18.04.14

ღმერთმა დაგვიფაროს და სხვა პოსტ-რელიგიური ჩვევები

თავი პირველი
ჩემს მეგობარს ბავშვი რომ ეყოლა, დავურეკე და მილოცვისას "ღმერთმა დიდი გაგიზარდოს"-მეთქი. უცებ მივხდი, რასაც ვამბობდი. სიტყვა დიდად უკან არ წამიღია, ის ჩემი მეგობარი, ვიცი, ყოველთვის იქნება ღმერთის იმედზე და ყოველთვის გულში ილოცებს, როცა მისი შვილი წამოახველებს. ალბათ, დიდი შვებაა გარდაუვალი სიტუაციებისას, როცა ხედავ, რომ ვიღაცა, ვისი კარგად ყოფნაც შენი მოვალეობაა, ზემოდან უხილავ ხელს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზით ყველა მათ გათენებულ ღამეს და დიდ შრომას იმაზე ნაკლებად ედება ფასი, ვიდრე საჭიროა. იმის მიუხედავადაც, რომ რეალურად, "თავისით" არავინ იზრდება.

თავი მეორე
"ღმერთმა დაგვიფაროს" და ძალიან ხშირად ვამბობდი ეტყობა ამ ფრაზას.
"რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს".  ახლა როცა არ მჯერა, რომ რაღაც გვიფარავს, სასაცილოა ხოლმე, მაგრამ ბევრ რამესთან ერთად, თვითგვემაც აღარაა ჩემი ყოველდღიურობის დიდი სტუმარი. ასე რომ, დიდად არ განვიცდი, უბრალოდ, აღნიშვნად ღირდა.

თავი მესამე
ჩემი ნათლული ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა :D ნათლიამისი არ წაიყვანს ეკლესიაში და არ აზიარებს, არ მოუყვება ისტორიებს უზარმაზარ კიდობანზე, რომელმაც ადამიანების გარდა, ცხოველები და ფრინველები გადაარჩინა. ერთი სიტყვით, ის დიდი პასუხისმგებლობა მოხსნილი მაქვს. მაგრამ ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობას ძალიან მარტივად შეიძლება ფერი ეცვალოს. მე ძველებურად შემეძლება ისტორიების მოყოლა, მაგრამ ეს ისტორიები ალბათ უფრო იმ ქალებზე იქნება, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და მაინც არცერთი ისტორიის წიგნი არ ახსენებს მის არცერთ გაკვეთილზე. It's always a right time to be a feminist ;)

თავი მეოთხე
ჩემმა ერთმა მეგობარმა ძალიან განიცადა ეს სიახლე. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც რომ მთლიანად თავდაყირა უნდა დააყენოს შეხედულებები ჩემს შესახებ (ფემინისტი რომ ვარ, ისიც არ ეყოფა? :D).

თავი მეხუთე
ადამიანები, რომლებიც ძალიან ცინიკურად განეწყვნენ. აი, რეალში რომ თამაშობდეს ფეხბურთელი და უცებ ბარსელონაში გადავიდეს, დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდათ. ალბათ, ცოტა ნაღალატევად იგრძნეს თავი.

თავი მეექვსე
და ბოლო თავი. ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მილოცავენ ყველა დღესასწაულს. აუცილებლად უნდა დავითვალო რამდენი დამირეკავს და "ქრისტე აღსდგაო" მეტყვის. დაახლობით ისეთ სიტუაციაში არიან, ბურკიან ქალს რომ მიულოცონ ქუჩაში. ესეც, ალბათ, ერთგვარი პროტესტის გამოხატვის საშუალებაა.

და მეც ვიცი. ვიცი, რომ არავისთან შემითანხმებია, არავისთვის მიკითხავს, არავინ გამიფრთხილებია, არავისთან მომიბოდიშებია ის, რაც მარტო ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ პრივილეგირებულ ჯგუფში ყოფნისას ეს მოთხოვნა ბუნებრივ სურვილადაა გასაღებული, თორემ ინტრიგანი რომ არ ვიყო, რატომ მომინდებოდა ამ ჯგუფიდან გასვლა, ან ამ პოსტის დაწერა, არა ?!  :)

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates