25.10.14

Home 2014

  • აეროპორტში პასპორტის კონტროლიდან იწყება სახლი. 11 წლის მანძილზე ოთხჯერ მომიწია ამ პროცედურის გავლამ. წინა ჩამოსვლისას (რადგან ქართულად ვწერ, სულ მგონია, რომ მარტო საქართველოში მკითხულობენ  და ვერასდროს ვწერ "ჩასვლისას"-ს :)) ახალგაზრდა ბიჭი მიმოწმებდა პასპორტს. მაშინაც 3 წელი არ ვიყავი სახლში ნამყოფი და ალბათ, ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი, ყურებამდე ღიმილით და გულღია "მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ"-ი, იმ ახალგაზრდა ბიჭმაც ყურებამდე გამიღიმა.  წელსაც, 3 წლის შემდეგ, 40° სიცხის კვალობაზე უადგილოდ ჯინსის ქურთუკიანი და ჩექმებიანი, ალბათ, საოცრად გამოვიყურებოდი. ჰოდა, ვინმე თუ იცნობთ აეროპორტში პასპორტის კონტროლზე მომუშავე ხალხს, დაულინკეთ ეს პოსტი, ან გადაეცით, რომ მინიმუმ ერთი ადამიანის დღეს (თუ ღამეს) ალამაზებენ, ღიმილიანი "კეთილი იყოს თქვენი მობრძანებით". :)
  • არ შეიძლება გამოვტოვო Lufthansa-ს ქართული სტაფი აეროპორტში, უკვე გამომგზავრებისას. ამ წუთას რომ დედაჩემის გაკეთებულ ლეღვის მურაბას მივირთმევ, მთლიანად იმ შავთმიანი გოგოსა და კეთილი ბიძის დამსახურებაა ;)
  • ჰოდა, როგორ ცხელოდა. მმმმ... სულის  შეხუთვამდე და ოფლის წურწურამდე და როგორ ვგიჟდები სიცხეზე. აბსოლუტურად შეცდომით არჩეულ ქვეყანაში ვცხოვრობ სამაგისოდ. :D
  •  მერე, შევედი მაღაზიაში. ნამდვილად არ ვიცი, სხვების გადაპარსული თავიც ასეთი თემაა, თუ არა, მაგრამ დაცვის თვალის პაჭუნით ჩემი შესვლის მთელი კონსულტანტებისთვის გაგებინება დიდ რიტუალად ვაქციეთ ჩემს იქ ყოფნაში. ნიკორას სტაფი იყო, ბარემ, ჩავუშვათ. თუმცა, უფრო შემაწუხებელი სხვა რამ იყო: კონსულტანტები გამუდმებით დაგდევენ უკან. არ გეკითხებიან, რა გინდა. უბრალოდ, შეუხვევ ერთ რიგში, მოპირისპირე მხარიდან დადგება- გიყურებს, გახვალ მეორეში, ჩუმად მოგყვება. მე არ ვიცი, ვინ მოიფიქრა მათი დავალება, მომხმარებელს თავი აგრძნობინონ საეჭო კრიმინალად, მაგრამ ძალიან, ძალიან შემაწუხებელია, როცა გრძნობ, როგორ გითვალთვალებს ვიღაცა.
  • მერე მაგთის ოფისში იყო ძალიან საყვარელი გოგო, რომელმაც შეამჩნია ჩემს მიერ დატოვებული მობილურის ბუდე და დამახვედრა. ზოგადად, მსგავს დაწესებულებებში იყო გადასარევი სერვისი. ბანკში, მაგალითად, რაღაც არასწორად დაითვალეს და ქუჩაში მდია კონსულტანტმა, უნდა გამოვასწოროთო. ნუ, შეიძლება, თავად ვარდებოდა შარში და ეგ უფრო აწუხებდა, მაგრამ მე ძალიან მესიამოვნა ეს ფაქტი.
  • და აი, მაგთის ოფისიდან მოყოლებული დაიწყო: სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან უნდა მიუთითო შენი მობილურის ნომერი.  ჰა? wtf? რატომ უნდა მივცე მატარებლის სადგურში ბილეთის ყიდვისას ვინმეს ჩემი ნომერი? საერთოდ, პირადობის მოწმობა რატომ უნდა ვაჩვენო? ბათუმში მივდივარ, საზღვარს ხომ არ ვკვეთ? აღარ გავიხსენებ სხვა დანარჩენ კომპანიებს, რომლებმაც შემდეგ ამიკლეს სმს-ებით. არავის გაწუხებთ?
  • მერე გადავწყვიტე მანქანის ტარების სწავლა მანდ დამეწყო, რადგან აქ ძალიან ძვირი ღირს თითო გაკვეთილი (თილისში 9 გაკვეთილში გადავიხადე იმდენივე, რამდენსაც აქ 2 გაკვეთილში გადავიხდიდი). ჩემი მასწავლებლის მოძებნა დაევალა ჩემს დას, რომელმაც დარეკა თავის მასწავლებელთან და აუხსნა, რომ ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული და მართვის მოწმობის აღება არ მჭირდებოდა. მასწავლებელმა გადაგვამისამართა მის მეგობართან, რომელმაც მითხრა, რომ გაკვეთილი ღირდა 20 ლარი. მერე გაირკვა, რომ თურმე გაკვეთილი 15 ლარი ღირს და მხოლოდ ქუჩაში ტარება ღირს 20 ლარი. თან როგორ გაირკვა: ბოლო გაკვეთილზე ბათუმიდან ჩამოსულმა დავრეკე. დავიწყებული ვყავდი და მითხრა, ხომ იცი, ქუჩაში ტარება 20 ლარი ღირსო... :) მეწყინა, ცოტა არ იყოს. იმიტომ კი არა, რომ 20 ლარი არ ეკუთვნოდა. პირიქით, თავიდანვე ავუხსენი ჩემს ინტრუქტორს, რომ რვიანებში გავლა არ მჭირდებოდა და განსხვავებულად მამეცადინებდა. უფრო იმიტომ, რომ ავტოსკოლის მფლობელმა თავისი ჭკუით, დამაგოიმა. ნუ, გერმანიიდან ჩამოსულს 5 ლარი გამიჭირდებოდა? მერე რა, თუ ცოტა მეტს "ამოიღებდა ჩემგან"? :|
  • კიდევ, აბსოლუტური ბოიკოტი გუდვილს! არ შეიძლება, მასკარპონეს, რომელსაც აქ 2,5 ევროდ ვყიდულობ, იქ 25 ლარი ედოს. არც ყავის ფილტრს შეიძლება 5 ლარად ყიდდნენ, რომელიც აქ, ედეკაში, სადაც მე ვყიდულობ სურსათს, 45 ცენტი ღირს. სია შეიძლება განვავრცოთ თითქმის ყველა "გერმანულ პროდუქტზე", რომელსაც გუდვილში შეხვდებით. არ იყიდოთ! ოდესმე უნდა მივხდეს გუდვილი და ყველა დანარჩენი, რომ 1 დღეში გამდიდრების გეგმა არ შეიძლება გრძელვადიანად ამუშავო. საბჭოთა კავშირს დიდად არ მოვსწრებივარ, მაგრამ წაკითხულიდან მივამსგავსე დეფიციტურ საქონელზე ასტრონომიული ფასების დადებით, რომლებსაც მხოლოდ ძალიან სვეცკები ყიდულობენ და მხოლოდ სტატუსის გამო.
  • მერე იყო გადასარევი ბათუმი, მწვანე კონცხი, კვარიათი. კვარიათიდან ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსში ჩემი ნახევრად აპარსული თავით გადარეული მგზავრები, შემაწუხებელი ჩაშტერებით. ხულოს უღელტეხილი და ულამაზესი ზემო აჭარა. ჩემი სოფელი მესხეთში, სადაც პირველად შემცივდა საღამოს, მთელი ჩემი 3 კვირიანი ვიზიტის განმავლობაში.  ძალიან დამღლელი, თითქმის ყოველდღიური ვიზიტები იუსტიციის სახლში. არაჩვეულებრივი სტაფი ალბიუსში (ყოჩაღ, აღასპერ!) და არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი ლალი კოჭლაშვილი, რომლის გამოც, მომდევნო 2 წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ მაინც მიხილავენ აეროპორტის პასპორტის კონტროლზე მომუშავე კეთილი ადამიანები, ახლა უკვე ბრეკეტებიანი ღიმილით. :)

... მერე ჩამოვედი მიუნხენში და აქაური პასპორტის კონტროლისას ეგრევე მაგრძნობინეს, რომ აღარ ვიყავი "სახლში"...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates