პატარა, მოწყენილი ფიქრი ჩუმად ჩამოჯდა წამწამზე, პაწია თავი დახარა და კიდევ უფრო მოიწყინა... მუზა იყო, აკაკუნა კარზე და არავინ გაუღო...
ახლა იჯდა წამწამზე და არ იცოდა, საით წასულიყო... აიბუზა და საოცრად დაემსგავსა იმ ბავშვს, ზამთარში, ტუჩებგალურჯებული, გაყინული რომ ზის კიბეზე და ელოდება... დედას ელოდება, რომელიც ვეღარასდროს მოვა - და ამას ვერ იჯერებს თითებგათოშილი ბავშვი... ზის კიბეზე და ჯიუტად ელოდება...
ვერც მოწყენილი მუზა იჯერებს, რომ მოვიდა და არავინ დახვდა... არაფერი დახვდა, სიცივის, სიჩუმის და სიცარიელის გარდა...
არ უყვარდა პატარა მუზას სიცივე, ძალიან არ უყვარდა...
არადა, ბევრსაც რომ არაფერს ითხოვდა, თავისი წილი სითბოს, სიკეთის, სილამაზის გარდა?!...
და სანაცვლოდაც რამდენს გასცემდა: სიტყვებად იღვრებოდა, ფერებში კვდებოდა, მერე მუსიკაში იბადებოდა... ხან შეყვარებული იყო, ხან კი ეჭვისგან გონებადაბინდული; ხან სალამურში მიიყუჟებოდა და ხანაც ლამაზი ბგერა იყო, ჰაერში გაფანტული; ხან ღია მწვანე იყო, და ხან კიდევ მუქი, მუქი ლურჯი; ლამაზი ქალის ხელის ნაზი, მოქნილი მოძრაობა და ჩოხიანი ბიჭის ამაყი ცეკვაც იყო; გლეხის დაკოჟრილი ხელიც ბევრჯერ ყოფილა და სევდიანი ოროველაც... ჩუმი ჩურჩული და თბილი სუნთქვაც იყო...
...სიყვარული იყო...
ახლა მოვიდა, აკაკუნა, იძახა, იხვეწა, მაგრამ კარი მაინც არავინ გაუღო...
...პატარა მუზა უკვდავებას არიგებდა; მისი წილი სიკეთე, სილამაზე და სითბო კი ვერავინ გაიმეტა...
06.11.06
27.02.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen