ტრადიციულად, წლის ბოლოს, როცა სხვები გასულ წელს აჯამებენ, მე იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც წავიკითხე. არ ვიცი, ამ სიის შედგენა როდიდან დავიწყე, მაგრამ ბავშვობიდან რომ იღებს ეს ჩვეულება სათავეს, ნამდვილად მახსოვს. წელს ბევრ მათგანზე ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა და ყოველთვის იქამდე გადავდე, სანამ უკვე ენთუზიაზმი ჩაიფერფლა.
იანვრის ამინდს და Jane Austen-ის რომანებს სულ ერთმანეთთან ვაკავშირებ. "Mansfield Park" და "Northanger Abbey"-ც რადიატორთან მოკალათებულმა წავიკითხე. ახლაც სინდისი არ მიშვებს, რომ ისევ გადავიკითხო საახალწლოდ მისი რომელიმე რომანი.... ისევ გამოცდა... მხოლოდ ამჯერად და ამ ეტაპზე, იმედია, ბოლო!
ჯეინიდან უფრო ახლო წარსულში გადავინაცვლე და Anne Sexton- ის "A Self-Portrait In Letters" წავიკითხე. გენიალურად ექსცენტრიული ქალი იყო, მე თუ მკითხავთ. წერილებში უფრო ჩანს, ვიდრე 100 ბიოგრაფიაში. იმდენად ზუსტად გადმოსცემს, როგორ სტკივა, ან უყვარს, რომ თავი შიგადაშიგ ემოციურად მუნჯი მეგონა, თუკი ასეთი გამოთქმა არსებობს ქართულში. მაგრამ ეს ინტენსიურობა ხშირად მის გარშემო მყოფებს საკმაოდ ღლიდა, რადგან მათგან აბსოლუტურ ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს ითხოვდა. ქრონოლოგიურად დალაგებულ წერილებში ჩანს, როგორ ებღაუჭება ადამიანებს და ხანდახან ატერორებს კიდეც და მერე, იმედგაცრუებულს როგორ გადააქვს მთელი თავისი ყურადღება ახალ "მსხვერპლზე".... ახლა ვხვდები, თავის დროზე რომ უნდა დამეწერა მთელი პოსტი, იმიტომ რომ ანაზე ერთ აბზაცში ვერ მორჩები საუბარს. ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს მახსენებდა.
დავრჩეთ ამ გენიალურ ნოტაზე და მარტში Doris Lessing-ის "The Grass Is Singing" აღმოვაჩინე ჩამოფასებულ წიგნებში. დორისის პირველი რომანი, სულ რაღაც 3 ევროდ :) რომანი სამხრეთ აფრიკაზე, რასისტულ შეხედულებებზე, ქალის როლსა და "ადგილზე" ოჯახში, ზოგადად, ოჯახის ნგრევაზე. თუ გიყვართ "შიშველი სიმართლის" სახეში შემოლაწუნების ხმა, წაიკითხეთ :D
სამხრეთ აფრიკიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში გადავინაცვლე, Kurt Vonnegut-ის "Mother Night"-თან. საინტერესო ფაქტია, რომ წიგნის უკანა ყდაზე ერთ-ერთი რეცენზიის ნაწყვეტი იყო დაბეჭდილი. რეცენზია ლესინგს ეკუთვნოდა. :)
მომეწონა Vonnegut. ვაპირებდი სხვა წიგნების გამოტანას, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა სიყვარულმა შემახსენა თავი და უარს როგორ ვეტყოდი?! :D
აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით, რომ ბატონ Chuck Palahniuk-ს აქვს ჩემს გულში პატარა ადგილი მითვისებული და ცოცხალი თავით არ თმობს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მისი წაკითხვის/გადაკითხვის დრო და ნებისმიერი წიგნის ცოტა ხნით გვერდზე გადადება მიწევს. წელს მისი ადრეული ნამუშევრები "Survivor "და " Invisible Monsters " მოხვდნენ სიაში და ახლახანს გამოსული "Damned", რომელიც ufff... გენიალურად დაიწყო, მაგრამ სუსტად დამთავრდა. :(
ხანდახან მგონია, რომ "Fight Club"-ისგან გათამამებული სხვა ყველა მის რომანს პირველის ჩრდილქვეშ ვაქცევ, მაგრამ რა ვქნა, ის საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის, სხვა სკანდალზე აგებული, სხვა ემოციებზე გათვლილი. "Fight Club" ჩემთვის არის არა მარტო ჩაკის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული, არამედ ერთ-ერთი ფავორიტი მთელ აქამდე წაკითხულ წიგნებში.
მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ერთ დღესაც ისევ დამცემს თავზარს მისი ახალი რომანი და გამიტანს და სადმე მიმამარხავს, ტიციანს რომ დავესესხოთ. :D
სიას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შიგადაშიგ ეტყობა იმდენად ვიღლებოდი, რომ "მზესუმზირის" ფუნქციის შემსრულებელ წიგნებსაც გადავხედე. Helen Fielding-ის Bridget Jones: The Edge of Reason-მა მშვენივრად შეასრულა ეს ფუნქცია. ბრიტანული იუმორი, მსუბუქი სიუჟეტი (damn, ამ სიტყვას ვიხსენებ 20 წუთია უკვე :D) და შოკოლადის ფილა... მეტროშიც გადასარევად იკითხება :D
გაგრძელება იქნება, ოღონდ ხვალ! "ახლა წავიდეთ, ვჭამოთ საჭმელი!" :D
Posts mit dem Label Jane Austen werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label Jane Austen werden angezeigt. Alle Posts anzeigen
17.12.11
23.12.10
წელს წავიკითხე (პირველი ნაწილი )
წინა წლის პოსტის შემდეგ, ტრადიციას არ დავარღვევ და წელსაც დავპოსტავ წიგნებზე, რომელთა წაკითხვაც მოვასწარი. ზოგი მათგანი, წესით, ბოლო ფურცლამდე არ უნდა მყოლოდა პატივში, მაგრამ წიკებს რა ვუთხარი მე და არ შემიძლია დაწყებული წიგნის გვერდზე გადადება.
დავიწყეთ:
დავიწყეთ:
- Karen Joy Fowler- Der Jane Austin Club.
რატომღაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. ეკრანიზება უფრო საინტერესო იყო. მე კიდევ მეგონა, ფილმში რასაც ვერ ასახავდნენ, წიგნში დამხვდებოდა. არც არაფერი...
- J.D.Salinger- Neun Erzählungen (Nine Stories).
- კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოთხრობების მოყვარული არ ვარ. აი, ახლა ვფიქრობდი და ვერაფრით გავიხსენე, რომელი მოთხრობები იყო ამ წიგნში. შეგრძნება მახსოვს მხოლოდ, რომ შიგადაშიგ გულიანად მეღიმებოდა. ალბათ იმიტომ არ მიყვარს, რომ ზუსტად მაშინ მთავრდება, როდესაც გმირებს, პეიზაჟს, სცენარს გავუშინაურდები ხოლმე.
- Eric- Emmanuel-Schmitt - Monsieur Ibrahim und die Blumen des Koran (Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran) და Das Kind von Noah(Noah's Child)
ნოველები სერიიდან "The Cycle of the Invisible". პირველ მათგანში ისლამზეა ყურადღება გამახვილებული. ძალიან ლამაზი, შეიძლება ვინმესთვის ოდნავ ბანალური ისტორია ებრაელი ბიჭისა და მუსულმანი ბაბუს მეგობრობაზე. მეორე კი, კუდამ აირჩია ბლოგერების წიგნის კლუბისთვის. დავაკოპირებ ჩემს კომენტარს კუდას ბლოგიდან:"მმმ, გემრიელი კომენატრის გაკეთება მინდოდა და სულ სადღაც გავრბოდი ეს დღეები.
არ ვიცი, რამდენად გემრიელი გამოვა, მაგრამ ვეცდები:
წინა წელს წავიკითხე პირველად. ისევე, როგორც კუდამ, ხელიდან ვერ გავაგდე.
წინა თვეში მეორედ რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ზუსტად ისევე სულმოუთქმელად ველოდი მოვლენების განვითარებას, როგორც პირველი წაკითხვისას. თითქოს,არ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ბოლოში.
საერთოდ, ჰოლოკასტზე და მეორე მსოფლიო ომზე ბევრი იწერება. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა ნეგატიურად. ანა ფრანკის დღიურიც რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი იყო უკვე იმისთვის, რომ გაეგო, რა ხდებოდა და რეალური ფაქტები უფრო მოქმედებს ადამიანზე.
მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტა იყო ყველაზე მომგებიანი ამ წიგნისთვის. თან ჩემთვის სუბიექტურად: როცა ომია და შენ 8 წლის ხარ და ფიქრობ და ვერ ხვდები, რატომ უნდა წახვიდე სადღაც შორს და უნდა დატოვო შენი სათამაშოები და ა.შ. და რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან,რომ ქართველი ხარ... და რა დააშავე ეგეთი კიდევ, რომ მაინცდამაინც ქართველი ხარ და ახლა ამდენი სათამაშოს დატოვება გიწევს... :D
ანუ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად გალამაზებული სიუჟეტისა, მჯეროდა იმ ყველაფრის, რაც იქ ეწერა.
ყველაზე მეტად დასასრული მომეწონა. შეიძლება ეგეთი პაციფიზმი თითიდან გამოწოვილი და არარსებულია, მაგრამ მე აბსოლუტურად ნეგატიურად ვარ განწყობილი პალესტინელების ჟლეტის მიმართ და ის ბოლო მესიჯი:"ახალ კოლექციას ვიწყებ" საკმაოდ ძლიერი იყო ჩემის აზრით.
რაც შეეხება იუმორს, ძალიან დახვეწილი და უმაგრესი იუმორი აქვს შმიტს. ასეთ თემატიკაზე რომ წერ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო იუმორთან, მაგრამ უმაგრესად გამოსდის."
- J.M. Le Clézio- Die Wüste (Desert)
ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც "ბლოგრების წიგნის კლუბის" წევრებმა წავიკითხეთ. ფრთხილად უნდა შევაფასო: რაღაც მომეწონა, რაღაც-არა. საერთო ჯამში, თუკი თქვენ ვერ უძლებთ 50-60 გვერდზე გაწელილი სიუჟეტებისგან შემდგარ წიგნებს, ნუ წაიკითხავთ. :D
- Jane Austen- Vernunft und Gefühl (Sense and Sensibility).
მიყვარს ეს თავისი დროისთვის გაბედული და პროგრესულად მოაზროვნე ქალი, საკმაოდ სევდიანი ბიოგრაფიით და გემრიელი რომანებით, რომლებიც ყოველთვის happy-end-ით მთავრდება, რაც მას და მის დას, კასანდრას, ცოხვრებაში ვერ გამოუვიდათ.
- Truman Capote - Frühstück bei Tiffany (Breakfast at Tiffany's)
რა დავწერო, არც ვიცი. ან მე ვერ დავაფასე სათანადოდ, ან სხვები იყვნენ ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ. გადავიკითხე, რა... მეტი არაფერი
- F. Beigbeder- Letzte inventur vor dem Ausverkauf (Dernier inventaire avant liquidation)
ბეგბედერისეული განხილვა მეოცე საუკუნის 50 საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრის შესახებ. საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე ჩვეულ სტილში დაწერილი.
- Haruki Murakami- Kafka am Strand (Kafka on the Shore) და Wilde Schafsjagd (A Wild Sheep Chase).
ჩემს კომენტარს გადმოვაკოპირებ "ხისსუნიანისახლი"-დან:"ჰმმმ...
დავიწყოთ კონსტრუქციულად:
წინა წელს წავიკითხე მურაკამის 2 მოკლე რომანი. იმდენად არ მომეწონა, რომ ბლოგზეც დავწერე ამის შესახებ.
სანამ აპრილის წიგნი დაანონსდებოდა, "კაფკა სანაპიროზე" (იმედია, ასე ითარგმნება) წავიკითხე.
და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ, სხვა თვალით შევხედე მერე ამ წიგნსაც.
მურაკამის მისტიური ლიტერატურა ვერაა მთლად ჩემი საქმე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჩამთრევია... მაგრამ მხოლოდ რაღაც ეტაპზე, ბოლოსკენ ისე ხლართავს, ან წელავს სათქმელს ან ღიად ტოვებს მოტივებს, რომ ენთუზიაზმი მეკარგება ხოლმე.
ისევე როგორც ამ წიგნში, წინაშიც და მგონი, მურაკამი არის თავად "საძიებლად წასვლა"... :)
ასევე მეორე ასპექტი: ყველა მის წიგნში რომელიმე გმირს რაღაც/ვიღაც ეუფლება და ამ რაღაცისგან განთავისუფლების გზების ძებნა არის მთავარი მოტივი. იმ უფრომო რაღაცეებში იმდენი რამის დანახვა შეიძლება: გნებავთ სტერეოტიპების, გნებავთ ყველა რელიგიის ღმერთის, გნებავთ "უცხოსი", რომელიც ძააალიან ძველი ფენომენია, არ შევჩერდეთ აქ.... რაც გნებავთ, წარმოიდგინეთ. მგონი, ამიტომ გახდა ბესტსელერი ავტორი, ვიწრო ნიშაში რომ არ მოაქცია ის "რაღაც".
რაც შეეხება ამ წიგნს: ბოლოში ცხვრის და მეგობრის დაკავშირება საკმაოდ ცუდად გამოვიდა, ან მე ვერ გავიგე: მთელი მარილი დაუკარგა ისტორიას. რაღაც დიდ კვანძის გახსნას ველოდი და დავრჩი ხახამშრალი :D
საერთოდ, ბევრგან ვერ შეკრა კვანძი. შეიძლება, მიზანმიმართულადაც...
საბოლოო ჯამში, შეიძლება dance, dance, dance წავიკითხო, თუ ძალიან არ დამეზარა და ჩავთვლი, რომ ამოვწურე მურაკამი, ან მან ამოწურა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები :D"
- Allice Walker- Die Farbe Lila (The Color Purple)
აფრო-ამერიკული ლიტერატურის წარმომადგენლისა და ასევე ფემინისტის რომანი, რომელიც მე, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან მომეწონა. თხრობის ენაც ძალიან ზუსტად ჰქონდა შერჩეული, სლენგებით და "ძალით დაშვებული" გრამატიკული შეცდომებით.
Labels:
2011,
Frederic Beigbeder,
Jane Austen,
Reader,
ავტორი,
წიგნი
Abonnieren
Posts (Atom)
