Posts mit dem Label სიყვარული werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სიყვარული werden angezeigt. Alle Posts anzeigen

23.04.11

რატომ არ მეშინია?!

მე მეშინია გველების.
პანიკაში მაგდებს ძაღლის ყეფა, თუმცა ჯერ არცერთ ძაღლს არ უკბენია ჩემთვის.
ძალიან მეშინია დენის. ძველ ყავის მადუღარაში რკინის კოვზით არ უნდა მოურიო, ფობია იცის.
მეშინია მოტეხილობების. ცოცხალი თავით ვერ გამაკეთებინებ რამეს, რის შედეგადაც შეიძლება მოუხერხებლად დავეცე და ხელი, ან ფეხი მოვიტეხო. ყველაზე კოშმარული ფანტაზია მაინც სახით დაცემაა. 5 წლის რომ ხარ და შენი პატარა ძმა ჩამოვარდება ტახტიდან და სახით დაეცემა, ფობიას იწვევს.
მეშინია აბობოქრებული ზღვის და არ ვეხუმრები ტალღებს, მითუმეტეს, როცა ცურვა არ ვიცი.
მეშინია დახურულ სივრცეში ყოფნის. ლიფტი 1 წამითაც თუ გაჩერდა, ვგრძნობ, როგორ ვისუნთქავთ ყველანი ჰაერს და როგორ აღარ გვეყოფა... lame, i know... მაგრამ მეშინია.
მეშინია კიბოთი დაავადების.


ანუ, მეშინია ისეთი რამეების, რასაც ვერ გააკონტროლებ.

მაგრამ...

არ მეშინია ადამიანების.
მუქარების, იმიტომ, რომ სუსტები იმუქრებიან და სუსტები, ძირითადად, პატივისცემის დაკარგვის მეტს ვერაფერს აღწევენ ჩემთან.

არ მეშინია, მითიური "კუნთებიანი, ხელში ქამრიანი" კაცის. ამ სურათზე"სუსტი" რაღა უნდა წარმოიდგინო.

და ბოლო პუნქტი შეიძლება ვიღაცისთვის უადგილო იყოს, მაგრამ გეშლებათ და hurting people do hurt people, ამიტომ დავწერ:
არ მეშინია მამაჩემის.
იმიტომ, რომ მამაჩემს არასოდეს დასჭირვებია ქამარი, მუშტი, გინება, მუქარა, სახლში გამოკეტვა, დამცირება, შეურაცხყოფა იმისთვის, რომ კუთვნილი, თავისი წილი "სიყვარული" გამოეძალა შვილებისგან.

შეიძლება, ჩემს რომელიღაც მეზობელს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მე დაბნელებისთანავე არ უნდა ვმჯდარიყავი სახლში, რომ მე გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავსულიყავი და მამაჩემს არ შემოუღრენია "იოცნებე"-ო.

შეიძლება, მათ თვალში საკუთარი შვილების ცემა, დასჯა ყველაზე სწორი აღზრდის მეთოდი იყო, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შვილებს თავისი ადგილი და მშობლების პატივისცემა ეცოდინებოდათ და არ გაბედავდნენ, არც იფიქრებდნენ შეცდომების დაშვებაზე, გადაწყვეტილების თავად მიღებაზე... ცხოვრების ბოლომდე სთხოვდნენ მათ მარშუტკის ფულს.

შეიძლება, მამაჩემმა ვერ გვიყიდა გუჩის და არმანის ბოლო სეზონის ზმანი, ვერ დაგვახვედრა ბანკეტის დღეს კართან მანქანა, ვერ გაგვიშვა დასასვენებლად ეგვიპტეში, მაგრამ, hey, მამაჩემმა მომცა ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მშობელმა მოგცეს:
  • თავისუფლება საკუთარ არჩევანში.
  • სიყვარული, აბსოლუტურად უპირობო, უულტიმატუმო.
  • მასწავლა ის, რომ რაც მიყვარს, არ უნდა მაშინებდეს, სხვა შემთხვევაში something's really wrong.

შეიძლება, მამაჩემმა საკუთარ არჩევანში ბევრი შეცდომა დაუშვა, ან ბევრი რამე დაკარგა, მაგრამ დედამიწაზე დადის 4 ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად უპირობოდ, უულტიმატუმოდ უყვარს.

და ამის მერე არ მოხვიდეთ ჩემთან და არ დამემუქროთ, არ შეეცადოთ, შემაშინოთ, არ იოცნებოთ, რომ მე იოტისოდენა პატივისცემა, ან სიყვარული მაინც შემრჩება ამის შემდეგ და არ დამაჯეროთ, რომ ამას "სიყვარულით" აკეთებთ.
იმიტომ, რომ ეს სიყვარული არაა და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე "უყვარდით", მაგრამ მე იგივეს უფლებას არ მოგცემთ!

Gosh, my dad rocks! <3

29.01.11

Be Loud, Be Proud!

ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგო, რა აზრის ვარ სექსუალური უმცირესობების შესახებ. დამიფორვარდეს კითხვარი, რომელმაც ძალიან, ძალიან გამახალისა. მერე დავფიქრდი და სინამდვილეში, ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა კითხვის საგანი ხდება, რას იფიქრებდი, შენი ახლობელი "განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის" თუ "აღმოჩნდა".

სპეკულაციურ და მკითხველის მომზიდველ სკანდალურ თემებზე არ მიყვარს წერა. უფრო სწორად, არის საკითხები, რომლებიც ჩემი აზრით, არც კი უნდა იდგეს დღის წესრიგში.
.... მოიცა, რა უტოპიას ვეპოტინები ახლა მე?! როცა იმაზე მიწევდა წერა, როგორ გავუცხოვდი უცაბედად ახლობელი ადამიანებისთვის, მარტო იმიტომ, რომ ვამპის სტილის ფოტოები გადამიღო სახალისოდ მეგობარმა, კიდევ მგონია, რომ ერთი სქესის პარტნიორებში არაჩვეულებრივი არაფერია და ამაზე ხალხი არც კი უნდა დაობდეს?
ტყუილად მგონია....

და ვინაიდან, ბლოგზე როგორც წესი "მოღებული მაქვს პირი" ყველაზე და ყველაფერზე, ამ თემაზეც დავწერ და "ანონიმური გამოკითხვის" აუცილებლობაც გაქრება.
მაშ ასე:

- მაინტერესებს თუ არა, ნებისმიერ საქმეზე მისულს, რომ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს აგვარებს თავისივე სქესის პარტნიორი ჰყავს ?!
- არა! მე რა მაინტერესებს, იცით?! იმ საქმეს პროფესიონალურად ასრულებს თუ არა, რისთვისაც ამხელა გზაზე მივედი.

- მაინტერესებს თუ არა, რომ ჩემი ლექტორი საღამოს თავისივე სქესის ადამიანს ხვდება პაემანზე?
- არა! აი, ის კი ნამდვილად მაინტერესებს, როგორ ხსნის ლექციას და ზემოთხსენებული რატომ არ მაინტერესებს, იცით?! იმიტომ,რომ ჯერ არცერთ გამოცდაზე არ მოსულა კითხვა, რომელიც გავლილი საგნის გარდა, ლექტორის პარტნიორის თვალების ფერსაც ითხოვს პასუხად.

- მაინტერესებს თუ არა, გასართობად წასულს, მომსახურე პერსონალის სექსუალური ორიენტაცია?
- არა! ჩემს ინტერესებში ის უფრო შედის, გაიღიმოს, თავზე არ დამამხოს ანგარიში და თავისი საქმე აკეთოს სწორად.

- მაინტერესებს თუ არა, ჩემი შეფი, ან რომელიმე თანამშრომელი პარტნიორად ვის ირჩევს?
- არა! იმიტომ, რომ პროგრამა, რომლითაც ვმუშაობ ამით არ შეიცვლება და მე ფულს სწორედ ამ პროგრამის ცოდნაში მიხდიან! (ჩემს უფროსებსაც)

- მაინტერესებს თუ არა, ჩემი მეგობარი ჰომოსექსუალია, თუ არა?!
- აუცილებლად! იმიტომ, რომ მე, ზოგადად, ჩემი მეგობრები, მათი ამბები, მათი ბედნიერება მაინტერესებს.

იმიტომ, რომ, რის მეგობარი ვიქნები, თუკი ჩემი მეგობარი ჩემთან დამალავს, ვინ უყვარს?

იმიტომ, რომ მაშინ, როცა ჩემი მეგობარი პარტნიორთან იჩხუბებს (განმარტებისთვის: კი, იჩხუბებს, წყვილები ჩხუბობენ ხოლმე, ზოგადად.) და ჩემთან მოვა "მხარზე თავის დასადებად", მე სახლში ვიყო და ვუთხრა, რომ "ყველა ქალი/კაცი ერთნაირია" ( :D ) და რომ მე რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრის მხარეს ვარ. ან, პოზიტიურ ტალღაზე რომ გადავიდეთ, ისევე უდარდელად შეეძლოს ჩემთან საყვარელი ადამიანის რომანტიული ჟესტის თაობაზე სიხარულის გამოხატვა, როგორც ჩემს ყველა მეგობარს.

იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს მეგობარს უყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილიცაა (იმ დროის განმავლობაში მაინც, სანამ ჩემს მეგობარს უყვარს. შეიძლება მერეც.)და არაფრით გასხვავდება მეორე მეგობრის, ოღონდ სთრეითის პარტნიორისგან, რომელსაც ასევე უნდა შევეწყო და გავუგო.

- გავწყვეტ თუ არა ადამიანთან ურთიერთობას, იმის გამო, რომ მას თავისივე სქესის ადამიანები აინტერესებს?!
-დარწმუნებული ვარ, ამაზე სულელური კითხვა კიდევ ბევრი არსებობს, მაგრამ ამ პოსტის ჩარჩოებში რომ დავრჩეთ: ამაზე სულელური კითხვა ჯერ არ დაუსვამთ ჩემთვის :D

- მაინტერესებს თუ არა, ბლოგზე შემთხვევით მოხვედრილი ჰომოფობების "გინებიანი კომენტარები"?!
- გინება მერე უნდა ნახოთ, პასუხში. :D მას შემდეგ, რაც კომენტარი "არალოგიკურობის და არაკონსტრუქციული მსჯელობის" გამო წაიშლება! (დიახ, ჩემი ბლოგია და მოდერაციას მინდა გავაკეთებ, მინდა - არა :D ).

რა მინდოდა საერთოდ ამ პოსტით?
- ის, რომ ჰომოფობია არ არის cool !

- ის, რომ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ცოტა ადგილას თუ წააწყდები ტოლერანტულობას, თურმე არ უნდა ჩათვალო, რომ არის საკითხები, რომლებზე არც უნდა დაობდნენ და აუცილებლად, აუცილებლად წერო/ისაუბრო ამაზე.

- ის, რომ ყოველდღე სადღაც ვიღაც თინეიჯერი არ იკლავდეს თავს, იმის გამო, რომ "სხვანაირია" და რომ მობინგმა დაღალა.
- არ სჭირდებოდეთ მერე youtube-ზე "It gets better" მესიჯების დადება შინაარსით: მოითმინეთ ცოტაც, გადაყლაპეთ ეს შეურაცხყოფა და აი, ნახავთ, ყველაფერი დალაგდება.

- ის, რომ შეიძლება ეს პოსტი ბოლომდე არც არავინ წაიკითხოს, მაგრამ თუკი ვინმე წააწყდა, იცოდეს, რომ I care !

სულ ეს იყო, დაიშალეთ ახლა!

:D

16.01.11

finding hope

იმედი, როგორც არ უნდა უარვყოთ, მართლა ყოველთვის ბოლოს კვდება.
ხანდახან, როცა არ ელი, იქ იპოვნი და გაგეღიმება.
მაგალითად, ამ საიტებზე:

Love gives me hope
Kids give me hope

ის, რომ ვიღაცას შენი იმედით დღეს ულამაზებ, ან შენს ემოციას უზიარებ, ხომ არის ნეტის დიდი დამსახურება?!

დღეს მთელი დღე, ძალიან ჩვეულებრივი და უფერული დღე, გავატარე მეგობრებთან საუბარსა და ამ პატარა შეტყობინებების კითხვაში და საბოლოო ჯამში იმდენი პოზიტიური ენერგია დავაგროვე, აუცილებლად უნდა დამებლოგა და გამეზიარებინა. რა უცნაურია და ისევ სოც.მედიის საშუალებით :)

enjoy :)



ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის ფავორიტები:






26.01.10

მამები vs. შვილები

არ ვიცოდი, რა სათაური უნდა მიმესადაგებინა ამ თემისთვის.

ახლახანს სოფიმ ახსენა ფსიქოლოგიურ პორტრეტზე საუბრისას.
facebook-ზე რაღაც მამებთან დაკავშირებულ ჯგუფში გაერთიანდა რამდენიმე ბლოგერი, რასაც, რაღა თქმა უნდა არ გამოგვაპარებს ცუკერბერგის შვილი.

დალინკვა საშინლად მეზარება, ასე რომ, მე მაპატიეთ.


დღეს კიდევ სამსახურში ერთი თანამშრომელი შემოვიდა და მამა მიკვდებაო... :(
მე, საკმარისია," ვიღაც კვდება"-თი დამიწყო საუბარი და უკვე მზად ვარ პანაშვიდი დროზე ადრე მოვაწყო. სახე მომეღვენთა ეგრევე და ამ დროს ამ ქალმა თქვა, რომ წლებია მამამისთან კონტაქტი არ აქვს, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ... დეტალები შორს წაგვიყვანს, მაგრამ, მიდის სანახავად ახლა-უფრო დასამშვიდობებლად, ვიდრე საპატიებლად, არ გამომდისო და აბსოლუტურად დავეთანხმე. არის რაღაცეები, რაც არ გამოგდის.

ეს ქალი ისეთი ბრაზით საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გაუშვა მამამისმა ბევრი შანსი ხელიდან, ჯანმრთელობის მხრივ, ადამიანებთან ურთიერთობის აწყობის მხრივ. ვუსმენდი და მეგონა, იმიტომ უფრო იყო გაბრაზებული, რომ ასეთი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მამისგან სითბო არ ახსოვდა და რომ მამამისი ასე, აი, ხვალ თუ არა ზეგ კვდება და ამ ყველაფერს ჩაიტანს დაბლა.

მთელი ის დრო ჩუმად ვიჯექი და მერე რაღაც რომ მკითხა, ისეთი გაბზარული ხმა მქონდა, ეგრევე ყავის ჭიქა მივიყუდე, რომ არ დამეწყო საჯაროდ ღნავილი...

რა ჭირს შენი შესაცოდიო, ვიღაც მეტყვის და ვიღაც, ვისაც მამასთან ცუდი/დაძაბული ურთიერთობა აქვს, შეურაცხყოფადაც მიიღებს ამ წინადადებას, მაგრამ აი, საშინლად შემეცოდა. ყველაზე მეტი სითბო, რაც კი ვაგროვე დედამიწაზე, მამისგან მაქვს. ყველაზე უფრო მეიმედება მისი "ნუ ნერვიულობ", მაშინაც კი, როცა მართლა ცუდადაა საქმე და წესით, ძალიან უნდა ვნერვიულობდე. ყველაზე მეტად მისი საყვედური მეწყინება, თუ სადმე თვითშეფასების ნატამალი მომეპოვება, უმეტესწილად ამის გამო და ვერაფრით წარმომიდგენია, როგორი ვიქნებოდი ამ ყველაფრის გარეშე.

ხომ არის რაღაც სტერეოტიპი, რომელიც გაქვს სხეულში გამჯდარი და ვერ წარმოგიდგენია, სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს. ზუსტად მასე ვარ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მამის გეშინოდეს და გატრუნული იჯდე მთელი საღამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცუდ ხასიათზეა რატომღაც... ან, როგორ შეიძლება იმდენად არ გენდობოდეს, რომ მეგობართან გაგიშვას დაბადების დღეზე... ან გიყვიროს, ხელის გარტყმაზე რომ არაფერი ვთქვათ... ან არ დაგიყვავოს, არ მოგეფეროს, შენით არ იამაყოს... როგორ ახერხებენ მამები იყონ ისეთი ტირანები, რომ დროთა განმავლობაში საკუთარ შვილებს ეზიზღებოდეთ?

მაგიტომ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ტერორით და სიმკაცრით დიდ სამსახურს უწევენ სხვებს.

ერთხელ სადღაც წავიკითხე, მამის ოჯახთან დაძაბულმა ურთიერთობამ მასწავლა, როგორი არ მინდოდა ყოფილიყო ჩემი შვილის მამაო. გამორიცხვის მეთოდი ხშირად კარგია, მაგრამ მას თითქმის ყოველთვის სჯობს სწორი პასუხის წინასწარ ცოდნის პრივილეგია ;)

:totallyadoremydad:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates