Posts mit dem Label Fight Club werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label Fight Club werden angezeigt. Alle Posts anzeigen

04.02.16

წელს წავიკითხე- 2015

  • John Edward Williams- Stoner - აქ შეიძლებოდა, თქვენი ცხოვრება ყოფილიყო აღწერილი. ყველას უნდა და ჩუმადაც სჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალიდან მისი ცხოვრება იქნება დიდი მიღწევების, გამარჯვებების, წარმატებების და ცნობილობის ერთი უწყვეტი ჯაჭვი. არადა, უმრავლესობა ჩვენგანის ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის. ძალიან უღიმღამოდაც. შეიძლება შენს მერე დატოვო რაღაც, მაგრამ ეს რაღაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება.

    რომანი ჩვეულებრივ ნარატივზე. ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაშიც დიდი ტრაგედია, ან დიდი გმირობით მიღწეული გამარჯვება, რომელსაც ასე ვართ მიჩვეულები და რომელსაც ვითხოვთ ლიტერატურული "გმირებისგან", ადგილს ვერ პოულობს... თუ, სწორედ ასეთი არაპომპეზურ ტრაგედიებსა და გამარჯვებებში არის ამ რომანის მნიშვნელობა? იშვიათად შემხვედრია წიგნი, რომელიც წესით, ძალიან დამღლელი და მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ რომელსაც თავს ვერ ანებებ, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავ.
  • T. C. Boyle - The Inner Circle -  რომანი ფიქტიურია, მაგრამ მისი გმირი, სულაც არა. ალფრედ კინზი გახლდათ ადამიანი, რომელმაც დააარსა სექსოლოგიის ინსტიტუტი ინდიანას უნივერსიტეტში. იგი იწერდა ადამიანების სექსუალური ცხოვრების დეტალების ამსახველ ინტერვიუებს და მათზე დაყრდნობით გამოსცა ნაშრომები ქალისა და მამაკაცის სექსუალური ქცევის შესახებ, რომელთაც ფაქტიურად რევოლუცია მოახდინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში .
    რომანიც იმ წლების ირგვლივ ტრიალებს, როდესაც კინზი და მისი "ვიწრო წრე" თანამშრომლებისა ინტერვიუებს აგროვებდა. მე ავტორის სხვა ნამუშევრებს არ ვიცნობ, თუმცა, წავიკითხე, რომ ეს მის ნაკლებად ძლიერ რომანად ითვლება. მზესუმზირასავით საკნატუნო წიგნი იყო, მსუბუქი რამის წაკითხვა თუ გინდათ. თუმცა, მე ნამდვილმა კინზიმ და მისმა ნაშრომებმა უფრო დამაინტერესა.
  • ფრანსუაზ საგანი - მფარველი ანგელოზი -  თებერვალში საქართველოში ყოფნისას ვიყიდე. თან თარგმანის ხარისხიც მაინტერესებდა. ჰოდა, ჯერ თარგმანი იყო "ღარიბი"- მოძველებული ფრაზებით, მწირი ლექსიკით და მერე მოთხრობამაც თავად დიდად ვერ გადამრია. სულ ეს არის საგანი?! ისეთი ქება და დიდება მესმოდა და რავი, ბრიჯეტ ჯონსის დღიურივით წავიდა. მათთვის, ვისაც კიდევ დაგრჩათ წაკითხვის ოდნავი სურვილი მაინც, რომანი არის ჰოლივუდში არც თუ ისე წარმატებულ, 40 წელს გადაცილებულ სცენარისტ ქალსა და მობიტნიკო, უცნაურ, მოშეშლილო ახალგაზრდა ტიპზე. დიდს არაფერს შეგმატებთ, თუმცა, აგერ ქეთი სხვა აზრისაა ამ მოთხრობაზე.
  • გენდერის წახნაგები -  კონფერენციის მასალები- ძალიან საინტერესო მოხსენებები პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებისგან გენდერის თემაზე. თუმცა, ამ ნაშრომებზე უფრო გრძელი პოსტის დაწერას ვაპირებ და ახლა აღარ დავწვრილმანდები. 
  • ჩაკ პალანიკი -  მებრძოლთა კლუბი - მათ, ვინც დიდი ხანია ჩემს ბლოგს კითხულობს, მოეხსენება, რომ ჩაკი ძალიან მიყვარს. ასევე მებრძოლთა კლუბიც და არაერთხელ მაქვს უკვე წაკითხული გერმანულ/ინგლისურ ენებზე. თარგმანი მაინტერესებდა ძალიან და სიმართლე გითხრათ, გამიცრუვდა მოლოდინი. თუმცა, მერე ვფიქრობდი, როგორ გინდა კარგად თარგმნო ჩაკი?! ძალიან რთულია. მე არასოდეს მითარგმნია რამე, მაგრამ ეს დიადი ქართული ლიტერატურული სტილისგან გათავისფლებასა და ბინძური ყოველდღიური ენის ათვისებას შორის გაჭედილი თანამედროვე თარგმანები მკლავს. მოკრძალებულად რომ თარგმნიან, მაგ.: dick= ასო..... :/ არ დამიწყოთ ახლა, სწორი თარგმანიაო :D 
  • Elisabeth Wurtzel - Prozac Nation  - ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებული თაობის ერთ-ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი გოგოს მემუარი. სიმართლე გითხრათ, მომბეზრდა მისი ნარცისიზმი უკვე. რამე სრულიად არაავტობიოგრაფიულს თუ დაწერს ოდესმე, წავიკითხავ. 
  • კენ კიზი- გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა-  ჯერ სათაურისთვის სახის აძრობა რა იყო? კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, ჯობს ახალი ქართული თარგმანები ცოტა ხანს არ წავიკითხო.... ან საერთოდ non-fiction-ს მივეძალო ცოტა ხნით, თორემ არაფერი მიდის გემრიელად ამ ბოლო დროს.
  • გიორგი კეკელიძე -  გურული დღიურები - საქართველოდან მოვდიოდი და ფრენისას წავიკითხე. ერთგან ცრემლი ვაფრქვიე, მახსოვს :D დანარჩენი არაფერი მახსოვს, სიმართლე გითხრათ.
ძალიან მწირი და არაფრის მომცემი კრიტიკა გამომივიდა წელს. თავიდან კარგად დავიწყე, ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ მოკლედ ვწერდი და დრაფტად ვინახავდი ამ პოსტს. თუმცა, 3 წიგნის შემდეგ ხელი თავზე ხელი ავიღე :D .... ეტყობა კიდეც. მაგრამ ტრადიციებს გაგრძელება უნდათ ხანდახან და ამ ბლოგსაც გამოცოცხლება.... ამიტომ გავკადნიერდები და დავდებ. მომავალ წელს ბევრად მომზადებული დავბრუნდები მსავსი პოსტით, პირობას ვდებ :D

17.12.11

Book list 2011(Part 1)

ტრადიციულად, წლის ბოლოს, როცა სხვები გასულ წელს აჯამებენ, მე იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც წავიკითხე. არ ვიცი, ამ სიის შედგენა როდიდან დავიწყე, მაგრამ ბავშვობიდან რომ იღებს ეს ჩვეულება სათავეს, ნამდვილად მახსოვს. წელს ბევრ მათგანზე ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა და ყოველთვის იქამდე გადავდე, სანამ უკვე ენთუზიაზმი ჩაიფერფლა.

იანვრის ამინდს და Jane Austen-ის რომანებს სულ ერთმანეთთან ვაკავშირებ. "Mansfield Park" და "Northanger Abbey"-ც რადიატორთან მოკალათებულმა წავიკითხე. ახლაც სინდისი არ მიშვებს, რომ ისევ გადავიკითხო საახალწლოდ მისი რომელიმე რომანი.... ისევ გამოცდა... მხოლოდ ამჯერად და ამ ეტაპზე, იმედია, ბოლო!

ჯეინიდან უფრო ახლო წარსულში გადავინაცვლე და Anne Sexton- ის "A Self-Portrait In Letters" წავიკითხე. გენიალურად ექსცენტრიული ქალი იყო, მე თუ მკითხავთ. წერილებში უფრო ჩანს, ვიდრე 100 ბიოგრაფიაში. იმდენად ზუსტად გადმოსცემს, როგორ სტკივა, ან უყვარს, რომ თავი შიგადაშიგ ემოციურად მუნჯი მეგონა, თუკი ასეთი გამოთქმა არსებობს ქართულში. მაგრამ ეს ინტენსიურობა ხშირად მის გარშემო მყოფებს საკმაოდ ღლიდა, რადგან მათგან აბსოლუტურ ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს ითხოვდა. ქრონოლოგიურად დალაგებულ წერილებში ჩანს, როგორ ებღაუჭება ადამიანებს და ხანდახან ატერორებს კიდეც და მერე, იმედგაცრუებულს როგორ გადააქვს მთელი თავისი ყურადღება ახალ "მსხვერპლზე".... ახლა ვხვდები, თავის დროზე რომ უნდა დამეწერა მთელი პოსტი, იმიტომ რომ ანაზე ერთ აბზაცში ვერ მორჩები საუბარს. ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს მახსენებდა.

დავრჩეთ ამ გენიალურ ნოტაზე და მარტში Doris Lessing-ის "The Grass Is Singing" აღმოვაჩინე ჩამოფასებულ წიგნებში. დორისის პირველი რომანი, სულ რაღაც 3 ევროდ :) რომანი სამხრეთ აფრიკაზე, რასისტულ შეხედულებებზე, ქალის როლსა და "ადგილზე" ოჯახში, ზოგადად, ოჯახის ნგრევაზე. თუ გიყვართ "შიშველი სიმართლის" სახეში შემოლაწუნების ხმა, წაიკითხეთ :D

სამხრეთ აფრიკიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში გადავინაცვლე, Kurt Vonnegut-ის "Mother Night"-თან. საინტერესო ფაქტია, რომ წიგნის უკანა ყდაზე ერთ-ერთი რეცენზიის ნაწყვეტი იყო დაბეჭდილი. რეცენზია ლესინგს ეკუთვნოდა. :)
მომეწონა Vonnegut. ვაპირებდი სხვა წიგნების გამოტანას, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა სიყვარულმა შემახსენა თავი და უარს როგორ ვეტყოდი?! :D

აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით, რომ ბატონ Chuck Palahniuk-ს აქვს ჩემს გულში პატარა ადგილი მითვისებული და ცოცხალი თავით არ თმობს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მისი წაკითხვის/გადაკითხვის დრო და ნებისმიერი წიგნის ცოტა ხნით გვერდზე გადადება მიწევს. წელს მისი ადრეული ნამუშევრები "Survivor "და " Invisible Monsters " მოხვდნენ სიაში და ახლახანს გამოსული "Damned", რომელიც ufff... გენიალურად დაიწყო, მაგრამ სუსტად დამთავრდა. :(
ხანდახან მგონია, რომ "Fight Club"-ისგან გათამამებული სხვა ყველა მის რომანს პირველის ჩრდილქვეშ ვაქცევ, მაგრამ რა ვქნა, ის საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის, სხვა სკანდალზე აგებული, სხვა ემოციებზე გათვლილი. "Fight Club" ჩემთვის არის არა მარტო ჩაკის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული, არამედ ერთ-ერთი ფავორიტი მთელ აქამდე წაკითხულ წიგნებში.
მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ერთ დღესაც ისევ დამცემს თავზარს მისი ახალი რომანი და გამიტანს და სადმე მიმამარხავს, ტიციანს რომ დავესესხოთ. :D

სიას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შიგადაშიგ ეტყობა იმდენად ვიღლებოდი, რომ "მზესუმზირის" ფუნქციის შემსრულებელ წიგნებსაც გადავხედე. Helen Fielding-ის Bridget Jones: The Edge of Reason-მა მშვენივრად შეასრულა ეს ფუნქცია. ბრიტანული იუმორი, მსუბუქი სიუჟეტი (damn, ამ სიტყვას ვიხსენებ 20 წუთია უკვე :D) და შოკოლადის ფილა... მეტროშიც გადასარევად იკითხება :D

გაგრძელება იქნება, ოღონდ ხვალ! "ახლა წავიდეთ, ვჭამოთ საჭმელი!" :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates