Posts mit dem Label ფობია werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ფობია werden angezeigt. Alle Posts anzeigen

09.04.12

ახალი ფობია სტუდიაში

პრე სკრიპტუმი: როგორ მეტყობა, რომ 4 დღეა სახლში ვარ და გავუსაქმურდი :D

"შიში შეიქმს სიყვარულსა"-ო, კი გვაზეპირებინეს სკოლაში, მაგრამ მე ცოტა პესიმისტური მიდგომა მაქვს ამ მოსაზრების მიმართ.

ბევრი რაღაცის მეშინია. ხშირად მისაუბრია პოსტებში ფობიებზე (ცოცხალი თავით ვერ დავიწყებ ახლა ლინკების ძებნას, სულ რომ ამაზე იყოს დამოკიდებული ჩემი მომავალი რეიტინგები :D).

კარცინოფობი რომ ვარ, ყველამ იცის. კიდევ ძაღლების რომ მეშინია. გველების ისე რომ მეშინია, რომ ფოტოზეც მაჟრიალებს და აბობოქრებული ზღვის შიში რომ სულ "პალიასტომის ტბის" ბრალია, კი ვიცოდი და ამ ახალი ფობიის სახელი თუ იცის ვინმემ, გამანათლოთ ეგება :D

მოკლედ, აქ ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავებს ესაუბრებიან . ჩემი ძმაკაცის ტერმინი იყო ადრე: "გიჟია და მარტოა"-ო, მაგრამ ესენი სრულიად ჯანმრთელი ადამიანები არიან, ალბათ, კონტაქტების დეფიციტით.

სამსახურში უკვე 3 შევამჩნიე ასეთი და ახლა გამიჩნდა შიში, რომ იქნებ, მეც ასე დავდივარ და საკუთარ თავს რაღაცეებს ვუტრაკებ/ვუხსნი და ვერ ვხვდები?
აი, ხომ არ შეიძლება, რომ არ იფიქრო და ჩვენც გამუდმებით ვფიქრობთ და იქნებ, მე შეუმჩნევლად "ხმამაღლა ვფიქრობ"?!

ახლა უმეტესობა, LOL-ო, მომწერს, მაგრამ მე სერიოზულად ვარ დასტრესილი. :D

ექიმებო და ფსიქოლოგებო, მოიწერეთ თქვენი იდეები, გთხოვთ.
დანარჩენებო, თქვენც გიფიქრიათ ამაზე?
ან სხვა უცნაური შიშები თუ გაქვთ, დატოვეთ კომენტარი. ვიღაც აუცილებლად აღმოჩნდება თქვენსავე სიტუაციაში, we are more alike than different.

Love,
Chaotic

23.04.11

რატომ არ მეშინია?!

მე მეშინია გველების.
პანიკაში მაგდებს ძაღლის ყეფა, თუმცა ჯერ არცერთ ძაღლს არ უკბენია ჩემთვის.
ძალიან მეშინია დენის. ძველ ყავის მადუღარაში რკინის კოვზით არ უნდა მოურიო, ფობია იცის.
მეშინია მოტეხილობების. ცოცხალი თავით ვერ გამაკეთებინებ რამეს, რის შედეგადაც შეიძლება მოუხერხებლად დავეცე და ხელი, ან ფეხი მოვიტეხო. ყველაზე კოშმარული ფანტაზია მაინც სახით დაცემაა. 5 წლის რომ ხარ და შენი პატარა ძმა ჩამოვარდება ტახტიდან და სახით დაეცემა, ფობიას იწვევს.
მეშინია აბობოქრებული ზღვის და არ ვეხუმრები ტალღებს, მითუმეტეს, როცა ცურვა არ ვიცი.
მეშინია დახურულ სივრცეში ყოფნის. ლიფტი 1 წამითაც თუ გაჩერდა, ვგრძნობ, როგორ ვისუნთქავთ ყველანი ჰაერს და როგორ აღარ გვეყოფა... lame, i know... მაგრამ მეშინია.
მეშინია კიბოთი დაავადების.


ანუ, მეშინია ისეთი რამეების, რასაც ვერ გააკონტროლებ.

მაგრამ...

არ მეშინია ადამიანების.
მუქარების, იმიტომ, რომ სუსტები იმუქრებიან და სუსტები, ძირითადად, პატივისცემის დაკარგვის მეტს ვერაფერს აღწევენ ჩემთან.

არ მეშინია, მითიური "კუნთებიანი, ხელში ქამრიანი" კაცის. ამ სურათზე"სუსტი" რაღა უნდა წარმოიდგინო.

და ბოლო პუნქტი შეიძლება ვიღაცისთვის უადგილო იყოს, მაგრამ გეშლებათ და hurting people do hurt people, ამიტომ დავწერ:
არ მეშინია მამაჩემის.
იმიტომ, რომ მამაჩემს არასოდეს დასჭირვებია ქამარი, მუშტი, გინება, მუქარა, სახლში გამოკეტვა, დამცირება, შეურაცხყოფა იმისთვის, რომ კუთვნილი, თავისი წილი "სიყვარული" გამოეძალა შვილებისგან.

შეიძლება, ჩემს რომელიღაც მეზობელს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მე დაბნელებისთანავე არ უნდა ვმჯდარიყავი სახლში, რომ მე გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავსულიყავი და მამაჩემს არ შემოუღრენია "იოცნებე"-ო.

შეიძლება, მათ თვალში საკუთარი შვილების ცემა, დასჯა ყველაზე სწორი აღზრდის მეთოდი იყო, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შვილებს თავისი ადგილი და მშობლების პატივისცემა ეცოდინებოდათ და არ გაბედავდნენ, არც იფიქრებდნენ შეცდომების დაშვებაზე, გადაწყვეტილების თავად მიღებაზე... ცხოვრების ბოლომდე სთხოვდნენ მათ მარშუტკის ფულს.

შეიძლება, მამაჩემმა ვერ გვიყიდა გუჩის და არმანის ბოლო სეზონის ზმანი, ვერ დაგვახვედრა ბანკეტის დღეს კართან მანქანა, ვერ გაგვიშვა დასასვენებლად ეგვიპტეში, მაგრამ, hey, მამაჩემმა მომცა ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მშობელმა მოგცეს:
  • თავისუფლება საკუთარ არჩევანში.
  • სიყვარული, აბსოლუტურად უპირობო, უულტიმატუმო.
  • მასწავლა ის, რომ რაც მიყვარს, არ უნდა მაშინებდეს, სხვა შემთხვევაში something's really wrong.

შეიძლება, მამაჩემმა საკუთარ არჩევანში ბევრი შეცდომა დაუშვა, ან ბევრი რამე დაკარგა, მაგრამ დედამიწაზე დადის 4 ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად უპირობოდ, უულტიმატუმოდ უყვარს.

და ამის მერე არ მოხვიდეთ ჩემთან და არ დამემუქროთ, არ შეეცადოთ, შემაშინოთ, არ იოცნებოთ, რომ მე იოტისოდენა პატივისცემა, ან სიყვარული მაინც შემრჩება ამის შემდეგ და არ დამაჯეროთ, რომ ამას "სიყვარულით" აკეთებთ.
იმიტომ, რომ ეს სიყვარული არაა და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე "უყვარდით", მაგრამ მე იგივეს უფლებას არ მოგცემთ!

Gosh, my dad rocks! <3

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates