Posts mit dem Label კომპეტენცია werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label კომპეტენცია werden angezeigt. Alle Posts anzeigen

25.02.17

ერთკვირიანი დღიურის მეოთხე და მეხუთე დღეები

ამ ბლოგზე წერა რომ დავიწყე, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი.
პრინციპში, ყველაზე აქტიურად გამოცდების წინ ვწერდი და არც უარვყოფდი პროკრასტინაციას.
მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. 3 წელზე მეტია ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ახლა ვდგავარ არჩევანის წინაშე, ჰორიზონტალურად განვაგრძო განვითარება, ანუ  სპეციალობაში გავიღრმავო ცოდნა, თუ ვერტიკალურზე გადავინაცვლო, რაც საერთოდ სხვა როლში ყოფნას ნიშნავს....
ორივეში ვხედავ საინტერესო გამოწვევას:
სენიორ დეველოპერობაც მაინტერესებს და ამ შემთხვევაში კარიერულ კიბეზე არც თუ იმდენი საფეხურის არსებობასაც ვაცნობიერებ.
ამავე  დროს, უფრო სხვა კუთხით განვითარება, სადაც გაცილებით მეტი შანსია "სულ ზევით, ზევით" იარო, ძალიან მხიბლავს.
თან ძალიან მეშინია, რომ ეს "new shiny thing" ბოლოს მარტო ცხრილების და პროექტის ბიუჯეტის ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა არ აღმოჩნდეს.

როგორ იღებენ ადამიანები ასეთ დროს გადაწყვეტილებას? როცა მომავალში ფაქტიურად ბრმად აბიჯებ...
სასაცილოა, რომ ბოლო წინადადების წერისას ისევ ჩემი თავი გამახსენდა მაგალითად: როგორ დავკარი ფეხი და 19 წლის ასაკში წამოვედი ბრმად სხვა ქვეყანაში.

იმიტომ, რომ შინაგანი კომფორტის შეგრძნება მქონდა ამ ნაბიჯის გადადგმისას. კი, ვნერვიულობდი ცოტას, მაგრამ სადღაც შიგნით ვიცოდი, რომ საკუთარი თავისთვის კარგ გადაწყვეტილებას ვიღებდი.:)

იგივე მიზეზით ვთქვი დღეს ბინის შემოთავაზებაზე უარი, თან იმ დროს, როცა ეს პირველი გამქირავებელი იყო, რომელმაც საერთოდ დამიბარა ბინის დასათვალიერებლად და არ ვიცი, შემდეგი შანსი რამდენ თვეში გამოჩნდება.... მაგრამ ბინაში რომ შევდგი ფეხი, ვიცოდი, რომ ეს არ იყო "ჩემი სახლი". არ იყო ადგილი, სადაც ცხოვრებით საკუთარ თავს კარგ რამეს გავუკეთებდი....

სამწუხაროა, რომ ყველგან ასე მარტივად არაა საქმე და ადამიანებს მარტო იმით ვერ მოანდომებ თავს, რომ შენი სადღაც გულის სიღრმეში მჯდომი პატარა მე გიჩურჩულებს შეტოპო ბრმად, იმიტომ რომ ის, რაც ბოლოს გამოვა, ორივესთვის კარგი რამეა.... :)


11.11.09

მეორე უარყოფითი vs. პირველი დადებითი

ასე 11 წლის ვიყავი როდესაც სისხლის ჯგუფის გასაგებად მომიწია სისხლის გაცემა. თურქეთში მინდოდა წასვლა საზაფხულო ბანაკში და იქ მოითხოვეს. მახსოვს, რომ პავლოვზე ვიყავით სადღაც, ძალიან გაყინულ შენობაში. ექიმმა მოგვახსენა მეორე უარყოფითი აქვსო და თან დანანებით გაიქნია თავი, არ არის კარგი ქალისთვის უარყოფითი რეზუსის ქონაო. რაღაც ბუნდოვნად ამიხსნეს ამას წინათ, რატომ არაა კარგი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე.

ნუ, ყველაფერი ჩვეულებრივ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: ოჯახის ყველა წევრს პირველი დადებითი აქვს. ჰმმ... გასაოცარი კი იყო, მაგრამ ვინაიდან ბევრი სისხლი მაქვს გადასხმული, შეიძლება შეგცვლოდაო. ეს თეორია არ ეხება რეზუსს, იგი წესით მაინც დადებითი უნდა დარჩენილიყო.

ჩაიარა ამ ამბავმაც. აგერ 15 წელია ვიცი, რომ მეორე უარყოფითი მაქვს. გუშინ მეორედ მივედი სისხლის გასაცემად და ქვითარზე, რომელიც მომცეს ეწერა წინა ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები: ჰემოგლობინი, წნევა, სიცხე, წონა და მათ შორის ჩემი სისხლის ჯგუფიც: 0 positiv, ანუ პირველი დადებითი!!!

ესეც კომპეტენტური ქართველი ექიმები, რომლებიც რეზუსსა და სისხლის ჯგუფსაც კი ვერ ადგენენ სწორად. უცნაური და არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მთელი ცხოვრება რაღაც ცოდნით იზრდები და თურმე ის არასწორია. ვერ ვეგუები ფრაზას: "პირველი დადებითი", თუმცა ადრინდელი არალოგიკურობა ყოველთვის მიჩენდა სურვილს, შედეგი გადამემოწმებინა და სადღაც გულის სიღრმეში მაინც არ ვიჯერებდი უარყოფით რეზუსს.

მერე დავფიქრდი: ვთქვათ, რამე რომ დამმართნოდა, ექიმებს დრო არ ჰქონოდათ ჯგუფის დადგენის და ჩემებს ან მე მეთქვა, რომ მეორე უარყოფითი მაქვს... თუ გადამისხამდნენ პირველ დადებითს ბრმად, კიდევ ჰო, მაგრამ მეორე უარყოფითი რომ გადაესხათ, როგორც ჩემი და შესაბამისად, ყველაზე სასარგებლო ჯგუფის სისხლი, აი, მაშინ ნეტავ, რა მოხდებოდა?
(პ.ს. რამდენადაც მახსოვს, პირველ დადებითს ადრე უსხამდნენ ყველას, მაგრამ პირველი დადებითი მხოლოდ პირველ დადებითს იღებს. ახლა თვლიან, რომ ჯობია თავისივე ჯგუფის სისხლი გადაესხას პაციენტს. თუ რამე მეშლება, შემისწორეთ :) )


არის სპეციალობები, რომელთა დაუფლებისას უნდა გაითავისო, რომ ისინი საციცოცხლო მნიშვნელობისაა და რომ ზერელე მიდგომა და ერთი პატარა შეცდომაც ხშირად შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ჩემთვის გაუგებარია ექიმების ხროვის არსებობა ქვეყანაში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი საქმის აზრზე არ არიან, არ აინტერესებთ და არც ცდილობენ რამე ახალი ისწავლონ. ახალს ვინ ჩივის, ის მინიმუმი მაინც იცოდნენ, რაც აუცილებელია...

ვის ხელში ვართ :(

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates