Posts mit dem Label დაანონსებული პოსტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label დაანონსებული პოსტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

26.10.09

Read me... read me

ლირიული გადახვევა: რამდენიმე წიგნი და სტატია მაქვს წასაკითხი გამოცდისთვის. შუალედებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მთელი 5 წუთია ვკითხულობ, თან სპეციალურად ხმამაღლა და თურმე საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ. საფიქრალს რა დალევს?! თავში ხელებს წავიშენ და ყურადღებას ვიკრებ... შემდეგი 2 აბზაცის კითხვისას...

რაც წავიკითხე, აღარც მახსოვს თითქოს. ასაკის ბრალია, ნეტავ?
ადრე სახელები, ფერები, სახის მიმიკები მამახსოვრდებოდა და მიმყვებოდა წლების განმავლობაში. ახლა სქემებს ვადგენ პერსონაჟების დასამახსოვრებლად: სახელებს ვიწერ და ისრებით ვუკავშირებ ერთმანეთს. ვინ ვისი შვილია, ვინ რომელ ოჯახში ერთიანდება, ვინ რომელ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობს...

ასაკის ბრალია, კი :D და 5 წელში რა იქნება საერთოდ...


სხვა რამეა უყურადღებო და ყურადღება-გაფანტული მკითხველი და სულ სხვა რამეა ძალიან დიდი სიზუსტით მკითხველი, რომელიც წიგნს ზეპირად სწავლობს ლამის და აზრამდე მაინც ვერ მიდის. აი, თითქოს ყველა სცენა გესმის, ყველა ფრაზა გაიგე, მაგრამ საერთო ჯამში რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რომ ვერ ამბობ...


ორივე შემთხვევაში გადამკითხველი ხდები და ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენი წიგნი გადამიკითხვას... ან ჩემს თავს რას ვერჩოდი და ან იმ ავტორებს?!

იყო ისეთი წიგნებიც, რომლებშიც სხვა აზრი დამინახავს, სხვა ინტერპრეტაცია მიმიცია. საერთოდ, ძირითადად პოეზიასთან მიმართებაში მაქვს მსგავსი პოზიცია: მე რამდენიმე საწყალი ლექსი მაქვს დაწერილი და სულ ვაკვირდებოდი, რა სუბიექტურ პარალელს ავლებდა ხალხი ლექსებთან. მერჩივნა, საკუთარი თავი დაენახათ, საკუთარი ინტერპრეტაცია მიეცათ... ასე უფრო "ბევრდებოდა" ლექსი.

მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: ჩემთვის ვაჟას დაჭრილი არწივი ყოველთვის იქნება ერთი დაჭრილი ფრინველთა მეფე და ვერასოდეს გავაიგივებ დაჭრილ საქართველოსთან, ან ქეიფისას მოჩხუბარ ვაჟასთან, როგორ სიმბოლიზმზეც და ალეგორიებზეც არ უნდა მიმითითონ. იმდენად რეალურადაა ის არწივი დაჭრილი, რომ ფანტაზიას გასაქანს ვერ ვაძლევ. თან ხომ შეიძლება ვაჟას ზუსტად ეგრე ეგრძნო და განეცადა ფრინველის ბედი? მთაში, ბუნებაში გაზრდილი ადამიანისთვისთვის შეუფერებელი აქ არაფერია...

ხანდახან ჩემი "გადამკითხავი მეს" მიერ ინტერპრეტირებული აზრი მირჩევნია დაშტამპულ "დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე..." ტიპის დიად, მაგრამ ჩემთვის გაუგებარ, სხვის იდეებს...

19.10.09

surprise, surprise

გიყვართ სიურპრიზები? მოულოდნელად თავს დატეხილი ამბები?

ალბათ, უმეტეს შემთხვევაში სასიამოვნოდ გახარებთ...
მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც სიურპრიზით უდროო დროს განებივრებენ, ისე რომ, იგი ეფექტს კარგავს...

მე მიყვარს სიურპრიზები. ძალიან თან... რაღაცას რომ არ ველი, არ ვითხოვ ან არ მოვითხოვ და უცებ რომ ხდება... უფრო ეფექტურია. თან იმის შეგრძნება, რომ ადამიანმა იფიქრა შენზე, დაკარგა დრო და ენერგია იმისთვის, რომ შენ რაღაც გაგხარებოდა, ძალიან მაბედნიერებს. :)

მაგრამ არის ერთი რამ, რაც არ მიყვარს და რაც, სამწუხაროდ, თავად გამიკეთებია: თბილისში რომ ჩავედი 2 წლის წინ, ოჯახის წევრები არ გამიფრთხილებია. არასოდეს დამავიწყდება ჩემი უმცროსი ძმის გაოგნებული, ნამძინარევი სახე, კარის გაღებისას რომ ჰქონდა. კი, ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მე არ მინდა ეგრე გამაკვირვოს ვინმემ. ცოტა გამოუცნობი ემოციები მაქვს და შეიძლება ცუდად გავხდე, ისტერიულად ავტირდე და ყველაფერი ჩაიშალოს. მირჩევნია, ვიცოდე მსგავსი მოსალოდნელი ამბების შესახებ და ემოციურად მომზადებული შევხვდე.

ომის დროს ბაბუაჩემი რომ გამოიხსნეს და თბილისში ჩამოიყვანეს, სკოლაში ვიყავი. როგორც ყველა იძულებით გადაადგილებული პირი, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. სკოლაში მომაკითხეს, სახლში წამიყვანეს და გრძელ დერეფანში ჩემსკენ ზურგით მდგომი ბაბუა რომ ვნახე, ისეთი ისტერიული ტირილი ავტეხე, 2 საათი მაწყნარებდა ;(

მეორედ ეგეთი "სიახლე" ჩემი ძალიან დიდი ხნის უნახავი უფროსი ბრო-ს ჩამოსვლა იყო. არც მაშინ ველოდით და მეგობარმა რომ მახარა ფანჯრიდან: ჩამოვიდაო-, შუა ქუჩაში ავღნავლდი. უმცროსკლასელები გაოგნებულები მიყურებდნენ :D ჰეჰ, რა დრო იყო. ჯერ კიდევ დალაგებული ურთიერთობა გვქონდა. :D


ჰოდა, რა სასიამოვნოა, ადამაინებმა შენი სისუსტის გამომჟღავნებისას გიყურონ. იმედია, მსგავს მოულოდნელობებს არავინ დაგეგმავს და განახორციელებს მზაკვრულად :D

11.10.09

5 წიგნი

გამოცდების გადამკიდე ვეღარ ვკითხულობ იმდენს, რამდენიც მინდა. ბიბლიოთეკის საშვსაც ვადა აქვს გასული... ახლა 2 კვირაში მოვრჩები გამოცდებს და მექნება ცოთა მეტი დრო, იმედია. თან რაღაც მსუბუქი მინდა წავიკითხო, თან რომ დავისვენო და განვიტვირთო.

გუშინ ჩამოვწერე იმ 5 წიგნის სახელი, რომელთა წაკითხვაც აუცილებლად მინდა წლის დასრულებამდე და ვინაიდან, დღეს დაანონსებული პოსტების დღეა, აქაც ჩამოვთვლი ბარემ.
ესე იგი:


  1. 99 Francs -Frederic Beigbeder

    რატომ? - სხვა 2 წიგნი წავიკითხე ბეგბედერის და მომეწონა. მსუბუქიცაა და თან საყვარლად ცინიკოსობს. ეს წიგნი მისი საფირმო ნიშანია :)


  2. My Sister's Keeper-Jodi Picoult



    რატომ? - We love Drama :D ფილმის ტრეილერის ნახვის მომენტიდან მინდა წიგნის წაკითხვაც. ვიცი, რომ ტირილით მოვკვდები. ისიც ვიცი, რომ ბევრისთვის ბანაულურია მწერალი, რომელიც საცრემლე ჯირკვლებზე გვადგამს ფეხს, მაგრამ მე თუ მინდა? :D თან ლეიკემიის თემაზეა... მომეცით ცოტა ტრაგედია, ცოტა ოჯახური დრამა, ცოტა პირველი სიყვარული და უწი-პუწები და მე ვიქნები თქვენი წიგნის ფანი :D
    Anyway, შთაბეჭდილებებს აქ დავწერ მერე

  3. And the Hippos Were Boiled in Their Tanks-Jack Kerouac and William S. Burroughs.




    რატომ? - ბიტნიკების ღმერთის და ერთ-ერთი ვიცე-ღმერთის ერთობლივი ნამუშევარი. ამის არ-წაკითხვა შეუძლებელია. ბიტნიკებით ჩემი დაინტერესება აგერ უკვე 1,5 წელს ითვლის :D რა ბევრია, ხომ ? ჰოდა, ოლიმპის მთავარი 12 ღმერთის არ იყოს, მივყვები ნელ-ნელა Beat Generation-ის ლოკალური ღმერთების სიას და გავალ, როცა იქნება, ბოლოში.


  4. Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran - Éric-Emmanuel Schmitt



    რატომ? - ეს ადამიანი ძალიან ლამაზად და სევდიანად წერს ძირითადად ანტისემიტიზმის თემაზე. თუმცა, აქამდე მისი მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს წაკითხული. რამდენიმე მისი ნამუშევრის ეკრანიზაცია ვნახე ადრე, მათ შორის, ამ ზემოთხსენებული წიგნისაც და ძალიან მინდა წაკითხვა. ისე, რა უცნაურია: ხანდახან წიგნს მიჰყავხარ ფილმამდე. გვაინტერესებს, როგორი ინტერპრეტაცია მისცა რეჟისორმა იმ ფურცლებს, შენც რომ წაგიკითხავს და ხანდახან, ფილმიდან აგნებ წიგნს... ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა.


  5. Desert Flower- Waris Dirie



    რატომ?- წიგნი რამდენჯერმე შემხვდა ფემინიზმის განყოფილებაში. ასე ვეძახი იმ კუთხეს, სადაც ძირითადად, ქალების ცხოვრების, მათი ჩაგვრის, ემანსიპაციის მცდელობის შესახებ დაწერილი წიგნები იყიდება. ძალიან თუ გინდა გაბრაზდე მამრებზე, უნდა წაიკითხო 2 ასეთი წიგნი და აღშფოთების მთელი ცხოვრების დოზის კონსუმირებას მოახერხებ. ეს წიგნი ეხება female genital mutilation-ის თემას. ამ თემაზე ჩემს საკუთარ მოსაზრებას სხვა დაანონსებულ პოსტში ჩამოვაყალიბებ, მაგრამ აქ უბრალოდ, დავწერ, რომ მსგავს რამეებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, მითუმეტეს თუ ქალი ხარ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ქვეყანაში ასე არ ხდება,არ უნდა იყო გულგრილი. ჩვენს ქვეყანაში სხვა სახის "მდედრთა დაკნინება" ყვავის... ანუ, ამაზე ვრცლად იხილავთ სხვა პოსტში. აქ კი ვიტყვი, რომ ამ წიგნზეც ვიღნავლებ, სავარაუდოდ. :D





სულ ეს იყო :)

10.10.09

დავალება #5: კალენდარი

ვაგრძელებ დავალებების კეთებას. სამწუხაროდ, ცოტა შეუძლოდ ვარ და ენთუზიაზმის გარეშე ვიმუშავე :D

ძალიან სპონტანური ვარ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე განვაახლებ ბლოგს. ვიფიქრე, ვიფიქრე და მივედი შემდეგ იდეამდე:

კვირაში ერთხელ, პარასკევს დავდებ შესრულებულ დავალებას და ასევე კვირაში ერთხელ, მხოლოდ კვირაობით დავდებ წინასწარ დაანონსებულ პოსტს.

დანარჩენი პოსტები გადანაწილდება კვირის სხვა დღეებზე... :D





sorry, კარგად არ ჩანს :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates