ლირიული გადახვევა: რამდენიმე წიგნი და სტატია მაქვს წასაკითხი გამოცდისთვის. შუალედებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მთელი 5 წუთია ვკითხულობ, თან სპეციალურად ხმამაღლა და თურმე საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ. საფიქრალს რა დალევს?! თავში ხელებს წავიშენ და ყურადღებას ვიკრებ... შემდეგი 2 აბზაცის კითხვისას...
რაც წავიკითხე, აღარც მახსოვს თითქოს. ასაკის ბრალია, ნეტავ?
ადრე სახელები, ფერები, სახის მიმიკები მამახსოვრდებოდა და მიმყვებოდა წლების განმავლობაში. ახლა სქემებს ვადგენ პერსონაჟების დასამახსოვრებლად: სახელებს ვიწერ და ისრებით ვუკავშირებ ერთმანეთს. ვინ ვისი შვილია, ვინ რომელ ოჯახში ერთიანდება, ვინ რომელ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობს...
ასაკის ბრალია, კი :D და 5 წელში რა იქნება საერთოდ...
სხვა რამეა უყურადღებო და ყურადღება-გაფანტული მკითხველი და სულ სხვა რამეა ძალიან დიდი სიზუსტით მკითხველი, რომელიც წიგნს ზეპირად სწავლობს ლამის და აზრამდე მაინც ვერ მიდის. აი, თითქოს ყველა სცენა გესმის, ყველა ფრაზა გაიგე, მაგრამ საერთო ჯამში რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რომ ვერ ამბობ...
ორივე შემთხვევაში გადამკითხველი ხდები და ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენი წიგნი გადამიკითხვას... ან ჩემს თავს რას ვერჩოდი და ან იმ ავტორებს?!
იყო ისეთი წიგნებიც, რომლებშიც სხვა აზრი დამინახავს, სხვა ინტერპრეტაცია მიმიცია. საერთოდ, ძირითადად პოეზიასთან მიმართებაში მაქვს მსგავსი პოზიცია: მე რამდენიმე საწყალი ლექსი მაქვს დაწერილი და სულ ვაკვირდებოდი, რა სუბიექტურ პარალელს ავლებდა ხალხი ლექსებთან. მერჩივნა, საკუთარი თავი დაენახათ, საკუთარი ინტერპრეტაცია მიეცათ... ასე უფრო "ბევრდებოდა" ლექსი.
მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: ჩემთვის ვაჟას დაჭრილი არწივი ყოველთვის იქნება ერთი დაჭრილი ფრინველთა მეფე და ვერასოდეს გავაიგივებ დაჭრილ საქართველოსთან, ან ქეიფისას მოჩხუბარ ვაჟასთან, როგორ სიმბოლიზმზეც და ალეგორიებზეც არ უნდა მიმითითონ. იმდენად რეალურადაა ის არწივი დაჭრილი, რომ ფანტაზიას გასაქანს ვერ ვაძლევ. თან ხომ შეიძლება ვაჟას ზუსტად ეგრე ეგრძნო და განეცადა ფრინველის ბედი? მთაში, ბუნებაში გაზრდილი ადამიანისთვისთვის შეუფერებელი აქ არაფერია...
ხანდახან ჩემი "გადამკითხავი მეს" მიერ ინტერპრეტირებული აზრი მირჩევნია დაშტამპულ "დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე..." ტიპის დიად, მაგრამ ჩემთვის გაუგებარ, სხვის იდეებს...
Posts mit dem Label ვაჟა-ფშაველა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ვაჟა-ფშაველა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
26.10.09
Abonnieren
Posts (Atom)
