მაშ, ასე:
2013
- Chuck Palahniuk- Snuff - წლის დოზა ჩაკი. დაულაგებელი და ქაოტური პლოტი იყო, უნდა ვაღიარო. თუმცა მისი რომანები დიდი დალაგებულობით არ გამოირჩევა, ეს მოიკოჭლებდა თხრობის მიმდევრობასა და კვანძების გახსნაში (რა სიტყვაა :D). ერთი, შეკრული ამბის ნაცვლად, რაღაც გამოვიდა ბოლოს, რამაც დიდად არ აღმაფრთოვანა.
- George R.R. Martin- A Game of Thrones
- George R.R. Martin- A Clash of Kings
- George R.R. Martin- A Storm of Swords
- George R.R. Martin- A Feast of Crows
- George R.R. Martin- A Dance with Dragons
ლირიული გადახვევა: პირველი წიგნი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში გამოვიდა და ამ ფაქტის კვალობაზე, იმ ადამიანებს, რომელბიც fb-ზე ასპოილერებდნენ, როგორც კი "ვაშააა, ერთი სერია ვნახეთ", იმჰო, უნდა დაუბლოკონ პროფილი (უფრო უცენზურო რამეებიც მომდის თავში, როცა მსგავს სტატუსებს ვხედავ, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ).
განვაგრძეთ, კიარადა, დავიხიეთ უკან და:
2012
- Chuck Palahniuk- Choke რამდენს გადაიხდით შანსში, გადაარჩინოთ ადამიანი სიკვდილს? რამდენი ხნის განმავლობაში გადაიხდით? რამდენად გიღირთ გმირობა, ან მართლა ყველაზე მეტად გინდათ გმირობა? უf, და კიდევ გავაგრძელებდი განხილვის სტილში, მაგრამ ბევრი რამის დაწერა მომიწევს. გირჩევთ, თუ ჩაკის სტილი მოგწონთ.
- Elizabeth Wurtzel- Bitch: In Praise of Difficult Women მოძრაობის მესამე ტალღის მწერლის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც ბევრ თემას ეხება, კრიტიკულად უდგება ფემინიზმს, როგორც ასეთს (მეორე ტალღას), განიხილავს "ცუდი გოგოს" იმიჯს, მნიშვნელობას. ისეთი წიგნი იყო, ბევრ რამესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა რომ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საწყის პრობლემაზე ვუთანხმდები და დიდი სიამოვნებით რომ დავჯდებოდი და გავესაუბრებოდი მოცემულ თემებზე.
- Margaret Atwood- The Handmaid's Tale როგორც კი სადმე მედიაში ვუყურებ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლას, ეგრევე ეს წიგნი მახსენდება. ტოტალური დაქვემდებარების ზენიტი და მისი მიზეზ-შედეგები თუ სრულ უტოპიად გეჩვენებათ, ცუდად გამოფხიზლდებით. ერთადერთი შვება ის იქნება, რომ ჯერ იქამდე არ მივსულვართ და ზარიც თუ დარეკავს თავში, რომ იქამდე მისვლას ხელი უნდა შევუშალოთ, წიგნს თავისი საქმე გაკეთებული ექნება.
- Maya Angelou- I Know Why the Caged Bird Sings წიგნი, რომელზეც ერთდროულად ვნანობ და მიხარია, რომ აქამდე არ წამიკითხავს. 2 წლის წინ რომ თავზარი დამცა, ჯერ კიდევ არასტაბილური თინეიჯერობის დროს რას მიზამდა. რატომღაც მგონია, რომ ყველას გექნებათ წაკითხული და არ გავარჩევ დიდად. თუ ვინმეს არ გაქვთ წაკითხული, გადახედეთ, არ ინანებთ.
- Germaine Greer- The Female Eunuch ცნობილი ფემინისტური ნაშრომია. საკმაოდ კრიტიკული, შეიძლება სახეში მოგხვდეს ბევრი ადგილი, ისე გეცნოს სიტუაცია და ძალიან გაბრაზდე და მეორე, ცნობილ ფემინისტს რომ დავესესხოთ: "The truth will set you free, but first it will piss you off". მერე მოდის იდეა გაბრაზების აუცილებლობაზე, მაგრამ ბევრისთვის, ალბათ, უფრო რადიკალური, ვიდრე სხვა იმ დროის ფემინისტების იდეები. მაგ.: ოჯახში ქალის როლის საპასუხოდ, ქალების მხრივ მასიურად ოჯახების დანგრევა- როგორც არ უნდა ვიყო ქორწინების, როგორც ასეთის, არააუცილებლობაში დარწმუნებული, საკმაოდ გულუბრყვილო მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, არასათანადო ხელფასის, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების ყოლის სურვილიდან გამომდინარე ქალების მიერ კარიერის/სამსახურის მიტოვების მაჩვენებლის და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით (თუნდაც ის ფაქტი, რომ ქორწინება, რომელიც (წესით) არის უფლება ზრდასრული ადამიანებისა, იცხოვრონ ერთად, იქ გადასახადების და ეგეთების სიკეთე და ასევე ქორწინების vip კლუბობა რომ დავიკიდოთ და უბრალოდ, არის ხალხი, ვისაც უნდა იყოს ქორწინებაში). ბოლოს საკმაოდ ნათელ მომავალსაც ხატავს, როგორც გამოსავალს, მაგრამ ეს წიგნი რომ დაიწერა, იმის მერე კარგა ხანი გავიდა და ჯერ ის მომავალი არ მოსულა და მოდი, ისიც ვაღიაროთ, ცოტა უტოპიური მომავალიც კი ჰქონდა წარმოდგენილი.... მეორე მხრივ, body image-თან და საკუთარი თავის ხედვა/რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან ბევრ დადებით თემას ეხება. ანუ, თუ ხართ დაინტერესებულნი ფემინიზმით/ფემინისტური ლიტერატურით, ღირს წაკითხვა.
- Erica Jong- Fear of Flying თუ არ ვცდები, ერიკას სადებიუტო რომანი იყო. თავის დროზე ეროტიკა ქალებისთვის- ქალისგან დიდი ზარ-ზეიმით და ტაშის კვრით არ აუტაცებიათ. 2012-თვის ვერაფერი სკანდალური რომანია. მე ცოტა გამაღიზიანა ჩვეულებრივმა სასიყვარულო სამკუთხედმა და იმაზე ფიქრმა, ვის აირჩევდა მთავარი გმირი- არადა, უეჭველი ხომ უნდა აერჩია... give me a break...
- Kazuo Ishiguro- Never Let Me Go ვუწევ რეკომენდაციას ორივე ხელით! ფილმი, ვიცი, ბევრს მოეწონა და მართლაც კარგი ეკრანიზაცია იყო, მაგრამ წიგნი საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. რომანი ადამიანებზე, სულზე, სიყვარულზე, იმედზე, ვიღაცის თავგანწირვაზე და ვიღაცის უფრო თავგანწირულ ბრძოლაზე, უფლებაზე- იყო ადამიანი... არცერთი სპოილერის დაგდება არ მინდა პრინციპულად. უბრალოდ, წაიკითხეთ და მერე კომენტარები დატოვეთ. იქ გავარჩიოთ (spoiler allert ან რამე მიაწერეთ, ღმერთმანი) :)
- Bret Easton Ellis- American Psycho გადარეული ადამიანის გადარეულ ტვინში გაელვებული გადარეული აზრები, გადმოტანილი ფურცელზე. თუ გაქვთ რამე სტანდარტი, რის დაბლაც არ ეშვებით, უცენზურობის, სექსის სცენების ზღვრების, "სისხლების და გასხმების" ამბავში, ნუ წაიკითხავთ. ასევე, თუ ფილმი გაქვთ უკვე ნანახი, მაინც წაიკითხეთ: ეკრენიზაცია ჩამოუვარდება ხარისხით წიგნს.
- Margaret Atwood- The Year of the Flood ფანტაზიაც არის და ფანტაზიაც! და ამ ქალბატონს აქვს საოცარი უნარი წარმოიდგინოს მსოფლიო, რომელშიც ხალხს მოუწევს ცხოვრება, უცებ რომ ერთი ნაბიჯი შეგვეშალოს და მცდარი გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ რომანში უფრო მეტი enviromental პრობლემაა, ვიდრე ზემოთ აღნიშნულში. ერთი-ორგან მდორედაც იკითხებოდა. სულ მეგონა, რომ ხელოვნურად წელავდა ვითარებებს და მერე, 2 გვერდში მოუყარა უცებ თავი ამბავს. აი, 1000 დღიანი მოგზაურობის მოსაყოლად რომ მოგცენ 1 საათი და შენ 45 წუთი ისაუბრო მოსამზადებელ პერიოდზე, მერე 10 წუთი-პირველი დღის შთაბეჭდილებებზე და ბოლოს 5 წუთში ჩატიო დარჩენილი 999 დღე.
- Nino Haratischwili- Juja გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლისა და რეჟისორის სადებიუტო რომანი. სათაური მოდის ზემას "ჟუჟა"-დან. არ მომეწონა... უფრო სწორად, ნაწილ-ნაწილ მომწონდა და მეგონა, რომ ჰა, ახლა ამოქაჩა-მეთქი, მაგრამ მთლიანობაში გადასარევი იდეა გადაურევლად ჩაასრულა...
- Chuck Palahniuk- Lullaby უf, გემრიელი. როგორც წესი, საკმაოდ უწმაწურად წერს და თითო რომანში 2-3 ტაბუ/სკანდალს რომ არ მოუყაროს თავი, ვერ ისვენებს, მაგრამ ეს შედარებით მშვიდი (თუმცა, არა ნაკლებ იდეებიანი) სკანდალისგან შედგება. შეიძლება იმიტომაც მგონია ასე, რომ საქმე ჩვილებს ეხება და მანიპულაციისთვის (ა.კ.ა. უცოდველი არსება) მშვენიერი საშუალებაა. გირჩევთ მაინც.
მომდევნო წლის ნაწილი უკვე დაიკავა რამდენიმე წიგნმა ფემინისტური ლიტერატურის სიიდან. ასევე დიდი ნაწილი დაეთმობა მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურას, თუ მანამდე მარტინისებური ადამიანი არ გამოჩნდა და არ ჩამიშალა მთელი გეგმები.
თუ რომელიმე წიგნი თქვენც გაქვთ წაკითხული და რადიკალურად სხვა აზრის ხართ, გელოდებით კომენტარებში. თუ იგივე აზრის ხართ, ასევე გამოცხადდით. :D
Love,
Chaotic
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen