ეს პრობლემა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც დგას, ყველანაირად ცდება სოციალურ ასპექტს: თუ თქვენ მდიდარი და კარგი ოჯახისშვილი ხართ, ისევე შეიძლება გახდეთ ძალადობის მსხვერპლი, როგორც ნაკლები ფინანსური სახსრების მქონე ქალი.
არ ვაპირებ ამ პოსტს ლექციის სახე მივცე, უფრო ჩემს სუბიექტურ შეხედულებაზე მინდა დავწერო.
ყოველთვის საშინელი უმწეობის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე, მსგავს ისტორიებს რომ ვიგებ ან ვუყურებ. რატომ ითვლება ყველაზე მხდალი საქციელი კაცის ღირსეულ ნაბიჯად?! ვინ არის თუნდაც ქმარი, ან მამა, ან ძმა, რომ გადაწყვიტოს, ქალმა დაიმსახურა წიხლები და მუშტები თუ არა?!
დეტალურად რომ განვიხილოთ:
- აუცილებელი არაა ვინმემ მუშტები გირტყას დღე და ღამე. ბევრი კაცი გამცირებს სიტყვიერად, გაიძულებს თვითშეფასება დაისამარო, აღიარო, რომ არაფერი გაგეგება, სულელი ხარ, მახინჯი ხარ. ყოველთვის მგონია, რომ ასეთ მამრებს იმდენად დაბალი თვითშეფასება აქვთ, რომ აუცილებლად უნდა დაამცირონ მის გვერდით მყოფი ქალი, რათა ამით საკუთარ თავს მეტი აღიარება მიანიჭონ. ან მათ ჰკლავთ იმის შიში, რომ ქალი ბოლოს და ბოლოს აიკრავს გუდა-ნაბადს და იპოვნის კაცს, რომელიც მისი ღირსია. მთელი ცხოვრება ისეთ სიტუაციებში ვსწავლობ, ვმუშაობ, სადაც პროცენტულად მეტი მამრობითი სქესის ადამიანია, ვიდრე მდედრობითის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრ მამაკაცს ძალიან ბევრი ქალი სჯობნის და თუ ვერ სჯობნის, არ ჩამოუვარდება გონებრივი შესაძლებლობებით.
- ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ქალი უშვებს, არის თავის დადებილება. ანუ, ბევრს მოგისმენიათ ალბათ ფრაზები: "ეგონოს, რომ თავად წყვეტს ყველაფერს და მე შტერი გოგო ვარ. ამით მეტს მივაღწევ "... ბლა ბლა ბლა ... რატომ უნდა დაიმდაბლოს და დაიშტეროს ქალმა თავი?! რეალურად, რას ელიან ქალები ურთიერთობისგან, რომელშიც პარტნიორი არ ამაყობს მათი შესაძლებლობებით?
- ხშირ შემთხვევაში პრობელმა, როგორც ყოველთვის, უნდა ვეძებოთ ოჯახებში, სადაც აღიზარდნენ ეს ადამიანები. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ბავშვი, რომელიც მოწმეა ოჯახში ძალადობის, ისეთივე მსხვერპლია და მას ისევე უმახინჯდება ფსიქიკა, როგორც დედას. ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ზუსტად ისევე იქცევიან საკუთარ ოჯახებში. იმიტომ, რომ მათ სხვაგვარად არ იციან... ქალების შემთხვევაში: ხშირად ისინი ბავშვობაშივე იზრდებოდნენ მკაცრად და მამის/დედის როზგების ქვეშ იყვნენ, ან უყურებდნენ, როგორ ითმენდა ჩუმად დედა ყველა დამცირებას და ჰგონიათ, რომ ასე უნდა იყოს, რომ მათ ჩუმად უნდა აიტანონ მუშტები, რადგან ისინი ამის ღირსები არიან. BULLSHIT!!! არცერთი ქალი არაა ძალადობის ღირსი !
- ამ ყველაფრის ფონზე, ის ქალები, რომლებიც ძალადობას შვილების გამო იტანენ, არავითარ შემთხვევაში არ სჩადიან საგმირო საქციელს. ისინი გაცილებით ნაკლებ ტრავმას მიაყენებენ შვილებს, თუკი გაეყრებიან მოძალადე ქმარს. არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელი ადამიანი დაეთანხმოს იმ ფაქტს, რომ ბავშვისთვის სჯობს ოჯახი არ დაინგრეს და სამაგიეროდ, უყუროს დალურჯებულ და ნაცემ დედას, მერე რა?!
- რამდენიმე ვიდეოს ვუყურე ამ თემასთან დაკავშირებით, დავლინკავ ბოლოშიც. ყველგან უმოქმედობის ძირითად მიზეზად სირცხვილის გრძნობა და შიში სახელდება: შიში იმის, რომ ყველაფერი უარესობისკენ შეტრიალდება, თუკი ისინი პოლიციას ან სპეციალურ დაწესებულებებს მიმართავენ. ამიტომ ისინი დღითიდღე ასოციალურდებიან, რაც მამრებს დამატებით საშუალებას აძლევს, ტერორში ამყოფონ ქალები.
ესეც ვიდეოები:
