის ხელახლა დაწყებით დამთავრებული. შიგადაშიგ ძალიან იყო კონცენტრირებული საკუთარ თავზე და ცოტა დამღლელად მიდიოდა, მაგრამ მთლიანობაში, საინტერესოა უშუალოდ შგნიდან დაინახო პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ლიზი ამ დროს, "წესით",  საერთოდ სხვა წიგნზე მუშაობდა, რომელიც ასევე მაქვს აღნიშნული ერთ-ერთ ასეთ პოსტში, მე დიდი სურვილი გამიჩნდა, Bitch თავიდან წამეკითხა, უკვე ამ პირადი ცნობებით შეიარაღებულს. თუმცა, მერე დავფიქრდი და იქნებ, არ ღირს?! რას შეცვლის ეს ფაქტები?
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - ვინ მოკლა ჩაიკა  ესე იგი, მე უნდა გამოვტყდე, რომ არ მომწონს ანა, როგორც ასეთი :D მივეცი 2 შანსი, მაგრამ დიდად ვერ მომხიბლა. ან მე გამომეპარა რამე და ან აბსოლუტურად შეუკრავი ბოდვა იყო. მე მაპატიეთ. :D არადა, რამდენიმე ლექცია მაქვს ნანახი youtube-ზე და გადასარევი ლექტორია. მწერალი- ნაკლებად.
  • გოგი გვახარია - ცრემლიანი სათვალე ქართველი მწერლების მიწასთან გასწორებასავით გამომდის, მაგრამ არც გოგის მემუარს გადავურევივარ. თუმცა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩაიკა. ასევე საინტერესო იყო იმ ადამიანის მოგონებების კითხვა, ვისზეც პირადად გადაიარა ისტორიამ იმ დროს. მაგრამ გოგი გაცილებით უკეთ წერს სტატიებს.
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - შუშანიკის შვილები  ამასაც გადავახტები. ჩემი შეხედულება უკვე გაგანდეთ.
  • მარო მაყაშვილიდღიური  - უფ, შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ გაფეტიშებული გვყავს ადამიანებს საკუთარი გმირები, შიგადაშიგ სულ ცრემლთა ფრქვევით ვკითხულობდი. პოლიტიკური და "აბა, იქნებ ევროპამ მოგვხედოს" გადასახედიდან დიდი არაფერი შეცვლილა ამ ასიოდე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ.  შემაშფოთებელი იყო არმენოფობიური პასაჟები. იმედია, მათი ამ დღიურებში ამოკითხვა (ისედაც არ ვართ ანგელოზები) მაგალითის და მიბაძვის საგანი არ გახდება.
    კიდევ, ბევრი ფემინისტური "საფიქრალი" აქვს.  მიკვირს, რომ აქამდე არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. ბევრი ლაფსუსიც აქვს და დღიურის ბოლოსკენ თითქოს სასოწარკვეთილი ფარ-ხმალს დაყრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი ფემინისტი იქნებოდა, რომ დაცლოდა.  მხოლოდ ერთ პატარა ციტატას მოვიყვან:
    "კაცი რაღათა მტრობს, რათ უნდა ქალი მის გვერდით იყოს, როდესაც სიყვარული აღარ არის?! ორივესთვის სიცოცხლე გამწარებულია. მიე თავისუფლება, საცა უნდა, წავიდეს  და რაც უნდა, ის გააკეთოს. ამას იქით გავიგე ერთისგან: ერთ კაცს უყვარს ქალიო და ეუბნება, თუ არ გამომყვები - მოგკლამო. რა სისაძაგლამდის უნდა მივიდეს ადამიანი, რომ ეგ თქვას! კარგი -  ქალს არ უყვარს, შიშისგან გაჰყვა, რაა მათი ცხოვრება. სულ უთანასწორობა, მათ შორის ჩხუბი, სიყვარულზე ლაპარაკიც არ შეიძლება. [...] რა ნება აქვს ვიღაცა სხვა კაცს, ჩემი ნებით ისარგებლოს, გინდა თუ არაო. თუ მინდა, ხომ კარგი, თუ არადა, მისი რა საქმეა- მოკლას. ეგ მარტო გაუნათლებელი ან საძაგელი ადამიანი, გაპირუტყვებული ჩაიდენს, სხვა კი არავინ"
    გეცნოთ? სწორედ იმ დროს ვკითხულობდი, საქართველოში ბუზებივით რომ ხოცავდნენ ყოფილი ქმრები და ყოფილი ქმრის ბიძაშვილის მეზობლები ქალებს. სამარცხვინოა, რომ ამ მხრივაც იგივე წუმპეში ვართ, სადაც 100 წლის წინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. 
  • Chuck Palahniuk - Beautiful You - ძალიან გამიცრუა იმედები ჩაკმა.  არადა, როგორ ველი ხოლმე მის ახალ რომანებს. :(  რომანი არის, უფრო სწორად, მას უნდა იყოს ქალის სექსუალური თავისუფლებასა და ამით მანიპულირების საშიშროებაზე. მაგრამ არის "სისწრაფეში დაწერილი" საკონტროლო წერის თემასავით უაზრო და სატირის უგემოვნო მცდელობა.... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩაკს ოდესმე ასე გავუსწორებდი მიწასთან რამეს. :D
სულ ეს იყო. წლევანდელი challenge-ის გამო, მომავალ წელს უფრო მეტით დავბრუნდები. ასევე შევცვალე ტაქტიკა და უშუალოდ წიგნის დასრულებისთანავე ვწერ აზრს. ბევრი რამ ასე ჯერ კიდევ მკაფიოდ მახსოვს ხოლმე და გაცილებით უფრო იოლად ვუყრი თავს სათქმელს. ისე, ძალიან მშურს ადამიანების, რომლებსაც 20 წლის წინ წაკითხული წიგნები ახსოვთ დეტალებში და ზედმიწევნით. :/


31.12.14

2014

მოვიდა დიდი პატაკების დრო ბლოგებზე.  მე იმდენად შემიყვარდა შემაჯამებელი პოსტები, სულ რომ გადავეჩვიო წერას, წელიწადში ერთხელ მაინც შემოვივლი და დავწერ, სად ვიყავი, რომ არ ვიყავი :D

წინა წლის შემაჯამებელ პოსტს გადავხედე და იმაზე მეტი გამიკეთებია, ვიდრე პოსტის დაწერისას მეგონა.
ტატუს გარდა ყველაფერს ასე თუ ისე შევავლე  ხელი. არადა, თითქმის ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე :D მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტო-სკოლას 10 თვის განმავლობაში ვარჩევდი, ამ შემთხვევაშიც დიდხანს ვიფიქრებ, სანამ არ მომბეზრდება და იმპულსურად პირველ შემხვედრს არ დავაწერინებ ვინმე ტიპის სახელს მკლავზე :D :D

ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
  • იანვარში დავიწყე მუშაობა პროფესიით, რამაც მოაგვარა პირველ რიგში ბევრი ფინანსური პრობლემა :D  ასევე შეიტანა წვლილი male dominated field-ში ქალთა ქვოტის ამაღლებაში. :D  წლის ბოლოს შემაჯამებელ საუბარში მქონდა კარგი შეფასება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ 2015-ის პირად მიზნად მაინც მაქვს არანორმალურად მეტის სწავლა დასახული.
  • სამსახურთან ერთად მოვიცალე სნოუბორდისთვის :yeah: . ვიყავი რამდენჯერმე და ბოლო ასვლისას წითელ ტრასაზეც გადავედი, რაც ჩემნაირი ფრთხილი ადამიანისთვის საოცარი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახით დაცემაზე მეტად არცერთი ძვლის მოტეხვის არ მეშინია. ახლა რომ დაზამთრდა, მეგობარმა მაჩუქა ბორდი, მე ვიჩუქე ბორდის არანორმალურად ძვირი ჩექმა და bindings (ეს ქართულად როგორაა, ნეტავ) და გამომრჩა ის ფაქტი, რომ ცოტა ადრე უნდა დამეჯავშნა ბილეთები სასტუმროში, სადაც ახალ წელს ხვდებიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ვსრიალებ ხოლმე. :/
  • მარტიდან დავდივარ ფლამენკოზე. თუმცა, ჯერ თავადაც ვერ ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში, ასე რომ აქ დიდი მიღწევები არ მქონია. ცოტა ხანს კიდევ ვივლი და თუ ვნახე, რომ ჩემგან არაფერი გამოდის, დავყრი ფარ-ხმალს. (ან შემოვრჩები ისევე, როგორც ქართულ ცეკვას შემოვრჩი, სადაც ასევე არაფერი გამოდის ჩემგან :D)
  • მაისში ვიყავი წელს ჩემს მიერ ნანახი სამი კონცერტიდან ორზე. ეს ძალიან, ძალიან ცუდი მაჩვენებელია და იმედია, მომავალ წელს მეტს მოვახერხებ. ძალიან ცოტა რამე მირჩევნია კონცერტზე წასვლას. 
  • ივნისში  ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავისი მივლინება+შვებულება ჩემს დაბადების დღეს დაამთხვია და იმ ერთ კვირაში ჩვენს მიერ ათვისებულმა ალკოჰოლმა ჯამში მთლიანი წლის კონსუმი ჯიბეში ჩაიდო :D
  • ივლისში გავიგე, რომ ვარ არატოლერანტული ადამიანი... ლაქტოზის მიმართ. სავარაუდოდ, მთელი ცხოვრება ვიყავი, მაგრამ ასაკი და უგუნურად მიღებული ანტიბიოტიკები მაინც თავისას შვრება. იმ დღესვე გავეშურე მარკეტებში და იმდენ ხანს ვიარე, სანამ ულაქტოზო ყველს და ულაქტოზო რძის პროდუქტების მთელ სერიას არ  მივაგენი. :D ფაქტიურად, ყველაფრის შემადგენლობის წაკითხვა მიწევს, რადგან ძეხვშიც კი შეიძლება იყოს ლაქტოზა (დამუშავებისას იყენებენ,  ხზ... რატომ). ეს იყო ძალიან ტრაგიკული ახალი ამბავი და მხოლოდ ტაბლეტებით გადავიტანე აგვისტოს ბოლოს ხაჭაპურები და შებოლილი სულგუნები და მისთანანი.
  • აგვისტოში ვიყავი საქართველოში, ფაქტიურად საქმიანი ვიზიტით. იქიდან დაბრუნებულს მომყავდა სტუმრად ჩემი დეიდაშვილი და ორივეს ერთად მთელი საქართველოს სურსათ-სანოვაგე :D 
  • მერე ვიარეთ აქეთ-იქით, რამაც ჩემს 11 წლიან გეგმას მხოლოდ ერთი ახალი ქალაქი შემატა, რადგან სხვა ქალაქებში უკვე არაერთხელ ვიყავი ნამყოფი. ჰოდა, მილანი... დიდად არ მომეწონა. თან სასწაული ნესტი იყო და მე, პირადად, ძალიან მძიმედ ვსუნთქავდი. ასე მეგონა, საკმარისი ჟანგბადი არ იყო ირგვლივ.
  • ოქტომბრის ბოლოს, ბრეკეტების გამო, ამეკრძალა ყველა მავნე ჩვევა ალკოჰოლით დაწყებული, ყავით დამთავრებული. შედეგად მივიღეთ ადამიანი, რომელიც  დღეში 2-3 ლიტრ წყალს სვამს, შესვენებაზე მიყვება თანამშრომლებს ლანჩზე, უყურებს მათ ყავის წრუპვას   და თვალზე მომდგარ ცრემლებს იწმენდს. :D
  • ნოემბრის ბოლოს ძლივს (!) ჩავეწერე ავტო-სკოლაში და დავიწყე თეორიის გავლა. წინა წლის პოსტში კი მეწერა, დაბადების დღემდე ავიღებ მართვის მოწმობას-მეთქი, მაგრამ 2015-შიც ხომ მექნება დაბადების დღე, არა?! :D ნუ, B კლასი ივნისამდე და A კლასის ჩაბარება  ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად მალევე მომიწევს (თეორიის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს პრაქტიკა/ები).
  • დეკემბერში გავიგრძელე სამუშაო კონტრაქტი და ასევე ვიზა 1 წლით. ეს უკანასკნელი, იმედია,  ბოლოჯერ შეზღუდული ვადით. 2015-ის შემოდგომაზე უკვე შემეძლება სამუდამო ვიზაზე საბუთების შეტანა და წინასწარ მიხარია, რომ არ მომიწევს ყოველ წელს იმ ჯოჯოხეთურ შენობაში ფეხის შედგმა. :/

კიდევ იყო კარგი, ნაკლებად კარგი, ცუდი წვრილმანებიც. ასევე ამბები, რომლებსაც მხოლოდ ცალკე პოსტი თუ დაიტევს.  მთლიანობაში, ნორმალური წელი იყო. მაინც იმედია, 2015 უკეთესი იქნება. :D  ამას წინათ სამსახურში ვწუწუნებდი, მიზნად რა დავისახო, არ ვიცი-მეთქი.... თუმცა, რამდენიმე ფრიად მატერიალური და რამდენიმეც ongoing სურვილი უკვე მაქვს:
  • წელს აუცილებლად უნდა ვიმოგზაურო მეტი. სულ მარტომაც რომ ვიარო...
  • კიდევ მინდა ვიყიდო მანქანა და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ბაიკიც.
  • მინდა გადავიდე 1,5 ოთახიან ბინაში, რომელშიც იქნება აბაზანა (და არა  საშხაპე), რომელსაც ექნება აივანი და ფანჯრებიანი სამზარეულო.... და რომლის დაფინანსებაშიც გემრიელი თანხა გამძვრება ყოველთვიურად :D
  • წლის გამოწვევა:  ყოველდღე გამოვნახო 1 საათი საკითხად. არ იგულისხმება მეტროში სამსახურის გზაზე კითხვა, რაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც ვკითხულობ. არამედ, სახლში, მშვიდ გარემოში, არა კომპიუტერზე და ქინდლებში და ამბებში (მაინც არ მაქვს ეგენი).
  • და ესპანური.... ესპანური  ცალკე შავი ხვრელია, რომელიც სამარცხვინოდ დარჩა ამოსავსები წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ იმ 2 თვეს, როცა Duolingo-თი ვსწავლობდი, თუ "ვსწავლობდი".
თქვენ საინტერესო წელს გისურვებთ. ბლოგერებს მეტ პოსტს და ყველა ბლოგზე პოსტების მაილზე გამოწერის საშუალებას :D

Love,
Chaotic

27.12.14

First snow of the season

ფაქტიურად,ამას ვუყურებ მთელი დღე. უფრო სწორად, დღის იმ ნაწილის განმავლობაში, როცა ლეპტოპის ეკრანს არ მივჩერებივარ. მთებში ბორდზე იდგებოდა ადამიანი, ასეთ ამინდში და ასეთი შვებულების ჟამს....

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates