31.12.14

2014

მოვიდა დიდი პატაკების დრო ბლოგებზე.  მე იმდენად შემიყვარდა შემაჯამებელი პოსტები, სულ რომ გადავეჩვიო წერას, წელიწადში ერთხელ მაინც შემოვივლი და დავწერ, სად ვიყავი, რომ არ ვიყავი :D

წინა წლის შემაჯამებელ პოსტს გადავხედე და იმაზე მეტი გამიკეთებია, ვიდრე პოსტის დაწერისას მეგონა.
ტატუს გარდა ყველაფერს ასე თუ ისე შევავლე  ხელი. არადა, თითქმის ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე :D მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტო-სკოლას 10 თვის განმავლობაში ვარჩევდი, ამ შემთხვევაშიც დიდხანს ვიფიქრებ, სანამ არ მომბეზრდება და იმპულსურად პირველ შემხვედრს არ დავაწერინებ ვინმე ტიპის სახელს მკლავზე :D :D

ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
  • იანვარში დავიწყე მუშაობა პროფესიით, რამაც მოაგვარა პირველ რიგში ბევრი ფინანსური პრობლემა :D  ასევე შეიტანა წვლილი male dominated field-ში ქალთა ქვოტის ამაღლებაში. :D  წლის ბოლოს შემაჯამებელ საუბარში მქონდა კარგი შეფასება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ 2015-ის პირად მიზნად მაინც მაქვს არანორმალურად მეტის სწავლა დასახული.
  • სამსახურთან ერთად მოვიცალე სნოუბორდისთვის :yeah: . ვიყავი რამდენჯერმე და ბოლო ასვლისას წითელ ტრასაზეც გადავედი, რაც ჩემნაირი ფრთხილი ადამიანისთვის საოცარი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახით დაცემაზე მეტად არცერთი ძვლის მოტეხვის არ მეშინია. ახლა რომ დაზამთრდა, მეგობარმა მაჩუქა ბორდი, მე ვიჩუქე ბორდის არანორმალურად ძვირი ჩექმა და bindings (ეს ქართულად როგორაა, ნეტავ) და გამომრჩა ის ფაქტი, რომ ცოტა ადრე უნდა დამეჯავშნა ბილეთები სასტუმროში, სადაც ახალ წელს ხვდებიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ვსრიალებ ხოლმე. :/
  • მარტიდან დავდივარ ფლამენკოზე. თუმცა, ჯერ თავადაც ვერ ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში, ასე რომ აქ დიდი მიღწევები არ მქონია. ცოტა ხანს კიდევ ვივლი და თუ ვნახე, რომ ჩემგან არაფერი გამოდის, დავყრი ფარ-ხმალს. (ან შემოვრჩები ისევე, როგორც ქართულ ცეკვას შემოვრჩი, სადაც ასევე არაფერი გამოდის ჩემგან :D)
  • მაისში ვიყავი წელს ჩემს მიერ ნანახი სამი კონცერტიდან ორზე. ეს ძალიან, ძალიან ცუდი მაჩვენებელია და იმედია, მომავალ წელს მეტს მოვახერხებ. ძალიან ცოტა რამე მირჩევნია კონცერტზე წასვლას. 
  • ივნისში  ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავისი მივლინება+შვებულება ჩემს დაბადების დღეს დაამთხვია და იმ ერთ კვირაში ჩვენს მიერ ათვისებულმა ალკოჰოლმა ჯამში მთლიანი წლის კონსუმი ჯიბეში ჩაიდო :D
  • ივლისში გავიგე, რომ ვარ არატოლერანტული ადამიანი... ლაქტოზის მიმართ. სავარაუდოდ, მთელი ცხოვრება ვიყავი, მაგრამ ასაკი და უგუნურად მიღებული ანტიბიოტიკები მაინც თავისას შვრება. იმ დღესვე გავეშურე მარკეტებში და იმდენ ხანს ვიარე, სანამ ულაქტოზო ყველს და ულაქტოზო რძის პროდუქტების მთელ სერიას არ  მივაგენი. :D ფაქტიურად, ყველაფრის შემადგენლობის წაკითხვა მიწევს, რადგან ძეხვშიც კი შეიძლება იყოს ლაქტოზა (დამუშავებისას იყენებენ,  ხზ... რატომ). ეს იყო ძალიან ტრაგიკული ახალი ამბავი და მხოლოდ ტაბლეტებით გადავიტანე აგვისტოს ბოლოს ხაჭაპურები და შებოლილი სულგუნები და მისთანანი.
  • აგვისტოში ვიყავი საქართველოში, ფაქტიურად საქმიანი ვიზიტით. იქიდან დაბრუნებულს მომყავდა სტუმრად ჩემი დეიდაშვილი და ორივეს ერთად მთელი საქართველოს სურსათ-სანოვაგე :D 
  • მერე ვიარეთ აქეთ-იქით, რამაც ჩემს 11 წლიან გეგმას მხოლოდ ერთი ახალი ქალაქი შემატა, რადგან სხვა ქალაქებში უკვე არაერთხელ ვიყავი ნამყოფი. ჰოდა, მილანი... დიდად არ მომეწონა. თან სასწაული ნესტი იყო და მე, პირადად, ძალიან მძიმედ ვსუნთქავდი. ასე მეგონა, საკმარისი ჟანგბადი არ იყო ირგვლივ.
  • ოქტომბრის ბოლოს, ბრეკეტების გამო, ამეკრძალა ყველა მავნე ჩვევა ალკოჰოლით დაწყებული, ყავით დამთავრებული. შედეგად მივიღეთ ადამიანი, რომელიც  დღეში 2-3 ლიტრ წყალს სვამს, შესვენებაზე მიყვება თანამშრომლებს ლანჩზე, უყურებს მათ ყავის წრუპვას   და თვალზე მომდგარ ცრემლებს იწმენდს. :D
  • ნოემბრის ბოლოს ძლივს (!) ჩავეწერე ავტო-სკოლაში და დავიწყე თეორიის გავლა. წინა წლის პოსტში კი მეწერა, დაბადების დღემდე ავიღებ მართვის მოწმობას-მეთქი, მაგრამ 2015-შიც ხომ მექნება დაბადების დღე, არა?! :D ნუ, B კლასი ივნისამდე და A კლასის ჩაბარება  ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად მალევე მომიწევს (თეორიის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს პრაქტიკა/ები).
  • დეკემბერში გავიგრძელე სამუშაო კონტრაქტი და ასევე ვიზა 1 წლით. ეს უკანასკნელი, იმედია,  ბოლოჯერ შეზღუდული ვადით. 2015-ის შემოდგომაზე უკვე შემეძლება სამუდამო ვიზაზე საბუთების შეტანა და წინასწარ მიხარია, რომ არ მომიწევს ყოველ წელს იმ ჯოჯოხეთურ შენობაში ფეხის შედგმა. :/

კიდევ იყო კარგი, ნაკლებად კარგი, ცუდი წვრილმანებიც. ასევე ამბები, რომლებსაც მხოლოდ ცალკე პოსტი თუ დაიტევს.  მთლიანობაში, ნორმალური წელი იყო. მაინც იმედია, 2015 უკეთესი იქნება. :D  ამას წინათ სამსახურში ვწუწუნებდი, მიზნად რა დავისახო, არ ვიცი-მეთქი.... თუმცა, რამდენიმე ფრიად მატერიალური და რამდენიმეც ongoing სურვილი უკვე მაქვს:
  • წელს აუცილებლად უნდა ვიმოგზაურო მეტი. სულ მარტომაც რომ ვიარო...
  • კიდევ მინდა ვიყიდო მანქანა და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ბაიკიც.
  • მინდა გადავიდე 1,5 ოთახიან ბინაში, რომელშიც იქნება აბაზანა (და არა  საშხაპე), რომელსაც ექნება აივანი და ფანჯრებიანი სამზარეულო.... და რომლის დაფინანსებაშიც გემრიელი თანხა გამძვრება ყოველთვიურად :D
  • წლის გამოწვევა:  ყოველდღე გამოვნახო 1 საათი საკითხად. არ იგულისხმება მეტროში სამსახურის გზაზე კითხვა, რაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც ვკითხულობ. არამედ, სახლში, მშვიდ გარემოში, არა კომპიუტერზე და ქინდლებში და ამბებში (მაინც არ მაქვს ეგენი).
  • და ესპანური.... ესპანური  ცალკე შავი ხვრელია, რომელიც სამარცხვინოდ დარჩა ამოსავსები წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ იმ 2 თვეს, როცა Duolingo-თი ვსწავლობდი, თუ "ვსწავლობდი".
თქვენ საინტერესო წელს გისურვებთ. ბლოგერებს მეტ პოსტს და ყველა ბლოგზე პოსტების მაილზე გამოწერის საშუალებას :D

Love,
Chaotic

2 Kommentare:

  1. საუკუნეა შენს ბლოგზე არ შემოვსულვარ, ქრისტი; არადა ჩემი თვალისთვის პირველი ბლოგი და მუზაა :D
    ჰოდა, მშვენიერი 2014 გქონია და კუბში აყვანილს გისურვებ 2015-ს <3

    გილიცავ დამდეგს <3

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. awwww, დიდი მადლობა, გიო.
      პრინციპში, მეც საუკუნეში ერთხელ ვწერ და ბევრი არ დაგიკარგავს :D
      შენც საუკეთესო წელს გისურვებ :*

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates