18.01.15

წელს წავიკითხე 2014

  • Heinrich Böll - Die verlorene Ehre der Katharina Blum oder Wie Gewalt entsteht und wohin sie führen kann მოთხრობა იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა ენიჭება პრესას მოვლენების გაშუქებისას; რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყვითელი პრესის "სენსაციურ" ჟურნალისტიკას. მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვინც ჟურნალისტობას აპირებს, უნდა გადაიკითხოს ეს 60-მდე ფურცელი. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც ვერანაირი ქარტია ვერ გვშველის ჯერ-ჯერობოთ.
  • Albert Camus - Der Fremde - რისი ღირსია საერთოდ ადამიანი, რომელიც საკუთარი დედის კუბოს წინ ერთ ცრემლსაც არ დაღვრის. უფრო ამაზრზენიც, ისიც არ ახსოვს, დედამისი რამდენი წლისაა. ასეთი ადამიანი ხომ ყველაფერზე წავა. ასეთ ადამიანს გამართლება არ აქვს და ასეთი ადამიანი არ იმსახურებს სიცოცხლეს. ასეც შეიძლება გმირის "გასამართლება". აბსურდის ფილოსოფია დიდი დოზით და ყველაფრის მიმართ გულგრილობის გამართლება. დიდი ექსპერტი ვერ ვარ ეგზისტენციალიზმისა და იგივე აბსურდის ფილოსოფიის, ამიტომ მელნად ვერ დავიღვრები, სამწუხაროდ.
  • Sylvia Plath - The Bell Jar - ბუნდოვნად მახსოვდა, რომ ღრმა მოზარდობისას მქონდა წაკითხული და ახლა, გადაკითხვისას დავრწმუნდი, რომ საქართველოში ასაკისთვის შესაფერისი წიგნების არჩევის კულტურა არ არსებობს. "ბიძია თომას ქოხი"-თ გამოწვეული პოსტ-ტრავმატული სტრესი ჩვენი თაობის მკითხველებისთის ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი იქნება (მეოთხე კლასში წამაკითხეს და საბოლოოდ მომიღეს ბოლო :D). რომანი წინა საუკუნის 50-იანი წლების ამერიკელ ქალზე, რომელსაც არ ხიბლავდა მისთვის "გამოწერილი" როლი- ქალისა, რომელსაც ერთი რამ მოეთხოვება: სარფიანად გათხოვება. სანამ ამ მიზანს მიაღწევს, დიპლომის აღებასაც თუ მოასწრებს, ძალიანაც არ მოიწყენს. მას უფრო დიდი მიზნები აქვს... (მეტს არ დავასპოილერებ). იმდროინდელი ფსიქიატრიული ინსტიტუციების პრაქტიკების ზუსტი აღწერა იმანაც განაპირობა, ალბათ, რომ პლატი თავად იყო პაციენტი. რომ ვთქვა, ჩემი სამაგიდო წიგნი გახდება, წელიწადში ორჯერ გადავიკითხავ-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მეორედ გადაკითხვა და გახსენება, კარგი იყო. 
  • Eve Ensler - The Vagina Monologues -  მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ორი დღის წინ გავიგე ერთ-ერთი ამერიკული კოლეჯის გადაწყვეტილების შესახებ, აღარ დადგას ეს უკვე ისტორიულად ქცეული სპექტაკლი, ინკლუზიურობისა და ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გამოტოვების გამო, ეს არის აბსოლუტური Must Read. წინა წინადადებაში მოყვანილ კრიტიკასთან დაკავშირებით ჯერ ვფიქრობ და აუცილებლად დავწერ ამ წიგნსა და მის კრიტიკაზე ცალკე პოსტს, პირობას ვდებ. ახლა 2 წინადადებით არ მინდა შემოვიფარგლო. 
  • Zora Neale HurstonTheir Eyes Were Watching God- ზორა არის მნიშვნელოვანი აფრიკელ-ამერიკელ ფემინისტი მწერალი ქალი. ამ რომანში მან ორივე ზემოთ ხსენებული უნიკალურად აალაპარაკა: აფრიკელ-ამერიკელის ბედი და  ორმაგად მარგინალიზებული ქალის ბედი, ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად მომეწონა მისი გადაწყვეტილება (და რამდენადაც ვიცი, ძალიან პრინციპული), მის გმირებს არ ესაუბრათ გამართული გრამატიკული ინგლისურით, არამედ სამხრეთელი აფრიკელ-ამერიკელების დიალექტით. < 3
  • Elizabeth Wurtzel - More, now, Again: A Memoir of Addiction- ეს არის ძალიან ღია და შიშველი დოკუმენტაცია (მართლაც რომ) ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისა, მთელი თავისი ფაზებით: პრობლემის უარყოფიდან დაწყებული, პორბლემის მოგვარებისას დამარცხებით და ბრძოლის ხელახლა დაწყებით დამთავრებული. შიგადაშიგ ძალიან იყო კონცენტრირებული საკუთარ თავზე და ცოტა დამღლელად მიდიოდა, მაგრამ მთლიანობაში, საინტერესოა უშუალოდ შგნიდან დაინახო პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ლიზი ამ დროს, "წესით",  საერთოდ სხვა წიგნზე მუშაობდა, რომელიც ასევე მაქვს აღნიშნული ერთ-ერთ ასეთ პოსტში, მე დიდი სურვილი გამიჩნდა, Bitch თავიდან წამეკითხა, უკვე ამ პირადი ცნობებით შეიარაღებულს. თუმცა, მერე დავფიქრდი და იქნებ, არ ღირს?! რას შეცვლის ეს ფაქტები?
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - ვინ მოკლა ჩაიკა  ესე იგი, მე უნდა გამოვტყდე, რომ არ მომწონს ანა, როგორც ასეთი :D მივეცი 2 შანსი, მაგრამ დიდად ვერ მომხიბლა. ან მე გამომეპარა რამე და ან აბსოლუტურად შეუკრავი ბოდვა იყო. მე მაპატიეთ. :D არადა, რამდენიმე ლექცია მაქვს ნანახი youtube-ზე და გადასარევი ლექტორია. მწერალი- ნაკლებად.
  • გოგი გვახარია - ცრემლიანი სათვალე ქართველი მწერლების მიწასთან გასწორებასავით გამომდის, მაგრამ არც გოგის მემუარს გადავურევივარ. თუმცა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩაიკა. ასევე საინტერესო იყო იმ ადამიანის მოგონებების კითხვა, ვისზეც პირადად გადაიარა ისტორიამ იმ დროს. მაგრამ გოგი გაცილებით უკეთ წერს სტატიებს.
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - შუშანიკის შვილები  ამასაც გადავახტები. ჩემი შეხედულება უკვე გაგანდეთ.
  • მარო მაყაშვილიდღიური  - უფ, შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ გაფეტიშებული გვყავს ადამიანებს საკუთარი გმირები, შიგადაშიგ სულ ცრემლთა ფრქვევით ვკითხულობდი. პოლიტიკური და "აბა, იქნებ ევროპამ მოგვხედოს" გადასახედიდან დიდი არაფერი შეცვლილა ამ ასიოდე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ.  შემაშფოთებელი იყო არმენოფობიური პასაჟები. იმედია, მათი ამ დღიურებში ამოკითხვა (ისედაც არ ვართ ანგელოზები) მაგალითის და მიბაძვის საგანი არ გახდება.
    კიდევ, ბევრი ფემინისტური "საფიქრალი" აქვს.  მიკვირს, რომ აქამდე არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. ბევრი ლაფსუსიც აქვს და დღიურის ბოლოსკენ თითქოს სასოწარკვეთილი ფარ-ხმალს დაყრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი ფემინისტი იქნებოდა, რომ დაცლოდა.  მხოლოდ ერთ პატარა ციტატას მოვიყვან:
    "კაცი რაღათა მტრობს, რათ უნდა ქალი მის გვერდით იყოს, როდესაც სიყვარული აღარ არის?! ორივესთვის სიცოცხლე გამწარებულია. მიე თავისუფლება, საცა უნდა, წავიდეს  და რაც უნდა, ის გააკეთოს. ამას იქით გავიგე ერთისგან: ერთ კაცს უყვარს ქალიო და ეუბნება, თუ არ გამომყვები - მოგკლამო. რა სისაძაგლამდის უნდა მივიდეს ადამიანი, რომ ეგ თქვას! კარგი -  ქალს არ უყვარს, შიშისგან გაჰყვა, რაა მათი ცხოვრება. სულ უთანასწორობა, მათ შორის ჩხუბი, სიყვარულზე ლაპარაკიც არ შეიძლება. [...] რა ნება აქვს ვიღაცა სხვა კაცს, ჩემი ნებით ისარგებლოს, გინდა თუ არაო. თუ მინდა, ხომ კარგი, თუ არადა, მისი რა საქმეა- მოკლას. ეგ მარტო გაუნათლებელი ან საძაგელი ადამიანი, გაპირუტყვებული ჩაიდენს, სხვა კი არავინ"
    გეცნოთ? სწორედ იმ დროს ვკითხულობდი, საქართველოში ბუზებივით რომ ხოცავდნენ ყოფილი ქმრები და ყოფილი ქმრის ბიძაშვილის მეზობლები ქალებს. სამარცხვინოა, რომ ამ მხრივაც იგივე წუმპეში ვართ, სადაც 100 წლის წინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. 
  • Chuck Palahniuk - Beautiful You - ძალიან გამიცრუა იმედები ჩაკმა.  არადა, როგორ ველი ხოლმე მის ახალ რომანებს. :(  რომანი არის, უფრო სწორად, მას უნდა იყოს ქალის სექსუალური თავისუფლებასა და ამით მანიპულირების საშიშროებაზე. მაგრამ არის "სისწრაფეში დაწერილი" საკონტროლო წერის თემასავით უაზრო და სატირის უგემოვნო მცდელობა.... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩაკს ოდესმე ასე გავუსწორებდი მიწასთან რამეს. :D
სულ ეს იყო. წლევანდელი challenge-ის გამო, მომავალ წელს უფრო მეტით დავბრუნდები. ასევე შევცვალე ტაქტიკა და უშუალოდ წიგნის დასრულებისთანავე ვწერ აზრს. ბევრი რამ ასე ჯერ კიდევ მკაფიოდ მახსოვს ხოლმე და გაცილებით უფრო იოლად ვუყრი თავს სათქმელს. ისე, ძალიან მშურს ადამიანების, რომლებსაც 20 წლის წინ წაკითხული წიგნები ახსოვთ დეტალებში და ზედმიწევნით. :/


5 Kommentare:

  1. აუ, პლათის წაკითხვით ისეთი სტრესი გადავიტანე, სამუდამო კვალი დატოვა მგონი ჩემს ფსიქიკაზე :) ზაფხულის ცხელ-ცხელ დღეებში ვკითხულობდი, კიდევ კარგი, და უფრო იოლად გადავიტანე (ამ ზაფხულს). მას შემდეგ ძალიან ბევრს ვფიქრობ, რატომ მიდიან ადამიანები თვითმკვლელობამდე. თავიდან იმდენად ბევრს ვფიქრობდი, რომ ცოტა მეშინოდა კიდეც :დ

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. სიმართლე გითხრა, იმხელა შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, როგორც სხვები წერენ ხოლმე.
      შეჯამებისას ვფიქრობდი, კიდევ უნდა გადავიკითხო, იქნებ რამე გამომრჩა-მეთქი.
      არა-სუიციდური ვერასოდეს ჩაწვდება, ალბათ, ბოლომდე იმას, როგორ მიდიხარ აქამდე. თუმცა, მოვლენები რაღაც გარკვეული თანმიმდევრობით თუ მოხდა, მგონია, რომ ყველას შეილება ეს ერთადერთ ხსნად/მიზეზად/აზრად/გამოსავლად მოგვევლინოს. იმედია, რომ არ მოგვიწევს... და არც სხვებს... საერთოდ არავის.

      პ.ს. ისე რამე სუიციდის ცხელი ხაზი არსებობს საქართველოში,ნეტავ?

      Löschen
  2. ვერ მივხვდი, კომენტარი დავტოვე თუ არა -_-

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. ააჰ, მგონი წინა კომენტარი წაიშალა. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ კარგი წიგნებია და მე კიდევ ამ ბოლო დროს მხოლოდ ჩიკფლიკებს და ნონფიქშენებს ვკითხულობ, სხვას ვერაფერს :(

      Löschen
    2. ნონფიქშენები მაქვს წელს სიაში, მაგრამ უფრო 2nd wave feminist ავტორები ჭარბობენ.
      ახლა საქართველოში მივდივარ და იქიდან უნდა წამოვიღო ახალი ქართული ნაწარმოებები, თორემ საერთოდ არ ვიცი, რა ხდება მაგ მხრივ და რასაც ვკითხულობ, ჯერ ვერ აღვფრთოვანდი

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates