Posts mit dem Label dodka werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label dodka werden angezeigt. Alle Posts anzeigen

20.04.11

Late Latte Post

პრესკრიპტუმი Chaotic-ისგან: ეს არის დოდკას guest post. მე კომენტარებში დავკონკრეტდები.


გუშინ მობილურიდან ვკითხულობდი ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ბლოგს, lifehacker-ს. სტატია იყო იმის შესახებ, რომ coffee shop-ებიდან მუშაობა ხანდახან უფრო პროდუქტიულია, ვიდრე სახლიდან.

ძირითადი მიზეზები ისაა, რომ ადამიანებს აქვთ სხვის თვალში “უქმად ყოფნის” შიში, კაფეში დიდხანს უსაქმოდ ვერ იჯდები, თან მარტო, ამიტომ იწყებ რაღაცეების კეთებას. იუთუბს ვერ უყურებ, ნუ ფეისბუქზე შეიხედავ, მაგრამ საქმეს მაინც აკეთებ.

ამიტომ ავიღე დღეს ლეპტოპი და ჩემს საყვარელ ყავის წერტილში წამოვედი - არის ასეთი, downtown ჰქვია [ეს პოსტი არანაირად არაა დასპონსორებული, თუ იმ ბენეფიტს არ ჩავთვლით, რომ ამ კაფეს wifi-ს გამოყენებით ვწერ ახლა].

ერთ FB-მეგობართან ჭორაობის შემდეგ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, დავრჩით მარტო მე და ჩემი ლეპტოპი და ჩავუჯექი 4 დღის წინ გასაკეთებელ საქმეს, ჰენდაუთებს ტრენინგისთვის. “ცხოვრების ჰაკერის” რჩევები გამომადგა - აქ ვერც წავუძინებდი, არც ტელევიზორია, არც ვილიამია, რომელიც მუდამ მაცდენს თავისი “მუთინიიი”-ს მოთხოვნით ან უბრალოდ, არსებობით, იმიტომ, რომ თუ არ მაწუხებს, მულტფილმი ჩამირთეო, და თავისთვის თამაშობს, მაშინ იმდენად საყვარელია, რომ თავს ვერ ვიკავებ, მივდივარ, ვეხუტები და ვკოცნი, რის შემდეგაც ის მომყვება კომპიუტერთან და ახლიდან იწყება: “დართე მუთინიიი!”

საათნახევარში მოვრჩი ჰენდაუთებს და ფეისბუქზე დრეიფისას ქრისტინას მოვკარი თვალი, თავისი ახალი ვარცხნილობითურთ. და მაშინვე გამახსენდა რამდენიმე თვის წინ მისთვის შეპირებული guest post. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი “სტუმარი პოსტია”, რაც კი ოდესმე სადმე, ვინმეს ბლოგზე დამიწერია. ქრისტინას ალბათ აღარც კი ახსოვს, მე კიდევ ძალიან, ძალიან გვიან ვასრულებ დაპირებას და ახლა ვწერ, იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ - საქმეს მოვრჩი! ჭიქაში კი ბანანის გემოს მქონე ლატე ჯერ კიდევ ასხია, სიგარეტიც საკმარისი მაქვს, ინტერნეტსაც არაუშავს და მუსიკასაც.

ძალიან გრძელი შესავალია იმისთვის, რის დაწერაზეც ვფიქრობდი, მაგრამ დაე, ამ ბლოგს უხდება ალბათ ქაოსურობა : )

ამასწინათ აქ ასეთი პოსტი იყო, “ჩემი სასწაულმოქმედი ბლოგი”, სადაც უწერია, რომ ბლოგზე დაწერილი 2 სურვილიდან ერთი აუხდა და მეორე შესრულების გზაზეა.

მერე სვითიც გამახსენდა, ისიც ადგენდა ხოლმე wishlist-ებს და მერე იქიდან ბევრ რამეს ყიდულობდა ან ჩუქნიდნენ.

და ზოგადად დავასკვენი, რომ wishlist-ების შედგენა და სურვილების ჩამოწერა მაგრად ამართლებს. ალბათ იმიტომ, რომ როცა ჩამოაყალიბებ, რა გინდა, უკვე ნახევარი გზა განვლილია და მეორე ნახევარი - მხოლოდ იმ სასურველის მიღებაა. რაც ბევრად უფრო ადვილია მაშინ, როცა იცი, რა გინდა. სიების შედგენა კიდევ კარგი მეთოდია აზრების დასალაგებლად.

სურვილების ასრულებაზე კიდევ ერთი რამ გამახსენდა. დღემდე გამომყვა ჩვევა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაცრუმორწმუნე ვარ - ყოველთვის, როცა საათს დავხედავ და იქ 18:18 ან 09:09 ან ნებისმიერი წყვილი რიცხვია, აუცილებლად ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს. ასევე, როცა რაიმე ხილს პირველად ვჭამ იმ წელს. ტვინით ვიცი, რომ ეს ჩემს სურვილს არ აახდენს, მაგრამ მაინც, ავტომატურად ვაკეთებ. მე მგონი, საკუთარი თავის პროგრამირების ერთგვარი ხერხია.

ახლა დავფიქრდი, მას შემდეგ, რაც დავფეხმძიმდი, ერთადერთი სურვილია ხოლმე ყველა წყვილ რიცხვზე და ყოველი ახალი ხილის გასინჯვისას - “ვილი იყოს ჯანმრთელი”.

ლატეს ბოლო ყლუპი და ბოლო წინადადება ბლოგზე: Chaotic, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შევხვედრილვართ, ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ქაოსური რეალობაც, რომელსაც მუდმივად ვკითხულობ აგერ უკვე 3 წელია.

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates