24.01.13

ჩემი პირადი რეაქცია "პუტინი ყველაფერს გააკეთებს"-ზე

მე შეიძლება ბევრი რამ არ მახსოვდეს.
უფროს სწორად, 8 წლის ვიყავი და რა გასაკვირია, ბევრი რამ არ მახსოვდეს.
მე იმის ნახევარიც არ გადამხდენია თავს, რაც უამრავ დევნილს.

მამაჩემი ცოცხალია. არ მოუკლავთ წამებით. არ ამოუთხრიათ უკვე მკვდრისთვის გული. მე არ გავზრდილვარ ამ ტვირთით. ჩემი დეიდაშვილები გაიზარდნენ.

ჩემი ორივე ძმა პატარა იყო. შესაბამისად, ორივე ცოცხალია. ჩემი ძმა არ მომკვდარა ომში. ჩემი მეზობლის ძმა მოკვდა.

მე არ დავქვრივებულვარ 28 წლის და არ დამრჩენია 2 მცირეწლოვანი შვილი მოსავლელად. დეიდაჩემი დაქვრივდა.

მე არ ავუყვანივარ ტყვედ, იმის გამო, რომ ჩემი შვილი იბრძოდა და პლიუს ბევრი ფულის შოვნის შანსი იყო, რამეთუ შეძლებული ოჯახი მყავდა. ბაბუაჩემი წაიყვანეს.

მე არ გავყინულვარ სვანეთის გზაზე, მცირეწლოვანი.
მე არ გამოვუდენივარ პირუტყვივით სამაჩაბლოდან.

მე აფხაზეთიდან გამაგდეს.
მე არასოდეს ვარ "სახლში".
ჩემი ბავშვობის ყველაზე სასიხარულო ამბავი "დახმარება მოვიდა" იყო.
მე არ მქონდა ერთი თოჯინაც კი.
მე ყოველთვის ჩემზე ერთი-ორი ზომით დიდი/პატარა ტანსაცმელი მეცვა. ნუ, რა თქმა უნდა, ვიღაცის გამონაცვალი.
მე ყოველდღე ვუყურებდი ხალხს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგა. ადამიანები დაკარგა, ოჯახის წევრები დაკარგა.

მე ბევრი ვარ. ჩემზე ათასჯერ მეტიც გადაიტანა ბევრმა.
და მე აბსოლუტურად სუბიექტური ვარ.

და თქვენ რომ გადმობრძანდებით თქვენი ჯიპებიდან, ან გერმანიაში ჩამობრძანდებით და სასტუმრო მანდარინში ათასობით ევროს იხდით და ხელის კრემში 70 ევროს აძლევთ, არც ერთხელ გახსენდებათ, რომ ჩვენ არ გვქონდა ბავშვობა. თქვენ ფეხებზე გკიდიათ, რომ ჩვენ არ გვქონდა ბავშვობა, რომ ვიღაც 28 წლის დაქვრივდა, ვიღაც 7 წლისა დაობლდა, ვიღაც სასოწარკვეთილი ფიქრობდა, რა ეჭმია ხვალ შვილებისთვის... ხვალ კი არა, დღეს რა ეჭმია.

და გყოფნით თავხედობა შეეტენოთ ძალას, რომელიც აბსოლუტურად ჩარეული იყო ამ ყველაფერში. შეეტენოთ ისე, რომ ჩვენ არც გვკითხოთ...

ამიტომ, ძალიან სუბიექტურად, ქართულო ეკლესიავ, რომელსაც არაფერი ესაქმება პოლიტიკაში, რომელიც ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, რომელიც საკუთარ კუჭს იქით ვერაფერს ხედავს, რომელიც თვლის, რომ "პუტინი ყველაფერს გააკეთებს...", მეც ფეხებზე მკიდიხარ!

ამ ყველაფრის გამო,
უმცირესობების მიმართ მრევლში სიძულვილის გაღვივების გამო,
მრევლში ნაცისტური ელემენტების ჩანერგვის გამო,
სექსიზმის გამო,
ყველა ჩვენგანის დავიწყების გამო.

იმ იესოს, რომელიც თქვენ "ესოდენ გწამთ", შერცხვებოდა თქვენი.
იმ ღმერთს, რომელმაც "თავის ხატად" შეგქმნათ, შერცხვებოდა თქვენი.
მე, სუბიექტურად, მრცხვენია, რომ ოდესმე ვიყავი მრევლი და მჯეროდა, რომ ჯანსაღი კრიტიკით და დიალოგით უნდა შეგვეცვალა ეკლესიის მიდგომა.

თქვენ მხოლოდ "ნაკლები ფული შემოვიდა ამ თვეში" შეგცვლით და გაგაყიდინებთ ყველაფერს და შეგაცვლევინებთ ყველაფერს.

გილოცავთ, თქვენი მრევლის სია ერთი ადამიანით დამოკლდა.

3 Kommentare:

  1. ანეგდოტი გამახსენდა ერთი, ცხვარი ოქროს თევზს დაიჭერს და ის ეუბნება სურვილს აგისრულებო და ცხვარმა არ მინდა არაფერი, შენი გზით გაგიმარჯოსო და გადაირევა თევზი, ერთი სურვილი როგორ არ გაქვს რამე ინატრეო, მგლებს მაინც მოგაშორებ არ გინდაო?! და ცხვარმა - მგლებს მე თვითონ მივხედავ, ოღონდაც ეს მღვდლები მომაშორე შენო :)

    AntwortenLöschen
  2. როგორ გეთანხმები, რომ იცოდე!. ძალიან მაღიზიანებს ჩვენი რეალობა :(

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. me damatebit is magizianebs, rom rogorc chans, dzalian cotas adardebs es yvelaferi da danarchenebma "cxvris" epitafi axali agtqmidan dzalian shecdomit gaiges.

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates