06.04.09

Kerouac-ის "The Subterraneans" და ჩემი პირველი შეხება ბიტნიკებთან

წიგნის გერმანული სათაური- "Be-Bop, Bars und weißes Pulver", ფაქტიურად თავიდანვე აშიშვლებს წიგნს.

პირველად ვკითხულობ "Beat Generation"-ის წარმომადგენლის რომანს. პარადოქსული თაობა იყო და სახელიც პარადოქსული აქვთ: Beat თავდაპირველად თავის თავში მოიაზრებდა დაღლილ, დაქანცულ თაობას, კერუაკმა კი დამატებითი დატვირთვა მისცა სიტყვას და ეიფორიული, რიტმული უწოდა. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ თაობა იყო დაღლილი, მაგრამ რიტმული, დაქანცული, მაგრამ ეიფორიული. თითქოს არც უნდა ჯდებოდეს ლოგიკის საზღვრებში.

ბიტნიკების თაობა- ნარკოტიკების მომხმარებლების, ალკოჰოლზე მიძალებულების, მომთაბარე ტომებივით მცხოვრები ახალგაზრდების, ფსიქოანალიზით დაინტერესებული მწერლების, პოეტების, მხატვრების, მუსიკოსების, ფოტოგრაფების თაობა. თუმცა, აქ მათ აღწერაზე არ შევჩერდები, მეც დიადი გუგლის და ვიკიპედიის მეშვეობით გავიგე ეს ყოველივე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავად რომანი ამბობს ბევრს.

ვეცდები, ჩემი სუბიექტური აზრი ჩამოვაყალიბო: არ ვიცი, ეს რომანი რამდენად დადებითად, ან უარყოფითად შეაფასეს.მე რატომღაც უფრო მეტს ველოდი, რაღაც ისეთს, "რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს", მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მსგავსი რამ აქ არ უნდა მეძებნა. 50-იანი წლების ამერიკისთვის ეს რომანი და საერთოდ, მთელი ბიტნიკების ფენომენი ნამდვილად იქნებოდა შოკი, იმიტომ, რომ წერდნენ იმაზე, რაზეც არავინ წერდა: ჰომოსექსუალებზე, ნარკოტიკებზე, ქალებზე, სექსზე, სასმელზე... თემებზე, რომლებიც ტაბუდადებული იყო და თუ არ მერევა, ზუსტად ეს იყო ჰიპების წინა თაობა, ანუ გზა, რომელიც გავლილი დახვდათ ჰიპებს და სექსუალურ რევოლუციას.
წიგნს კითხულობ და გრძნობ იმ სულს, თავისუფლებას, საერთოდ, იმ დროს. სხვა რომ არაფერი, თუნდაც ესაა ამ წიგნის ფასი. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გინდა შენ ეს თავისუფლება? რამდენად ვარ მზად მე, ყველაფერს მივაფურთხო და ვაკეთო ის, რაც მინდა? გავემიჯნო რეალობას და საზოგადოებას, უარი ვთქვა ყველანაირ სოციალურ ნიშანზე? არ ვარ მზად და არც ვიცი, ეს სისუსტეში მეთვლება თუ არა. არ ვიცი, ჩემი არჩევანი, რეალობას ისეთს გავუძლო, როგორიც არის და რაღაცის წინააღმდეგ საღად ვიბრძოლო უფრო სწორია, თუ ბიტნიკივით, რეალობიდან წასვლა ჯობს და ფიქციებში არსებულ წარმოსახვით ან მოლანდებულ რეალობაზე დაყრდნობით დინების აღმა მიყოლა? აჰა, ბიტნიკი მწერალივით გრძელი, ჩახლართული და გაუგებარი წინადადება კი გამომივიდა, ერთი ნაბიჯით წინ ვარ :D

წერის სტილი იყო ფრიად დამღლელი, კერუაკთან შედარებით კაფკა ისვენებდა. :D ერთი წინადადება, რომელიც ფრჩხილებში იყო მოთავსებული და ანუ, მთავარ წინადადებაში ჩასმული, ზუსტად ერთ გვერდს მოიცავდა და ასე არაერთგან. მარტო დაბოლილი თუ დაწერს ასე გაუგებრად, სპონტანურად და არეულად. ბოლოში იკვრება თითქოს ძაფები, მაგრამ ვერც მაგაში დარწმუნდები, პრინციპში.

საბოლოო ჯამში, არ აღვფრთოვანდი, თუმცა, მაინც კმაყოფილი დავრჩი, რომ წავიკითხე, სხვა თუ არაფერი, ბევრი გავიგე ბიტნიკებზე. რა თქმა უნდა, ამ ერთი რომანით არ შემოვიფარგლები და არ შევიქმნი აზრს მთლიან თაობაზე, მაგრამ ვერც იმას შეგპირდებით, რომ განსაკუთრებით შემიყვარდება... ვნახოთ, მიყვარს სიურპრიზები. :)

ძალიან გამიხარდება თვქენი კომენტარი, მითუმეტეს, თუ მეტი დაგრჩათ წიგნის წაკითხვისგან, ვიდრე მე...



ესეც ციტატა წიგნიდან რაღაც ღიმილით წავიკითხე და დამამახსოვრდა:
"Der Mann kann die kleine Frau immer zum Nachgeben bringen, sie ist zum nachgeben geboren, die kleine Frau"

3 Kommentare:

  1. "საკითხია, რამდენად გინდა შენ ეს თავისუფლება? რამდენად ვარ მზად მე, ყველაფერს მივაფურთხო და ვაკეთო ის, რაც მინდა? გავემიჯნო რეალობას და საზოგადოებას, უარი ვთქვა ყველანაირ სოციალურ ნიშანზე? არ ვარ მზად და არც ვიცი, ეს სისუსტეში მეთვლება თუ არა."

    პროტესტი, ”ყველაფრის დაკიდება” და ”როგორც მინდა ისე ცხოვრება” ნიშნავს პასუხისმგებლობების თავიდან მოშორებას, ადვილი გამოსავლის ძებნას - სწორედ ეგაა სისუსტე. მე ასე ვუყურებ :)

    AntwortenLöschen
  2. სხვათა შორის მეც დავინტერესდი ადრე ბიტნიკებით, რა თქმა უნდა, ცნობილ საიტებს მივაკითხე, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე, სიმართლე გითხრა. ანუ ბიტნიკები ჰიპების წინამორბედები არიან?

    AntwortenLöschen
  3. @ Tornike,
    მართალი ხარ, მაგრამ იგივე იმ კატეგორიამ შეიძლება დასვას კითხვა: რა არის რეალობა? ან რატომ უნდა დაემორჩილონ ისინი სისტემას, იმუშავონ მისთვის და ა.შ.?
    ანუ, მათთვის ეს პასუხისმგებლობა არაა თითქოს. უფრო მეტიც, რაღაც ბერკეტებისგან თავის დაღწევაა...


    ჩემთვის პასუხისმგებლობაა, თუმცა, შემსუბუქებებზე უარს არ ვიტყოდი :D



    @ Sophie,

    კი,ბიტნიკები ასოცირდებიან 50-იანი წლების ამერიკასთან, ჰიპები უშუალოდ მათ შემდეგ, 60-იანი წლების ანდერგრაუნდის წარმომადგენლები იყვნენ თავის დროზე, მაგრამ მერე მეინსტრიმისკენ რომ გაიჩოჩეს... :D


    თუმცა, ბიტნიკებამდე იყო The lost Generation, ანუ ომის შემდგომი თაობა...მათზე არაფერი ვიცი...

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates