08.09.11

აქაურ ამბებზე


მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც Chaotic Reality-ის ბლოგისთვის პოსტი უნდა დამეწერა. გახსენებით ხშირად მახსენდებოდა, მაგრამ სისრულეში ახლაღა მოვიყვანე.



ვფიქრობ, პოსტი თუ წერილის ფორმით იქნება და ამ წერილს თავად ავტორს მივწერ, არაფერი დაშავდება. მინდა ცოტა რამ იმაზე ვთქვა, რასაც ბოლო პერიოდში ვფიქრობ და არ მომწონს..



***


ქრისტი,



შენ დიდი ხანია მანდ ხარ. აქ კი რაღაცები თანდათან შეიცვალა.
არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოხდა ეს ცვლილება საზოგადოებაში, რაც უკვე ასე მკაფიოდ ჩანს, მაგრამ მთავარია, მოხდა და თუ მალევე არ ეშველა, უფრო და უფრო ბევრნი ვიქნებით სამშობლოდან გაქცეულები და სადმე თავშეფარებულები.



საქმე ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ადამიანთა განწყობები გარდაიქმნა, სოციუმი დაიყო და ერთიანობის წევრ სუბიექტად აქ თავს თითქმის აღარავინ გრძნობს. ისინი ძირითადად უკმაყოფილოები დაიარებიან, ეს სახეზეც აწერიათ და ღიადაც გამოხატავე - სუფრასთან, ტრანსპორტში, სამსახურებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში. უკმაყოფილება კი ეხება ყველაფერს, ხელისუფლებიდან- კარის კაცამდე:



ყველა მძღოლს ჰგონია - რომ მანქანას ყველაზე კარგად თვითონ მართავს, სხვა ყველა კი უვიცია და წესს არღვევს.



ქალაქის ყველა მცხოვრებს ჰგონია - რომ მისი მეზობელი არ გვის კარის წინ და ამიტომ არის სადარბაზოში სიბინძურე.



ყველა მოქალაქეს ჰგონია -რომ იცავს სისუფთავეს და ”სხვები” ანაგვიანებენ ქუჩას.



ყველა ოფიციანტს, გამყიდველს, მანქანების მესადგომეს ჰგონია - რომ ძალიან ნიჭიერია და იჩაგრება, როცა ასეთ სამუშაოს ასრულებს, შენზე ”მაგარია”, ამიტომ ზემოდან გიყურებს და მომსახურებას აუცილებლად დაგამადლის.



ყველა ოჯახს ჰგონია - ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი აქვს, საუკეთესო შვილი ჰყავს, არსებული სიტუაცია კი იმიტომ დამძიმდა, რომ ”ეს ახალი თაობა გადაგვარდა”.



ასე თუ მივყვებით, ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.



მთავარი საკითხი კი ყველა ასეთ დეტალში ის არის, რომ ადამიანები საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და თავს სხვაზე უკეთესად მოიაზრებენ, უკლებლივ ყველას სჯერა - არაფერს აფუჭებს, წესრიგეს იცავს, ზრდილობიანია, კეთილია, ინტელექტით გამოირჩევა, ნასწავლია, მაგრამ ”სხვა”, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, მისი ნათესავით დაწყებული მეეზოვით დამთავრებული, უქნარა, უვარგისი , ქვეყნის დამაქცევარია და ”სწორედ ასეთების გამოა, როგორც ვართ”.



ყველანი ერთმანეთს ვაძაგებთ, კარგს არაფერს მოველით, სრულიად ერს ვლანძღავთ და განვიკითხავთ - ”ჩვენ ხო არც სპორტში გვიმართლებს”, ”ქალაქები უშნოვდება”, ”არაფერი კეთდება”, ”ახალგაზრდებმა არაფერი იციან” ( მაგრამ ფრაზის ავტორის შვილმა იცის!)..



ჰოდა აი, ვერ გამიგია, რა არის ეს - სხვაზე გადაბრალების, განდიდების სურვილის, საღად ვერ აზროვნების, ამპარტავნების სენი?! რომელიც ვფიქრობთ, რომ ყველას აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ”მე”.


იქნებ მეც ასე ვფიქრობ, რომ ”ერი”,” ხალხი”, ”საზოგადოება” გახდა ასეთი და საკუთარ თავს ვერ ვამჩნევ.. მაგრამ იმას კი ვამჩნევ, რომ სხვაგან წასვლაზე ფიქრი გააქტიურდა და ეს სულაც არ მომწონს.


ასეთი განწყობაა ქალაქში, ქვეყანაში, რაც ყველგან იგრძნობა - ქუჩაში, კაფეში, უბანში, მეგობრებში..


არ ვიცი, რა აღადგენს ერთიანობის გრძნობას, საზოგადოების და მისი წევრებისადმი შემწყნარებლობას - რომ ჩვენ კარგები ვართ, ჩვენც რაღაც შეგვიძლია (და არა მხოლოდ ”მე”), ჩვენ ვვითარდებით- ისევე როგორც სხვა ერებს, გვაქვს ლაფსუსები, მაგრამ ვიზრდებით და ვსწავლობთ და ამ პროცესში ეს სიძულვილი სრულიად უადგილოა.


აქ ხალხი ერთმანეთს პატივს არ სცემს, არ უყვარს.
ან აღარ უყვარს.


ცოტა ხანს კიდევ იყავი მანდ, ქრისტი

და შენს ბლოგს ეს აღშფოთებული პოსტი რამენაირად მოარგე.


P.S. ალბათ, რამე დამტკბარი და ფერადოვანი პოსტი აჯობებდა, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ შენ- ასე შორს მყოფს, მე გწერ წერილს მელნით და თაბახის ფურცლით და გიყვები აქაურ აბებს პუბლიცისტურ ჟანრში.
მერე შენ მანდ გახსნი დიდხასნ გზაზე მყოფ და ძლივსჩამოღწეულ კონვერტს, წაიკითხავ და წერილების ყუთში სამშობლოდან გამოგზავნილ ბარათებს შორის ამასაც შეინახავ.


2011.09.08


ბაბისა

6 Kommentare:

  1. ჩვენი რეალობა :|
    იმედი მაქვს, ქრისტის ჩამოსვლამდე უკეთესები თუ ვერა, უარესებიც არ გავხდებით და იქნებ უკეთესობის სურვილი გაგვიჩნდეს.

    AntwortenLöschen
  2. ეჰ... :(
    მწარე სიმართლე.

    AntwortenLöschen
  3. აუუუუ, უგრძელესი კომენტარი წამეშალა.:mad:

    AntwortenLöschen
  4. ესე იგი, მას შემდეგ, რაც საქართველოში დიდის ამბით დავწერე ძალიან დიდი კომენტარი და წამეშალა, ახლაღა დავჯექი, რომ გემრიელად ვუპასუხო.
    პირველ რიგში, დიდი მადლობა პოსტისთვის და ასევე ბოდიში ასეთი დაგვიანებული კომენტარისთვის (სანამ გამოვაქვეყნებ, მაინც დავაკოპირებ, რა იცი, რა ხდება :D).

    როცა გვერდიდან, ჩასული უყურებ ყველაფერს, ცოტა სხვანაირად აღიქვამ, რა თქმა უნდა, ვიდრე ყოველდღიურად იქ ყოფისას.

    ყველაზე მეტად რაც თვალში მომხვდა, იყო ის, რომ ყველა დაძაბულია. იმდენად არიან დაძაბულები, რომ cool-ები იყვნენ, რომ ძალიან, ძალიან uncool-ები ხდებიან ბოლოს. chill out კონცეპტი არ არსებობს, იმენა. არის ერთი გზა და ან ხარ მაგ გზაზე, ტიპა, გაცვია, ისე, როგორც ამას მეინსტრიმი მოითხოვს;უსმენ, რასაც მეინსტრიმი ითხოვს; დადიხარ, სადაც მეინსტრიმი დადის და ან ხარ ბანძი და გოიმი და ეს აბა, დამეთანხმდებით, რომელს უნდა აეკრას იარლიყად :D
    ისინიც კი, ვისაც ჰგონია, რომ ანდერგრაუნდია, სერიოზული მეინსტირმის გავლენის ქვეშ არიან, რაც რაღაც წილად საზოგადოების წნეხით შეიძლება აიხსნას. გვინდა ეს თუ არ გვინდა, მაინც არ ჰკიდია იქ ხალხს, მეზობელი ლამარა რას იტყვის და მოკალი...

    ნი, შენ რაც დაწერე ზემოთ, ნაწილობრივ ეგენიც შემომეფეთა თვალებში, მაგრამ მე, როგორც შევარდნაძის დროს წასული, პოზიტიურად რომ მივუდგეთ, ვიტყვი, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთაა (ადამიანების თვითშეგნებაც რამდენიმე პროცენტით. თუნდაც ის, რომ ნაგვის ყუთამდე მისვლა არ დაეზარა რამდენიმეს ქუჩაში :D), ნეიტრალურად და რეალისტურად რომ მივუდგეთ, ჯერ კიდევ ბევრი რამეა გადასახლისებელი, მაგრამ ამისთვის რეალური დროის მონაკვეთია საჭირო, 1 წელში და 10 წელშიც ვერ შეცვლი მთელ თაობებს და პესიმისტურად რომ მივუდგეთ და მოკლედ მოვჭრათ: ჯერ კიდევ ტრაკში ვართ... :D

    ანუ, ამ სამივეს დანახვა შეიძლება.

    AntwortenLöschen
  5. მწარე პოსტია! უფრო მწარე ისაა, რომ მართალია. ორი წლის წამოსული ვიყავი აქეთ, საქართველოში ორი კვირით რომ წავედი და გული გამისკდა. მაშინ ვთქვი მე ამ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ მეთქი.
    ეხლა გამოხტებიან "პატრიოტები" და იტყვიან;-აუ შენ რა გაგერმანელდიო და აშ. ყველაზე საშინელება მართლა ისაა რომ სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ და საკუთარში კი დირეს ვერ ვამჩნევთ. "ჩვენნაირი ერი ხომ ქვეყნად არ დაბადებულა". საამაყო წინაპრების ხსენებაში(საფლავებში ბრუნდებიან ალბათ ამდენი ხსენებით!), რეალობას ვეღარ აღვიქმავთ. ქვეყნის საერთო მდგომარეობამ კი არ გამაოგნა, არამედ ადამიანებმა. გული ამერია... ქვეყანა ეკონომიურად კი განვითარდა, მაგრამ ადამიანები გაამპარტავდნენ და გაბოროტდნენ. ქრის ომი შენც კარგად გახსოვს და რა დროც გამოვიარეთ, მაგრამ ადამიანები ასე გაბოროტებულები არ იყვნენ. ეხლა გამყიდველს იქეთ უნდა ემსახურო და ბოდიში უხადო ტანსაცმელი თუ არ მოგერგო და არ იყიდე. ან ამხელა გოგო აქ ველოსიპედით როგორ დავდივარ, როლიკებიც რომ ვიყიდე ეგ არ მითქვია, როგორ არ უნდა შემრცხვეს. ნუ ქუჩაში ასეთი ჩაცმული როგორ გავდივარ, და რა ვიცი რამდენი ჩამოვთვალო. ქუჩაში რომ გახვალ ღრმად არ უნდა ჩაისუნთქო, რომ არ შეგეტყოს რომ სუნთქავ! არა მგონია რომ ხალხის ფსიქოლოგიას რამე ეშველოს...

    AntwortenLöschen
  6. და ისა ქრის, კომენტარებს არ ვწერ მაგრამ ბლოგს ვკითხულობ. მეგობრები არ კითხულობენო სადღაც თვალი მოვკარი. რას ამბობ ერთი ისეთი ლექცია მაქვს ნახევარ ჯგუფს ძინავს და შენი ბლოგი რომ არა ჩემს სურათსაც გამოაქვეყნებდნენ ჩაძინებულ მდგომარეობაში :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates