სანამ
სცენაზე გადის, სარკეში იყურება. როგორც წესი, თმას ისწორებს. მერე რატომღაც ყოველთვის
ჭერის მიმართულებით იყურება და თითებს ატკაცუნებს.
იშვიათად
იხედება მაყურებლისკენ. გაყინული მზერა აქვს, თითქოს სულ სხვაგან არის დაკვრისას. შოუს
დამთავრების შემდეგ ხელს იქნევს და გასახდელისკენ მიდის.
დერეფანში
ყოველთვის დგას რამდენიმე გოგო, ცოტა შეწითლებული ლოყებით და მისი ბოლო ალბომით. ზუსტად
იცის, როგორ დაუძვრეს მათ მხოლოდ ავტოგრაფით. დიდი ხანია უკვე ამ ბიზნესში ტრიალებს.
გასახდელში შესვლისთანავე ტელეფონს იღებს და შემოსულ ზარებს ამოწმებს. ამ დროს არასოდეს
უსმენს მენეჯერს, აგენტს და სხვა დანარჩენებს, რომლებიც მის იმიჯზე ცოტათი და საკუთარ
ჯიბეზე ყოველთვის გაცილებით მეტად ზრუნავენ. როგორც კარიერის დასაწყისში, როდესაც ფილტვების
ანთების მიუხედავად უნდა ემღერა. მაგრამ მას მერე დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა.
„
ჰეი, ქალაქში ხარ? ხვალიდან გადაღებებს ვიწყებთ აქ. ბარი, სასმელი და ასე შემდეგ?
“- სმს მეგობრისგან.
„ტურნე
მაქვს. 5 დღეში ჩამოვალ და შეგეხმიანები“- პასუხობს და თან წასასვლელად ემზადება. სასტუმროში
ფართია დაგეგმილი. ეზარება, მაგრამ ასე დრო გაცილებით სწრაფად გადის. მანქანაში მენეჯერი
გაუთავებლად უსვამს კითხვებს ხვალინდელ ინტერვიუებზე. მთელი ტექსტი აქვს მომზადებული
სავარაუდო პასუხებისა. არავის უნდა იცოდეს ალბომის შექმნის ნამდვილი ისტორია, მოსაწყენად
ჩვეულებრივი... ამიტომ ცოტა ინტრიგა, ცოტა საიდუმლო, ცოტა ემოცია და ცრემლი უნდა დაამატონ
მენიუში.
წინასწარ
გული ერევა საკუთარ გულღია ღიმილზე ამ გამოგონებული პასუხების ჩამორაკრაკებისას. ამასაც
დიდი ხანია აკეთებს...
ფართიზე
ყველა უკვე საკმაოდ მთვრალია. მისი გიტარისტი ვიღაც მაღალ და ნასვამ გოგოს აცნობს.
ვისკის
უკვეთავს. ცოტა ხანს ცეკვავენ.
მოგვიანებით
მძინარეს კაკუნის ხმა ჩაესმის. მაღალმა გოგომ მაინც გამოსტყუა გიტარისტს ოთახის ნომერი.
დილით
მენეჯერის ზარი აღვიძებს:
-
„20 წუთში გავდივართ“.
სიგარეტს
უკიდებს და მაღალი გოგოსკენ იხედება, რომელიც ფეხშიშველი არც ისე მაღალი ჩანს. შარვალს
ეძებს.
-
ჟურნალისტი
მთელი ინტერვიუს განმავლობაში ცდილობს გაარკვიოს, მართლა აქვს თუ არა პრობლემები ალკოჰოლთან,
ნარკოტიკთან. რას მოყვება ახალს რთულ ბავშვობაზე. მხოლოდ ბოლოს, 2 კითხვას უსვამს ახალი
ალბომის შესახებ.
ასევე
იქცევა შემდეგიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ალბომთან დაკავშირებულ კითხვებს დასაწყისში
უსვამს, შემდეგ რომ მეტი დრო დარჩეს საჭორაოდ.
ხანდახან
მენეჯერს გადახედავს ხოლმე, რომელიც თვალებით ეუბნება, რომ ცოტაღა დარჩა და მერე სხვა
ქალაქისკენ უნდა დაიძრან.
თვითმფრინავში
ჯდომისას ყოველთვის ნერვიულობს. ვერასოდეს დუნდება. თვალებს ხუჭავს და ცდილობს, რაც
შეიძლება მალე დაიძინოს. გიტარისტი ანჯღრევს
და იდიოტის ღიმილით ეკითხება:
-
„ ჰა, ხომ მაგარი ქალი იყო?“
-
„მერე შენთვის ვერ დაიტოვე?“
-
„იმას შენი გაცნობა უნდოდა.“
ძალიან
ახალგაზრდა გიტარისტი ჰყავს, პირველად არის ტურნეზე. აქედან, იდიოტის ღიმილიც და აღფრთოვანებაც.
დაშვებისას
გული უჩქარდება. ფრჩხილებს სავარძელში არჭობს და უკუღმა თვლას იწყებს. გადაწყვეტილია,
შემდეგ ტურნეზე ისევ ავტობუსით იმოგზაურებს.
ტრაპთან
ჟურნალისტები ელოდებიან. ისევ ინტერვიუები, სანამ კონცერტი დაიწყება, მერე ისევ ფართი
სასტუმროში. ალბათ, ვიღაც ნასვამი გოგო, ამჯერად, საშუალო სიმაღლის. ხვალ დილით ახალი
ქალაქისკენ.
„შემდეგი
ტურნე? მართლა?“- ყოველი ახალი ალბომის გამოშვებამდე ამბობს, რომ აღარასოდეს გავა სცენაზე,
მაგრამ ყველთვის არღვევს დანაპირებს. სახლში ვერასოდეს ისვენებს დიდხანს. იქაც მხოლოდ
დასაძინებლად მიდის. ალბათ, იმიტომ, რომ თავს კარგად ვერც ერთგან გრძნობს. გამოსავალი
ისევ ახალი ალბომი და სამი, ხანდახან ოთხი თვით გაუჩინარებაა.
თვითმფრინავის
კარს აღებენ და ის ღიმილით ესალმება ჟურნალისტებს.
რატომღაც ეს ადამიანი მე პინკთან გავაიგივე.
AntwortenLöschenhmmm... sainteresoa
Löschen